Accessibility links

logo-print

თეირანში ზნეობის ახალი პოლიცია მოქმედებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ივნისში თეირანის მცხოვრებთა ყურადღება მიიპყრო ახალმა

პატრულმა – უნიფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაკაცებმა, რომლებიც ირანის დედაქალაქის ქუჩებში შავ მანქანებს დააქროლებენ. ახალთახალი ლიმუზინები მიგვანიშნებს, რომ მათი მგავრები ელიტურ ძალას მიეკუთვნებიან. გარდა მსუბუქი იარაღისა, ქამრებზე მათ ხელყუმბარები ჰკიდიათ.

თავდაპირველად ამ ელიტურმა შენაერთმა სხვადასხვა ვარაუდები წარმოშვა. ზოგი ამბობდა, რომ ეს მედესანტე ანტიტერორისტული ძალებია, ასაფეთქებელი მასალების სპეციალისტები, რომელთა ამოცანაა, ბომბების პოვნა და მათი გაუვნებელყოფა.

მაგრამ მალე ყველამ დაინახა, რომ ახალი ძალა – ის რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლის –საზოგადოების საფრთხისგან დაცვას კი არ აპირებს, არამედ პირიქით, სდევნის იმ ახალგაზრდებს, ვინც უსმენს მუსიკას და ქალებს, ვისაც სათანადოდ გრძელი სამოსი არ აცვია. ივნისის ბოლოს გამვლელ-გამომვლელებს თავზარი დასცა სცენამ, რომლის შესახებ ჩვენი რადიოს სპარსულ სამსახურს ერთ-ერთმა თეირანელმა თვითმხილველმა მოუყვა ტელეფონით:

[ირანელი თვითმხილველის ხმა] “ისინი მწვანე უნიფორმას ატარებენ, წელზე ხელყუმბარა ჰკიდიათ, ატარებენ ავტომატურ პისტოლეტს და აქვთ ახალი შავი “ტოიოტები”. ერთ-ერთმა მათგანმა გააჩერა ქალი, რომელსაც მოკლე პალტო ეცვა, გაკიცხა მაკიაჟისთვის, შემდეგ ჩასცხო წიხლი ფეხებს შორის ისეთი ძალით, რომ მისმა სისხლმა პალტო შეღება. ერთმა მათგანმა ჯიბეები გაუჩხრიკა, ხოლო მეორემ სტაცა ხელი და თავი მანქანის ფანჯარას მიახალევინა. შუშაზე ქალის სისხლი დარჩა. ვიდრე გაათავისუფლებდნენ, უბრძანეს მანქანა სისხლისგან გაეწმინდა”.

ამ რაზმმა თითქმის ერთი თვე ითარეშა ვიდრე პოლიციის დეპარტამენტი ოფიციალურად ამცნობდა საზოგადოებას მის დანიშნულებას. ირანის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ჰასან ზაკერიმ გაზეთ “ეტელაატს” უთხრა, რომ შექმნილია 60 საგანგებო პატრული საზოგადოებას დასაცავად.

მისი სიტყვით, ახალი ძალა დააპატიმრებს ნარკომანებს, სდევნის იმ ქალებს, რომელთა ქცევა ისლამს არ შეესაბამება. არაისლამური საქციელი გულისხმობს წვეულებების გამართვას, მუსიკის მოსმენას, ალკოჰოლის დალევას, ან ქალისა და კაცის, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არ არიან, საზოგადოებაში ერთად გამოჩენას. ყოველივე ეს ისჯება ჯარიმით, პატიმრობით ან გაროზგვით.

ახლი ჯგუფის სახელია “იეგან-ი ვიჟე” ანუ უბრალოდ საგანგებო ერთეული და ის ემატება მოხალისეთა, ნახევრად-ოფიციალური და რეგულარული პოლიციის უკვე არსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც თვლიან, რომ მოწოდებული არიან, დაიცვან საზოგადოების ზნეობა. მათ შორის აღსანიშნავია: ანსარ-ი ჰეზბოლას ფუნდამენტალისტურ ჯგუფთან დაკავშირებული რაზმები, რომლებიც თარეშობენ პარკებში, სავაჭრო ცენტრებში ტუქსავენ და ზოგჯერ სცემენ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არ არიან; კვაზი-სახელმწიფოებრივი ერთეულები, რომელთა ამოცანაა უბიწოების დაცვა და მანკიერებს დასჯა, რომლებიც იჭრებიან ოჯახებში გამართულ წვეულებებზე და აპატიმრებენ სტუმრებს, ამოწმებენ რესტორნებს, რათა არავინ გამართოს იქ წვეულება და არ მოუსმინოს მუსიკას. მორალის ამ მრავალრიცხოვან დამცველებს შორის კიდევ ერთი ჯგუფი შესამჩნევი არ იქნებოდა, მისი საგანგებოდ ძალადობრივი საქციელი რომ არა.

