Accessibility links

logo-print

ლვოვში მომხდარ კატასტროფას მაღალი რანგის სამხედრო პირების დათხოვნა მოჰყვა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბოლო დროს უკრაინას ბედი არ სწყალობს. სამი კვირის წინათ ქვანახშირის მაღაროში მომხდარ ხანძარში 35 ადამიანი დაიღუპა. ერთი კვირის წინათ, კიდევ ერთ მაღაროში,

მეთანის გაზის აფეთქებას 6 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. სულ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინის მაღაროებში 3700 მეშახტე დაიღუპა.

მაგრამ გასულ შაბათს ლვოვის “სკნილივის” აეროდრომზე მომხდარმა ტრაგედიამ ყველაფერს გადააჭარბა. ავიაგამანდგურებელი სუ-27, რომელიც ავიაშოუზე მისულთ უმაღლესი პილოტაჟის ილეთებს უჩვენებდა, პირდაპირ მაყურებლებში ჩავარდა. დაიღუპა 83 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი. კიდევ 200-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 18 – სერიოზულად.

პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ უმალ გაათავისუფლა თანამდებობიდან შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი და იმ საჰაერო ნაწილის მეთაური, რომელიც ავიაშოუში მონაწილეობდა. სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური და კიდევ სამი გენერალი დაპატიმრებულ იქნენ.

პრეზიდენტის ეს სწრაფი მოქმედებები ფრიად განსხვავდება იმ რეაქციისგან, რომელიც მოჰყვა შარშან ოქტომბერში ავიაკატასტროფას, როცა უკრაინის ოფიციალური პირები რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ მათმა სამხედრო ძალებმა შეცდომით ესროლეს და ჩამოაგდეს რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე. მაშინ 78 ადამიანი დაიღუპა.

შაბათის საჰაერო შოუ მიძღვნილი იყო უკრაინის მე-14 ავიაკორპუსის მე-60 წლისთავისამდი. კუჩმამ განაცხადა, რომ აპირებს, საერთოდ აკრძალოს სამხედრო-საჰაერო პარადები. საჰაერო ძალების საქმე სამხედრო მოვალეობის შესრულებაა და არა მაყურებლების გართობაო, თქვა პრეზიდენტმა.

ევგენი მარჩუკმა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც სათავეში ჩაუდგა საგანგებო საგამოძიებო კომისიას, კატასტროფის ორი შესაძლო მიზეზი დაასახელა: სამხედრო-საჰაერო ძალების მოსამსახურეთა დაუდევრობა და თვითმფრინავის გაუმართაობა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სიღარიბე ცნობილია. სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომლებმა კვირას განაცხადეს, რომ სათადარიგო ნაწილები უკრაინას უკვე 10 წელია, არ შეუსყიდია.

“განა საჭირო იყო 60 წლისთავის აღსანიშნავად გრანდიოზული შოუს მოწყობა? განა ჩვენ ისეთი მდიდრები ვართ, რომ თავს ამის უფლება მივცეთ?” წერს გაზეთ “ვეჩერნიე ვესტის” კომენტატორი.

“კუჩმამ მოსპო არმია, ისევე როგორც ყველაფერი კარგი, რაც კი დარჩა საბჭოთა კავშირის მოსპობის შემდეგ. ახლა მან იპოვა პატარა ადამიანები და მათი დასჯით შოუ მოაწყო. ამ საშინელ ტრაგედიაში, თუმცა არაპირდაპირ, დამნაშავე თვით ლეონიდ კუჩმაა. კუჩმას ხელისუფლების სისტემაში არაპროფესიონალობამ უკვე დიდი ხანია შეცვალა პროფესიონალიზმი. და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა უდანაშაულო ადამიანებს,” აღნიშნავს მიმომხილველი.

გასაკვირი არ არის, რომ წამყვანმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იულია ტიმოშენკომ კუჩმას გადადგომა მოითხოვა. მაგრამ როგორც ლვოველმა პოლიტიკურმა კომენტატორმა ტარას ვოზნიაკმა აღნიშნა, ქალაქში ხალხი დანაღვლიანებულია და პოლიტიკის თავი არავის აქვსო.

“დღეს აეროპორტში მე დავინახე ვიღაც, ვინც ცდილობდა საუბრისთვის პოლიტიკური ხასიათი მიეცა, მაგრამ ხალხმა ამას მხარი არ დაუჭირა. გუშინ მოხდა ინციდენტი, რომელშიც ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკო იყო ჩარეული. ის ჩამოვიდა აქ და მთელი მისი ლაპარაკი იმას მიეძღვნა, რომ ხელისუფლება პრინციპში პასუხისმგებელია და სხვა ამგვარ რამეებს. მაგრამ მის პოზიციას ცოტამ თუ დაუჭირა მხარი.”

29 ივლისი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. კატასტროფის ადგილას სამგლოვიარო წირვა გაიმართა. ღვთისმსახურება მოეწყო ლვოვისა და უკრაინის სხვა ქალაქების ეკლესიებშიც.
XS
SM
MD
LG