Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა შიშობს, რომ პური გაძვირდება


პურის შესაძლო გაძვირების თემა საქართველოში ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პური ხშირად ერთადერთ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს.

ამჯერად ამ მტკივნეული თემის გამწვავება საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლში (2002 წლის 25 ივნისს) შეტანილი ცვლილებების თანახმად, პურის მწარმოებლებს ფიქსირებული გადასახადი დაუწესდათ: 320 ლარი – მოქმედი ღუმელის საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე და 400 ლარი – თითოეულ თონეზე. კოდექსის იგივე მუხლი იტყობინება, რომ თუკი მწარმოებელი ფქვილის ლეგალურად შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს, მისთვის 320 ლარი – 90-ით, ხოლო 400 ლარი – 200-ით შეიცვლება.

აღნიშნულ საგადასახადო ცვლილებებს, რომლებიც ძალაში 29 ივლისს შევიდა, პურის მწარმოებელთა წარმოუდგენელი ვნებათაღელვა მოჰყვა. თუკი აღელვებულ მეწარმეთა ერთი ნაწილი გაკოტრებისა და მცირე ბიზნესის ჩაძირვის პროგნოზს აკეთებს, მეორე ნაწილი პურის გაძვირებით იმუქრება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამგვარმა განცხადებებმა მოსახლეობის ხელმოკლე ნაწილი (განსაკუთრებით – მარტოხელა პენსიონერები) ნამდვილ საგონებელში ჩააგდო. საგულისხმოა, რომ 1996 წლიდან მოყოლებული პურის ფასს არა სახელმწიფო, არამედ ბაზარი არეგულირებს და ყოველი მეწარმე თავისი პროდუქციის ფასს მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპის მიხედვით აწესებს.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები პატიოსან მეწარმეს არ შეავიწროებს და არც პურის გაძვირებას გამოიწვევს. სწორედ ამ აზრისაა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლევან ჩრდილელი, რომელიც ფიქსირებული გადასახადის შემოღებას, ამავე დროს, ფქვილის იმპორტის ლეგალიზებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. საგულისხმოა, რომ, არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული ფქვილის 60 პროცენტი სწორედ კონტრაბანდას წარმოადგენს.

სხვათა შორის, საგადასახადო ცვლილებებით უკმაყოფილო მეწარმეთა უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ ისინი თავიანთი წარმოებისთვის, ძირითადად, კონტრაბანდულ ფქვილს მოიხმარენ, რადგანაც ძალიან იაფი უჯდებათ. ფიქსირებული გადასახადის მომხრე ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ დაბეგვრის ამგვარი მექანიზმი არალეგალური ფქვილის რეალიზებას აზრს დაუკარგავს, რადგანაც ის მეწარმისთვის არამომგებიანი გახდება. კიდევ უფრო ოპტიმისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ არამომგებიან კონტრაბანდულ ფქვილს შიდა სამომხმარებლო ბაზრიდან თანდათან ადგილობრივი ხორბლის ფქვილი განდევნის და ამით ფერმერებსაც ეშველებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტის უფროსი ომარ კაჭარავა აცხადებს, რომ ფიქსირებული გადასახადის შემოღება დარგში არსებულ კონტრაბანდასა და ჩრდილოვან ეკონომიკას წარმატებით შეებრძოლება.

ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე და აცხადებს, რომ ფიქსირებული გადასახადის შემოღება ჩრდილში მოქმედი პურის მცირე საცხობების რიცხვსა და, შესაბამისად, კორუფციასაც გაზრდის. თუმცა, ხსენებული საკითხისადმი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იგი არ უარყოფს, რომ (ხსენებული საგადასახადო ცვლილებების გამო) პურის ფასს გაზრდის საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG