Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მესამე დღეა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. სხვადასხვა მონაცემით, რუსეთის მესაზღვრეებმა ასამდე ჩეჩენი მებრძოლი ალყაში მოაქციეს.

დანაკარგები ორივე მხარეს დიდია. რუსეთის სამხედროების განცხადებით, ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობიდან გადმოვიდნენ და ჩეჩნეთში შესვლას ცდილობდნენ.

პანკისის ხეობაში გამაგრებულ ჩეჩენ ბოევიკებთან დაკავშირებით ისევ იძაბება ვითარება რუსეთსა და საქართველოს შორის. ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი კალინინგრადში რუს ჟურნალისტებს ისევ უცხადებს, რომ პანკისის ხეობის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ რუსეთის სპეცრაზმის დახმარებითაა შესაძლებელი. პრეზიდენტი შევარდნაძე კი ბუნებრივად მიიჩნევს თავის დროზე საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ძალით გადმორეკილი ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების სურვილს:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ამჟამად, თავდაპირველი 7500 ლტოლვილის ნაცვლად, ხეობაში იქნება, ალბათ, 2500 ლტოლვილი. ადრე თუ გვიან, ისინიც დაბრუნდებიან სამშობლოში. ყველა მათგანს უნდა დაბრუნება, თითქმის ყველა მათგანს – ბავშვებიდან დაწყებული, დამთავრებული მოხუცებით და იმ მებრძოლებითაც. – მათ საქართველოში არაფერი ესაქმებათ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ისინი შეეცდებიან, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ და თავის სამშობლოში იცხოვრონ.”
სხვათა შორის, ოფიციალური თბილისიდან პრეზიდენტი შევარდნაძე ერთადერთია, ვინც არ უარყოფს, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე ბრძოლებში პანკისის ხეობიდან გადასული ჩეჩენი მებრძოლები მონაწილეობენ. ასეთ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს როგორც უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, ისე საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. ყოველ შემთხვევაში, ამ უწყებების განცხადებით, არც ქართველ მესაზღვრეებს და არც საზღვრის მონიტორინგის ეუთოს ჯგუფს საზღვრის დარღვევის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.
რუსეთის მხარე თითქმის დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთის მესაზღვრეები გადააწყდნენ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ჯგუფს, რომელიც პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში გადასვლას ცდილობდა. შეგახსენებთ: ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც აღიარა, რომ იგი, გელაევის დავალებით, ჩეჩნეთში უსაფრთხოდ გადასასვლელად მთის ბილიკებს ეძებდა. ასე რომ, დიდია იმის ალბათობა, ეს, მართლაც, პანკისის ხეობიდან გადასული ჯგუფი იყოს. სხვა საკითხია, ამჯერად როგორ მოიქცევა რუსეთი, რომლის ტაქტიკა აქამდე ფრიად სპეციფიკური იყო და ჩეჩენი ბოევიკების საქართველოს ტერიტორიისკენ შევიწროებაში გამოიხატებოდა. როგორც ჩანს, ამ სამხედრო სტრატეგიული გეგმის ჩანაფიქრით, რუსეთის სამხედროები სროლა-სროლით ჩეჩნებს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეჰყოლოდნენ. ჯერჯერობით ამ ტაქტიკამ რუსეთს არ გაუმართლა. ისევე, როგორც “შემთხვევით” საქართველოს ტერიტორიის დაბომბვამ. 29 ივლისს რუსეთის ავიაციამ ისევ ჩამოყარა ჭურვები. საქართველოს უშიშროების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ვერტმფრენები ისევ დაბომბავენ საზღვართან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს.
XS
SM
MD
LG