Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზო გაბრიაძემ ნიუიორკელი მაყურებელიც მოხიბლა


ნიუ-იორკის უდიდეს საკონცერტო დარბაზში, ლინკოლნის სახელობის ცენტრში, დიდი წარმატებით ჩაიარა თბილისის მარიონეტების თეატრის გასტროლებმა. ცნობილი ქართველი რეჟისორი,

66 წლის რეზო გაბრიაძე, ამერიკული პუბლიკის წინაშე წარდგა ორი გახმაურებული სპექტაკლით: "სტალინგრადის ბრძოლა" და "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა", რომელთა მიმართ ნიუ იორკის განებივრებული თეატრალური საზოგადოების ინტერესზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ყველა ბილეთი წინასწარვე გაიყიდა. სპექტაკლების თაობაზე საინტერესო რეცენზიები დაიბეჭდა გაზეთებში "ნიუ-იორკ ტაიმსსა" და "უოლ სტრიტ ჯორნელში". ხოლო 29 ივლისს, მარიონეტების თეატრის გასტროლებს საგანგებო რეპორტაჟი მიუძღვნა "რადიო თავისუფლების" კორეპონდენტმა ნიუ-იორკში ნიკოლა კრასტევმა, რომელმაც ჩვენი მსმენელისთვის სახელგანთქმული ქართველი რეჟისორისგან, რუსულ ენაზე, ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაიწერა. ამ გამოხმაურების თაობაზე უფრო ვრცლად კობა ლიკლიკაძისგან შეიტყობთ.

ბოლო ათი წელია, თბილისის მარიონეტების თეატრი-სტუდია ხშირად მართავს წარმოდგენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში, მაგრამ ამერიკას ცნობილი ქართველი რეჟისორი სულ მეორედ სტუმრობს. რეზო გაბრიაძის მიწვევით ნიუ იორკის ლინკოლნის სახელობის ცენტრის მესვეურებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ კულტურის სამკვირიანი ფესტივალი, რომელშიც წელს, თბილისის მარიონეტების თეატრის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების, ირანისა და სანკტ-პეტერბურგის ცნობილი დასები მონაწილეობდნენ.

”ლინკოლნ სენტერის” სცენაზე გაბრიაძის დასმა ორი სპექტაკლი წარმოადგინა: "სტალინგრადის ბრძოლა" და ქართულ ფოლკლორულ თქმულებაზე შექმნილი "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა".

"სტალინგრადის ბრძოლა" ერთგვარი რეკვიემია იმ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის ამ ქალაქის დაცვას შეეწირნენ და იგი მარიონეტული ხელოვნების, კონემატოგრაფისა და პოეზიის სინთეზს წარმოადგენს. როგორც ჩანს, თავდაპირველად გაბრიაძე შიშობდა, შეძლებდა თუ არა ამერიკელი მაყურებელი, ჩასწვდომოდა ამ სპექტაკლის ალეგორიას, მაგრამ შემდეგ, როგორც რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი აღნიშნავს, რეჟისორმა დაასკვნა, რომ თოჯინების ენა, ისევე როგორც ადამიანური ემოციები, უნივერსალურია.

[რეზო გაბრიაძის ხმა] "ადამიანი – ადამიანია. ის 44 კუნთი ადამიანის სახეზე, ყველგან ერთნაირია. ისინი ისევე უმუშავებდა [იულიუს] კეისარს, როგორც მე, თქვენ და თანამედროვე მაყურებელს. ჩანს, და ეს მე მახარებს, რომ თანამედროვე ამერიკელი მაყურებელი უაღრესად კეთილგანწყობილია. მას სურს, საქმის არსს ჩასწვდნენ. მისთვის ალბათ საინტერესოა, როდესაც ვიღაც მათ ვოლგის ნაპირებზე გამართული ყველაზე დიდი ბრძოლის შესახებ უყვება. და კარგია, რომ მათ ეს გულთან მიიტანეს."

რეზო გაბრიაძის შემოქმედება მოიცავს, ასევე, მხატვრობას, ქანდაკებას, პოეზიას, პროზას. რეჟისორი აღნიშნავს, რომ მისი ხელოვნების წარმმართველი მოტივი სიყვარულია. და მიუხედავად იმისა, რომ 66 წლის რეჟისორის ფორმირება საბჭოთა პერიოდში მოხდა, ამერიკულმა კინემატოგრაფმა და ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა მისი თაობის ჩამოყალიბებაზე. ცნობილ გვარებს შორის, როგორიცაა მარკ ტვენი, ჩარლი ჩაპლინი, ფრედ ასტერი და ლუი არმსტრონგი, გაბრიაძე ჯონი ვაისმიულერის შესრულებით შექმნილ ფილმ ტარზანსაც ასახელებს, რომელმაც კომუნისტურ სინამდვილეში თავისუფლების სულისკვეთება გააღვიძა.

[რეზო გაბრიაძის ხმა] "მე ხშირად ვსაუბრობ ტარზანზე და ვცდილობ, გავერკვე, თუ რა ხდებოდა, რატომ დაგვიპყრო მან ყველანი? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩაცმის მანერით და, შესაბამისად, სიარულის მანერითაც, ავეჯს მოგაგონებდნენ. და უცებ ვნახეთ ჯონი ვაისმიულერი, ტარზანი. ვინ გაბედავდა სტალინის დროს, ხიდან ეყვირა? ეს გამორიცხული იყო."

რაც შეეხება ახალ თაობას, გაბრიაძის შეფასებით, მისი თაობისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს საკუთარი ნიჭის ფართედ წარმოჩენის ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვთ.

[რეზო გაბრიაძის ხმა] "ისინი, ვთქვათ, კინოს წარმომადგენლები, მსოფლიო ენასთან წილნაყარი ხდებიან. ჩვენ მსოფლიოს კულტურის კონტექსტიდან ამოგდებული ვიყავით და ამან შინაგანად ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩვენზე. ახლა ისინი უკვე ეწერებიან, უბრუნდებიან ამ კულტურას და მათი აზროვნება უკვე ზოგადსაკაცობრიოა. და მიუხედავად იმისა, საბოლოო მიზანს ყველა მიაღწევს თუ არა, თავად ეს პროცესია ძალიან საინტერესო."

”ლინკოლნ სენტერში” გამართული პრესტიჟული ფესტივალი 28 ივლისს სწორედ ჩვენი თანამემამულის, რეზო გაბრიაძის სპექტაკლით - "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" დასრულდა.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაბრიაძე ამბობს, რომ იგი არ აპირებს ახალი სპექტაკლის დადგმას, რადგან ცნობილ რეჟისორსა და მწერალს დასამთავრებელი აქვს რომანი, რომელზეც აგერ უკვე 25 წელია, მუშაობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG