Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწმფო მდივანი პაუელი ცდილობს დაძაბულობის შემცირებას პაკისტანსა და ინდოეთს შორის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, პაკისტანსა და ინდოეთში თავისი ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, ეჭვი გამოთქვა,

რომ ინდოეთის პროვინცია ქაშმირში ექსტრემისტი მაჰმადიანების ინფილტრაცია მართლაც შეჩერდა. ისლამაბადში, პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პაუელმა აღიარა, რომ დაძაბულობა მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის შედარებით მინევლდა

მუშარაფი ირწმუნება, რომ გაკეთდა ყველაფერი, რათა ისლამისტი ექსტრემისტები არ გადავიდნენ ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთს ეკუთვნის და სადაც სეპარატისტულ აჯანყებას 1989 წლის შემდეგ 60 ათასი ადამიანი შეეწირა.

“ეს უკვე აღარ ხდება. რასაც ინდოეთი ირწმუნება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია … ჩვენ აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია, ვინაიდან უკვე ყველაფერი მოვიმოქმედეთო,” თქვა მუშარაფმა. პაუელმა მას დელიკატურად მიანიშნა, რომ ბოლომდე არ სჯერა ამ სიტყვების.

სახელმწმიფო მდივანმა მოუწოდა ინდოეთსა და პაკისტანს, მოლაპარაკებები დაიწყონ. გასული ოქტომბრის შემდეგ პაუელი მესამედ იმყოფება რეგიონში და მისი თქმით, მან დაინახა იმის ნიშნები, რომ ორივე მხარე, შეიძლება დაინტერესებული იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით.

მართალია, ინდოეთი უარს ამბობს დიალოგზე იქამდე, სანამ ესტრემისტები, რომლებსაც ბაზა პაკისტანში აქვთ არ შეწყვეტენ ინდოეთის ქაშმირში შეღწევას.

მაგრამ პაუელი იმედს არ კარგავს. “დარწმუნებული ვარ, რომ თუ განვაგრძობთ სვლას იმ მიმართულებით, რომლითაც მივდიოდით ამ ბოლო თვეების განმავლობაში, როცა დაძაბულობა მცირდებოდა და გადადგმულ იქნა რამდენიმე საწყისი ნაბიჯი ესკალაციის შესაჩერებლად… უახლოეს მომავალში დიალოგი შესაძლებელი გახდებაო”, თქვა პაუელმა.

დელიში ყოფნისას კი პაუელმა ინდოეთის ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებისა და ინდოეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ქაშმირში თავისუფალი და პატიოსანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. არჩევნები ამ შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

პაუელმა თქვა აგრეთვე, რომ არჩევნების კანდიდატებისა და ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა მართებს როგორც პაკისტანს, ისე ინდოეთს.

“წარსულში ამ არჩევნების მასობრივი გაყალბება ხდებოდა, რასაც არც თვით ინდოელი კომენტატორები და ინტელექტუალები უარყოფენო,” თქვა პაკისტანის სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც საგრეო საქმეებს განაგებს, ინამ-ულ ჰაყმა პაუელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ინდოეთი ადანაშაულებს პაკისტანს, რომ ის აფინანსებს, ავარჯიშებს და ყოველნაირად ეხმარება ექსტრემისტებს ქაშმირში გადასვლაში. პაკისტანი, რომელიც ქაშმირის პროვინციის ერთ მესამედს აკონტროლებს, არ უარყოფს, რომ იზიარებს პარტიზანთა მისწრაფებებს, მაგრამ უარყოფს, რომ მათ მატერიალურად ეხმარება.

დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის განსაკუთრებით გაძლიერდა შარშან, ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც დელი ისლამაბადს ადაანაშაულებს, და რომლის შემდეგაც ორივე მხარემ საზღვარზე ძალების დაგროვება დაიწყო, რამაც მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია.

1998 წელს ორივე ქვეყანამ ბირთვული იარაღის გამოცდები მოაწყო. მაგრამ მათ არსენალებში შენახული ამ იარაღის არც რაოდენობა და არც ტიპი ცნობილი არ არის.

მიკროფონთან იყო ე.ლ. ფერვეზ მუშარაფს ისლამისტი ექსტრემიტები იმაში ადანაშაულებენ, რომ მან ქაშმირის საქმეს უღალატა და პრეზიდენტს ჩამოგდებითაც კი ემუქრებიან. მეამბოხეები ქაშმირის გაერთიანებას მოითხოვენ, შემდეგ კი სურთ, იგი ან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდეს ან პაკისტანს შეუერთდეს. შაბათს პაკისტანში დააკავეს მეოთხე პირი, რომელიც დაკავშირებული იყო მუშარაფის მკვლელობის მცდელობასთან სამხრეთი პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, მიმდინარე წლის აპრილში.
XS
SM
MD
LG