Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების ხელახალ დათვლას იწყებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 29 ივლისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ შეუდგება 2 ივნისის არჩევნებში მიცემული ხმების ხელახალ დათვლას თბილისის საარჩევნო ოლქში.

თბილისის საოლქო სასამართლომ ივნისის შუა რიცხვებში გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, აღსრულების დაწყება კი თვენახევრით დაგვიანდა. დაგვიანება იმითაც აიხსნება, რომ სასამართლო განიხილავდა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც, თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დენის დავითაშვილმა სამჯერ შეიტანა სარჩელი ხმების ხელახალი დათვლის წესის გამო. დღეს ეს წესი და პროცედურა საბოლოოდ დადგენილია, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამომავლოდ მაინც არ გამორიცხავენ უთანხმოებებსა და გაუგებრობებს გადათვლის დროს. ამ საკითხების შესახებ საუბარი მქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძესთან.

ხმების ხელახალი დათვლის დაწყება უამრავ კონკრეტულ დეტალს გულისხმობს: 4 ასეულ ტომარაში მოთავსებული ბიულეტენები დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის სარდაფში ალაგია. სარდაფში, კომისიის აპარატის თანამშრომელთა რწმუნებით, თაგვები და ვირთხები ბუდობენ, ასე რომ, ბიულეტენების ზედა სართულებზე ატანამდე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ძალისხმევა შეიძლება გახდეს საჭირო ხმების დამთვლელთა ჯანმრთელობის დასაცავად. ამავე დროს, შეიძლება გაუგო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსაც, როცა ისინი ოთახების კონდიციონირებას ითხოვენ – ოვალურ დარბაზში, სადაც ხმები უნდა დათვალონ, არ უნდა გაიღოს ფანჯარა (ხომ შეიძლება ვინმემ ბიულეტენები მოისროლოს). სამი ათეული ადამიანის დახშულ სივრცეში მუშაობა რვა საათის მანძილზე, წლევანდელ სიცხეში, კონდიციონირების გარეშე, მართლაც, წარმოუდგენელია. რაც შეეხება გადათვლის პროცედურას და წესს, ჯუმბერ ლომინაძის თქმით [ლომინაძის ხმა], “წინასწარ წესის დადგენა ძალიან ძნელია. წესი არის კანონი, მაგრამ იქ იმდენი რამ შეიძლება აღმოჩნდეს... შეიძლება კონვერტი არ იყოს, ხელმოწერა აკლდეს, ბევრი დარღვევის აღმოჩენაა მოსალოდნელი. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: იმუშავებს ხუთი ჯგუფი, 25 კაცი. გადათვლას დიდხანს მოვუნდებით, ახლა ვერ გეტყვით – რამდენს; ეს, ეტყობა, ერთი კვირის მერე გახდება ნათელი. თუ რამ პრობლემა წარმოიშვა, სასწრაფოდ მოვიწვევთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხის თაობაზე”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიულეტენები თავის დროზე ძალიან არასრულყოფილი სახით შემოვიდა კომისიაში, რაც, ნაწილობრივ, საარჩევნოდ დანიშნული საუბნო კომისიის წევრთა გამოუცდელობის ბრალიც იყო. მაგრამ ამას ახლა აღარაფერი ეშველება. ჯუმბერ ლომინაძის თქმით, კომისიის არაერთი წევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ხმების გადათვლას და ირწმუნება, რომ აქედან არაფერი გამოვა. მათი განწყობის მიუხედავად, ხელახალი დათვლა სამშაბათს, 30 ივლისს, დაიწყება. ჯუმბერ ლომინაძე მოსალოდნელი პროცედურის რამდენიმე დეტალს აკონკრეტებს [ლომინაძის ხმა]: “400 ტომარა იქნება დახარისხებული უბნების მიხედვით. ვთქვათ, კომისიის წევრები დღეში ითვლიან 2-3 უბანს. მე ვიღებ ამ უბნის მონაცემებს და ვამოწმებ თვითეულ ბიულეტენს, ვუყურებ საარჩევნო სიას, არის თუ არა ამდენივე ბიულეტენი, დევს თუ არა კონვერტში და ა.შ. იქნება 650 ათასი ბიულეტენი. ზოგი ამბობს, სარდაფიდან მეორე სართულზე რომ ამოვიტანთ, გზაში არაფერი მოხდესო. აიღოს და წამოგვყვეს ვიღაცა, მაგალითად, პრესის წარმომადგენელი. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, აუცილებლად საჯარო, რათა ხალხმა, მოსახლეობამ არჩევნების ნდობა დაიბრუნოს”.

საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ხმების დასათვლელი ოთახი უკვე აღიჭურვა მრავალი ტელეკამერით, რომელიც აღბეჭდავს გადათვლის პროცესს. სამომავლოდ არაერთი კოლიზია შეიძლება წარმოშვას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებმა არჩევნების გამო აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც ჯერ ამ ინსტანციაში არ განუხილავთ.
XS
SM
MD
LG