Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მე-4 რაუნდს არაერთი წერილი მიუძღვნა წინა კვირის რუსეთის პრესამ. ყურადღების მიღმა არც სუუამის ქვეყნების იალტის სამიტი დარჩენილა.

გესაუბრებით აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული ზოგიერთი წერილის შესახებ.

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მე-4 რაუნდისადმი მიძღვნილ წერილში 24 ივლისის გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ახალი პროექტის თავდაპირველი ვარიანტი რუსეთის მხარის მიერ იყო შემოთავაზებული და, არსებითად, გულისხმობდა რუსეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული კავშირის დამყარებას, რაც სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობასა და რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ითვალისწინებდა.

“მაგრამ რუსეთის სამხედრო ყოფნა თბილისმა მტკიცედ დაუკავშირა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას და ამ რეგიონში ქართველ დევნილთა დაბრუნებას. საბოლოო ჯამში, კომპრომისი არ გამოვიდა”.
“კომერსანტის” აზრით, “ხელშეკრულების უკანასკნელი ვარიანტები იმდენად ღარიბი გამოდგა, რომ ნაკლებსავარაუდოა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს, პრეზიდენტისადმი კეთილგანწყობის მიუხედავად”.

25 ივლისის “როსიისკაია გაზეტა” კი სხვაგვარად აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას. გაზეთის თქმით, “ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს საქართველოს აშკარა შემობრუნებას მოსკოვისკენ, რაც საქართველოსადმი დასავლეთის ინტერესის დაკარგვას უკავშირდება. ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთს შორის არსებული ჩაუმცხრალი კონფლიქტი სერიოზულ შლაგბაუმად ევლინება საქართველოს ნატოში შესვლის გზაზე. დასავლეთი, პირობითად რომ ვთქვათ, არ უშვებს თავის “სავანეში” იმ ქვეყნებს, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტების გადაწყვეტას სამხედრო გზით და, მით უფრო, სხვისი ხელით ცდილობენ. პანკისის ხეობაშიც ჯარისკაცების დაკარგვა სრულიად მიუღებელია ვაშინგტონისათვის. უმჯობესია კიდევ ერთხელ გამოუყო თბილისს ფული ტერორიზმთან საბრძოლველად. ეს გაკეთდა კიდეც სამშაბათს, როცა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა საგანგებო ხარჯების სახით 28,9 მილიარდი დოლარის გამოყოფა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც ეს ფულია განკუთვნილი, საქართველოც შეიყვანა”.

გაზეთის აზრით, “თბილისში მეტის იმედი აღარც აქვთ”.

“საქართველოში სულ უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ ისტორიული მოკავშირის – მეზობელი რუსეთის გარეშე ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება”, - წერს “როსიისკაია გაზეტა”.

22 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტა” გვამცნობს, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩის ვიკტორ ჩერნომირდინის აზრით, “სუუამის წევრი ქვეყნები რუსეთის გარეშე ვერ შეძლებენ რამდენადმე სერიოზული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას”.

ამასთან ერთად, სუუამის ქვეყნების იალტის სამიტისადმი მიძღვნილ წერილში ნათქვამია, რომ “აშშ-ს სრულიად საწინააღმდეგო პოზიცია უკავია: შტატები მზად არის სუუამის ორგანიზაციის ჩარჩოებში კონკრეტულ პროექტებს მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რაც ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს, და, ამასთანავე, დაინტერესებულია, დამკვირვებლის სტატუსი მიიღოს ამ ორგანიზაციაში”.

უილიამ ტეილორმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორია ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის საკითხებში, “ნეზავისიმაია გაზეტას,” აგრეთვე, განუცხადა, რომ “აშშ, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ერთად, რეგიონში რამდენიმე ნავთობსადენის არსებობით არის დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ნავთობის სატრანსპორტო დერეფნის არსებობა სუუამის ჩარჩოებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმავდროულად, ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ სუუამის ბედი, უპირველესად, თვით ამ ორგანიზაციის ხელშია”.
XS
SM
MD
LG