Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროექტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის არის განკუთვნილი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2001 წლის თებერვლიდან ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით “რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობისა

და სურსათის სამინისტროსათვის რესტრუქტურიაზაციისა და სტრატეგიის საკითხებში”.

პროექტის მიზანია დაეხმაროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმდინარე რეფორმის განხორციელებაში. ეს კი, ძირითადად, გულისხმობს სამინისტროს გარდაქმნას ისეთ უწყებად, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქმედითუნარიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული იქნება.

პროექტი ამა წლის აგვისტოში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მომავალი წლის ბოლომდე გასტანს. სოფლის მეურნობისა და სურსათის სამინისტროსათვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებამდე საკმაოდ ბევრი დრო დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტის ხელმძღვანელი დონალდ ვან ატა აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, განვლილი ათწლეულის განმავლობაში სამინისტროს მუშაობა, არსებითად, მოშლილი იყო. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ინფორმაცია არც კი არსებობდა, მათ შორის, სამინისტროს მოვალეობების, რეალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასამართლო დავების შესახებ და ა.შ. და ა.შ. ამიტომ აუცილებელი გახდა, რომ, სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად, საქმის არსს ჩასწვდომოდნენ და ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაზე ეზრუნათ.

როგორ აფასებს დონალდ ვან ატა გაწეულ მუშაობას?

[ვან ატას ხმა] “ვფიქრობ, მეტნაკლებად, წარმატებით გავართვით თავი ამ ამოცანას. ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი დაამუშავა იმისათვის, რომ სამინისტროს თავი დაეცვა სხვადასხვა ორგანიზაციის პრეტენზიებისაგან. შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ სამინისტროში არსებობდა ფსევდოპრივატიზებული სააქციო საზოგადოებები, რომლებშიც, სახელმწიფო აქციების 100%-ს ფლობდა”.

ამგვარი ინფორმაციის მოპოვება მეტად მნიშვნელოვანია საბაზრო ურთიერთობების პირობებში, როცა სამინისტრო აღარ მართავს დარგს და, ძირითადად, პოლიტიკის შემუშავებით არის დაკავებული.

შემდგომ ეტაპზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ჩარჩოებში განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რეფორმა. მაგალითად, ჩატარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეფორმირება - 8 დეპარტამენტი 4-მდე შემცირდა, შემუშავდა ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის ახალი პროცედურები, განხორციელდა სამინისტროს ბუღალტერიის აუდიტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

რაც შეეხება სამინისტროს ახალი სტრატეგიის შემუშავებას. როგორც დონალდ ვან ატა აღნიშნავს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგია, საბჭოთა პერიოდის მსგავსად, მაქსიმალური პროდუქციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და თითქმის არანაირად არ ითვალისწინებდა რეალურ ვითარებას და მომხმარებლის ინტერესებს. დღეისათვის კი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია, მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციით და მწარმოებელმა უნდა იცოდეს, რომ მის მთავარ ამოცანას პროდუქციის მომგებიანად გასაღება წარმოადგენს.

ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული ამოცანა, რომლის შემუშავებაც პროექტის ჩარჩოებში მოხდა, აგროსექტორის საერთო სტრატეგიის განახლებასა და გაუმჯობესებას დაუკავშირდა.

საინტერესოა, რას ფიქრობს ამ კონტექსტში ამერიკელი სპეციალისტი ქართველი ფერმერების შესაძლებლობებზე?

დონალდ ვან ატას თქმით, დღეისათვის სოფლის მეურნეობა მაინცდამაინც პერსპექტიული დარგი არ არის – მსოფლიო ბაზარი ისედაც გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით.[ვან ატას ხმა] “მაგრამ ვინაიდან სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ძირითადი დარგია საქართველოსთვის, ამიტომ არჩევანი შეზღუდულია და რაღაცის წარმოება და გაყიდვა, უბრალოდ, საჭიროა. საქართველოში არიან ჭკვიანი ადამიანები და, გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ამ დარგში წარმატებების მიღწევა”.
XS
SM
MD
LG