Accessibility links

logo-print

საბჭოთა კულტურის ჩამოყალიბება 80 წლის წინათ


1922 წელს ლევ ტროცკიმ რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკების)

პარტიის ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც პირადად იოსებ სტალინს ახალგაზრდა მწერლების, მხატვრებისა და კომპოზიტორების მხარდაჭერას სთხოვდა. სტალინი უმალვე გამოეხმაურა ტროცკის წინადადებას და ეს ეპოქა “საბჭოთა კულტურის ჩამოყალიბების ხანად” შეაფასა. ხელისუფლება შემოქმედებით ინტელიგენციასთან ვაჭრობას იწყებდა. “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გადაცემაში მისი ავტორი გიორგი გვახარია გაიხსენებს, როგორ ყალიბდებოდა ბოლშევიკური ცენზურა ზუსტად 80 წლის წინათ.

1917 წლის 7 ნოემბერს, როცა ბოლშევიკებმა ეგრეთ წოდებული “ოქტომბრის რევოლუცია” წარმატებით დაასრულეს, მოსკოვის დიდ თეატრში აი, ეს მუსიკა ჟღერდა:

[მუსიკა ბალეტიდან “ბაიადერა”]

მინკუსის ბალეტი “ბაიადერა” და ბოლშევიკური გადატრიალება ერთად, რაღა თქმა უნდა, არ არის კონტრაპუნქტი. ეს ჩვეულებრივი კიჩია, რომელსაც დიდი თეატრის დირექცია თანმიმდევრულად ამკვიდრებდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, როცა საიმპერატორო დიდ თეატრს სახელი გადაუკეთეს და, უბრალოდ, “დიდი თეატრი” უწოდეს. რუსეთის მთავარ თეატრში უბრალოდ არ იმჩნევდნენ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც.

1922 წლის 12 იანვარს რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ დიდი თეატრის დახურვის შესახებ სპეციალური დადგენილება დაამტკიცა. ეს დოკუმენტი პირველად ცეკას პრეზიდიუმის წევრმა და მდივანმა აბელ ენუქიძემ გააპროტესტა. თუმცა, ენუქიძემ ვერ გაბედა სხდომაზე გამოეხატა თავისი პოზიცია და დიდი თეატრის დახურვის ამბავი ლუნაჩარსკის შეატყობინა, თანაც დაუმატა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი თეატრის დახურვას მოითხოვენ და შეცდომაში შეჰყავთ ცენტრალური კომიტეტი, გასამართლების ღირსნი არიან. აბელ ენუქიძე ლუნაჩარსკიმ მეორე დღეს, ლენინისადმი გაგზავნილ წერილში მოიხსენია – განათლების სახკომმა დიდი თეატრის დახურვის იდეა აბსურდულად მიიჩნია და ლენინისგან კატეგორიულად მოითხოვა, დაესაჯა ბარბაროსები.

“ნუთუ არ უნდა გვიხაროდეს – წერდა ლუნაჩარსკი, რომ ყოველ საღამოს, 2000 მაყურებელი, მათ შორის 500 მუშა, დროს ატარებს თბილ და ნათელ შენობაში, უსმენს მშვენიერ მუსიკას... თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ ყველას და ყველაფერს. ჩემი აზრით, თვალყურის დევნება ცეკასაც სჭირდება.”

ასეთივე შინაარსის, მაგრამ ბევრად უფრო მოკლე წერილი ლუნაჩარსკიმ მოლოტოვსაც გაუგზავნა და აბელ ენუქიძე იქაც მოიხსენია. ამბობენ, რომ ჩვენი თანამემამულე პოლიტბიუროში გამოიძახეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. მაგრამ საქმეში პირადად ჩაერია ლენინი და დიდი თეატრი დახურვას გადაურჩა. ერთადერთი, რაც ყოფილ საიმპერატორო თეატრის დირექციას მოსთხოვეს, რეპერტუარის “გათანამედროვება” იყო. ვინმე დეშევოვს დაუკვეთეს ბალეტი რევოლუციის თემაზე, რომლის დადგმა (სპექტაკლს ერქვა “წითელი გრიგალი”) მხოლოდ 1924 წელს მოხერხდა. 1922 წელს კი, როცა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო კულტურაში ცენზურის ამოქმედება, დიდი თეატრის სრულიად დაბნეული დასი საერთო კრებაზე, რომელსაც, სხვათა შორის, ცეკას პრეზიდიუმის რამდენიმე წევრი, მათ შორის ენუქიძეც დაესწრო, ახალი რეპერტუარის დამტკიცებას შეეცადა.