ივნისის ბოლოს, რეფორმისტული ყოველდღიური გაზეთის, “ნოროუზის” სარედაქციო სტატიამ მოითხოვა ოფიციალური განმარტება: რატომ შეიქმნა ახალი ერთეული, რა შედის ზუსტად მის მანდატში და როგორ აპირებს ის მის განხორციელებას. სტატია სვამდა კითხვას, რამდენად აუცილებელია “ყოველდღე და დედაქალაქის ყოველ კუთხეში ათობით ახალგაზრდის დაპატიმრება” მათი ჩაცმულობისა თუ საქციელის გამო და აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ზომები ახალგაზრდობის გაუცხოებას გამოიწვევს.

კრიტიკოსებს შორის იყვნენ პარლამენტის რეფორმისტი წევრები, და ზოგიერთი ცნობით, დაზვერვის სამინიტროც კი, რომლემაც პოლიციას მოსთხოვა, მოაცილოს თეირანის ქუჩებს საგანგებო პატრული.

ზოგიერთი მიმოხილველის თქმით, კრიტიკამ ნაყოფი გამოიღო. ბოლო დღეებში საგანგებო პატრული ნაკლებად ჩანს. როგორც თეირანელი იურისტი, ნემატ აჰმედი აღნიშნავს, კრიტიკით გამოვიდნენ ოფიციალური პირები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები და ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭო და უშიშრობის სამსახურის უმაღლესი პირი, სარდარ ღალიბაფი იძულებული გახდა კრიტიკისთვის ეპასუხა.

ახალი ძალის გამოჩენა განსაკუთრებით აშფოთებს რეფორმატორებს, რომლებიც პოლიტიკური და პერსონალური თავისუფლებების გაფართოებას მოითხოვენ და რომელთა წინააღმდეგ სისტემატურად ილაშქრებენ კონსერვატორები. დაიხურა რეფორმატორთა რამდენიმე გაზეთი. ამას წინათ სააპელაციო სასამრთლომ უცვლელად დატოვა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რეფორმატორთა უდიდესი გაზეთის “ნოროუზის” აკრძალვის შესახებ.

ახალმა პატრულმა განაახლა საჯარო გაროზგვებისა და საჯარო ჩამოხრჩობის პრაქტიკა, რაც რეფორმატორებს ყოვლად მიუღებლად მიაჩნიათ. შარშან ზაფხულში, 45-მდე მამაკაცი, დააპატიმრებული ალკოჰოლის სმისა თუ არანათესავი ქალის თანხლებისთვის, საჯაროდ გაროზგეს დედაქალაქში და ამ სცენას თეირანში შაბათ-კვირას დასასვენებლად ჩასული ათაობით ოჯახი შეესწრო.
ახალი პატრულის გამოჩენა მიუთითებს, აგრეთვე, იმაზე, რომ კონსერვატორები, რომლებიც აკოტროლებენ ქვეყნის მართლმსაჯულებისა და უშიშროების სისტემებს, იზიდავენ ახალგაზრდებს საზოგადოების იმ ნაწილთან გასასწორებლად, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს. ნემატ აჰმედის თქმით, თავდაპირველად იყო ხმები, თითქოს საგანგებო პატრულში მსახურობენ არაირანელები და ღატაკი ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდები. მაგრამ ეს მართალი არ გამოდგა. გამოირკვა, რომ ესენი არიან ჯარში ნამსახურები და უნივერიტეტების კურსდამთთარებულნი, რომელთაც უშიშროების სისტემა მუდმივ სამუშაო ადგილსა და მყარ შემოსავალს სთავაზობს.

მუდმივი სამუშაო ადგილი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ირანის მოსახლეობის ორი მესამედი 30 წლის არ არის, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება ისეთი ტემპებით, რომ უზრუნველყოს ეს ახალგაზრდობა სამუშაო ადგილების საკმარისი რიცხვით. ბრიტანეთის ყოველკვირეულ “ეკონომისტის” ცნობით, ირანის შრომის ბაზარს ყოველწლიურად ერთ მილიონამდე ადამიანი ემატება, მაგრამ სამუშაო ადგილი ნახევარ მათგანსაც არ ჰყოფნის. უმუშევრობის დონე, არაოფიციალურად, 18 პროცენტს აღწევს და ეს ციფრი განუხრელად იზრდება.
XS
SM
MD
LG