თეატრის დასმა გადაწყვიტა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ადეკვატური გამხდარიყო. მაგრამ რეპერტუარიდან ამოგდებული “ბაიადერა” “აქტუალური” ოპერითა თუ ბალეტით ვერ შეცვალეს. ერთადერთი სპექტაკლი, რომელიც ამ წელს დაიდგა, რიმსკი-კორსაკოვის 1908 წელს დაწერილი ოპერა “ოქროს მამალი” იყო. ამაზე უფრო თანამედროვე რუს ბოლშევიკებს არაფერი ჰქონდათ.

[მუსიკა ოპერიდან “ოქროს მამალი”]

“ჩვენ გვემუქრება საშიშროება, დავკარგოთ ის ახალგაზრდა პოეტები, მხატვრები და სხვები, რომლებიც ჩვენსკენ მოისწრაფიან” – ასეთი სიტყვებით დაიწყო ლევ ტროცკიმ თავისი წერილი, რომელიც 80 წლის წინათ რუსეთის კომპარტიის პოლიტბიუროს გაუგზავნა. ტროცკი დარწმუნებული იყო, რომ ბურჟუაზიული გამომცემლობები ახალგაზრდა ხელოვანთა მატერიალურ დაინტერესებას ცდილობდნენ, ამიტომაც იგი მოითხოვდა მოსკოვისა და პეტროგრადის მთავარ საცენზურო სამმართველოში ყოველ ხელოვანზე შექმნილიყო ინდივიდუალური დოსიე, რათა “ცენზურას ადვილად დაედგინა ავტორის პოლიტიკური პოზოცია.” სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლევ ტროცკი აღაიარებდა მოსკოველი და პეტერბურგელი ცენზორების უუნარობას, კარგად გარკვეულიყვნენ 20-იანი წლების ავანგარდის ესთეტიკაში. ტროცკი დარწმუნებული იყო, რომ ავანგარდი რაღაც კოდებით, იდუმალებით გამოირჩევა და ეს კოდები სავსებით შესაძლებელია, ბოლშევიკების ხელისუფლების წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული. იმისათვის რომ ცენზურას დაედგინა, თუ რამდენად საშიშია ავანგარდისტების მხატვრული ენა, მას თავად ავანგარდისტის პოლიტიკური ორიენტაცია და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი პირადი ცხოვრებაც კი უნდა შეესწავლა, შემდეგ კი ინფორმაცია უნდა გადაეცა პროლეტარი კრიტიკოსებისთვის, რომლებიც ასე უფრო ადვილად შეაფასებდნენ, ტროცკის სიტყვებით რომ ვთქვათ, “მათი შემოქმედების განვითარების გზას”.

“აუცილებელია სიმკაცრე და სისასტიკეც კი იმის მიმართ, ვინც მენშევიკი-ესერების გავლენას განიცდის” – წერს ტროცკი და იქვე ხაზს უსვამს, რომ ბოლშევიკებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკრძალონ მხატვრული ნაწარმოებები: უნდა ქვეყნდებოდეს ყველაფერი, რაც იქმნება, მერე კი კრიტიკოსებმა უნდა იყოჩაღონ (როგორც უკვე აღინიშნა, მოსკოველ-პეტროგრადელი ცენზორების დახმარებით) და ხალხს გააგებინონ, “ვინ ვინაა”.

ლევ ტროცკის წერილს პირველი იოსებ სტალინი გამოეხმაურა. მან პოლიტბიუროს შეატყობინა, რომ მხარს უჭერს ტროცკის მოსაზრებას. თუმცა, ეროვნებათა საქმეების მაშინდელმა სახკომმა დემონსტრაციულად უარყო ლევ ტროცკის სურვილი, ერთმანეთთან დაეახლოვებინა ცენზორი-ჩინოვნიკები და ბოლშევიკების მიერ დაქირავებული კრიტიკოსები. სტალინმა პოლიტბიუროს “მავნე ელემენტებთან” ბრძოლის სხვაგვარი ტაქტიკა შესთავაზა: “საბჭოთა კულტურის ჩამოყალიბების ხანა მხოლოდ ახლა იწყება – კონტრრევოლუციურ ელემენტებთან და ჯგუფებთან საბრძოლველად აუცილებელია შევკრათ, გავაერთიანოთ საბჭოურად განწყობილი პოეტები. აუცილებელია შეიქმნას, თუნდაც “რუსული კულტურის განვითარების საზოგადოება”, ან რაიმე ამის მსგავსი... კარგი იქნება ასეთი საზოგადოების მეთაურად დაინიშნოს უპარტიო, მაგრამ საბჭოურად განწყობილი პიროვნება, თუნდაც ვსევოლოდ ივანოვი.”

მაგრამ პოლიტბიურომ მოიწონა არა სტალინის, არამედ სწორედ ტროცკის წინადადება. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ განსხვავებულ ჯგუფებად დაშლილი საბჭოთა ავანგარდისტების გაერთიანება იმხანად სრულიად არარეალური იყო. სამაგიეროდ, ადვილი გახდა წერა-კითხვის მეტ-ნაკლებად მცოდნე კრიტიკოსების დაქირავება. საცენზურო კომიტეტი მათ ყოველ ხელოვანზე შედგენილ დოსიეს აცნობდა, რის შემდეგაც პრესაში ქვეყნდებოდა ე.წ. “რეცენზიები”. თავად პოეტებსა თუ მხატვრებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება არა იმდენად მათ შემოქმედებას, რამდენადაც ცხოვრებას აკონტროლებდა. ერთადერთი, რაც პოლიტბიურომ ტროცკის წერილის განხილვისას შეცვალა, სიტყვა “ცენზურა” იყო. ბოლშევიკებმა სხვა სიტყვა არჩიეს – “გოსიზდატი”.

გავა სულ რამდენიმე წელი და საბჭოთა ხელისუფლება ტროცკის წინადადებასაც დაიწუნებს. მოსკოველ და პეტროგრადელ ცენზორებს ყველა საბჭოთა ხელოვანზე დოსიეს შედგენა აშკარად გაუჭირდათ. განსაკუთრებით რთული იყო კონტროლი იმ რეგიონებზე, სადაც “გოსიზდატის” ფილიალები არ არსებობდა. ზოგან, თუნდაც საქართველოში, იმ კრიტიკოსთა დაქირავებაც ჭირდა, რომლებიც ცენზორებთან ითანამშრომლებდნენ. ცეკას პრეზიდიუმში ხვდებოდნენ, რომ კულტურაზე კონტროლის გამკაცრებისთვის პირველ რიგში ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფები უნდა დაეშალათ, უფრო სწორად, როგორც სტალინი აღნიშნავდა “ამ ჯგუფების გაერთიანებისთვის მიეღწიათ”, მერე კი ხელოვნურად გაერთიანებულ კავშირებში თავად მწერლები, მხატვრები გამოავლენდნენ “ანტისაბჭოურად განწყობილ ელემენტებს”.

გავა სულ ათი წელი და იოსებ სტალინი თავისას მაინც მიაღწევს. 1932 წელს შეიქმნა საბჭოთა მწერალთა კავშირი. 70 წლის წინათ კომუნისტური ცენზურის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის შესახებ ერთ კვირაში, “ოქროს საუკუნის” შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG