Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიაში გამეფებული ქაოსი საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს


გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის ფონზე საქართველოში მიმდინარე პენტაგონის "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა კვლავაც რჩება საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ცენტრში.

ამასთან, თუ საქართველოში ბევრი კვლავაც ეჭვის თვალით უყურებს არმიის მომავალს, უცხოელი ექსპერტები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ამერიკელთა დახმარებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა ამაღლდება. თუმცა, მიმომხილველებს არც იმის ხაზგასმა ავიწყდებათ, რომ პროგრამის წარმატება, პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. ამ პრობლემას მიეძღვნა საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" 29 ივლისს გამოქვეყნებული თომას ბრეიდის სტატია, რომლის შინააარსსაც კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.

11 სექტემბრის ტრაგედიის შედეგად, საკუთარი ინტერესების კიდევ უფრო მეტი ენერგიულობით წარმოჩენა, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პირველი რიგის ამოცანად იქცა. თანაც, ეს ახალი ორიენტირი არა მხოლოდ ეროვნული კათარზისის თვალსაზრისთ აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი, არამედ უნიკალური შესაძლებლობა მისცა სხვა ქვეყნებსაც, შეეცვალათ საკუთარი პოზიცია.

ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ტერორისტების შეტევით მოგვრილი შოკის შემდეგ, თანადგომა აშშ-ს იმ ქვეყნებმა გამოუცხადეს, რომელთაგან ვაშინგტონი ამას ნაკლებად მოელოდა. "უდრეკი თავისუფლების" სახელწოდებით ცნობილი ოპერაციის დაწყებისთანავე, ანტიტერორისტთა ბანაკში, რუსეთთან ერთად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც აღმოჩნდნენ.

თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციამ, რომლის მთავარი მიზანი გლობალური ტერორიზმის დევნა-განადგურება გახლდათ, დაქსაქსულ ძალთა სხვა ფრონტებზე შესაძლო გადაადგილების ალბათობა წარმოშვა. ტერორისტების თავშეყრის ერთ-ერთ შესაძლო მონაკვეთად საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებიც იქნა მიჩნეული.

ამიტომ 2001 წლის შემოდგომაზე, ამერიკის შერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უყოყმანოდ მიიღო თანხმობა სწრაფი სამხედრო დახმარების თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "წვრთნისა და აღჭურვის" ორწლიანი პროგრამის შედეგად 2000 ქართველი ჯარისკაცისგან ელიტარული მრავალფუნქციური ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება.

ამასთან, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები არა მარტო ანტიტერორისტული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან ქართველ ჯარისკაცებს, არამედ ცდილობენ, მათ რწმენა და მომავლის იმედი ჩაუსახონ. დაახლოებით 30 000-კაციან საქართველოს შეიარაღებული ძალებს, დღეს არა მხოლოდ ფინანსების პრობლემა აწევს მძიმე ტვირთად, არამედ კორუფციის მაღალი დონე და საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ოფიცერთა კადრების არსებობა.

”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას ექსპერტები ადარებენ 90-იანი წლების ბოლოს აფრიკის კრიზისის დასაძლევად კონტინენტის დასავლეთ ნაწილში განხორციელებულ პროგრამას, რომელიც მასში ჩართულ ადამიანებს ყველაფერს ასწავლიდა - სამშვიდობო საქმიანობით დაწყებული და პირველადი სამედიცინო დახმარებით დამთავრებული.

თომას ბრეიდი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველო უშუალოდ ესაზღვრება ჩეჩნეთს და მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში, საქართველოს არმიაში მიმდინარე ქაოსი საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს.

როგორც ქართველი მიმომხილველები აღნიშნავენ, პროგრამის პირველ მნიშვნელოვან შედეგად უნდა ჩაითავალოს კრიზისის კონტროლისა და მართვის ცენტრის ჩამოყალიბება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს საბჭოეთის კვალობაზე მკაცრად ცენტრალიზებული თავდაცვის სამინისტროს მართვას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს სამხედრო უწყებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

მაგრამ ამერიკის ძლიერი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი საჩუქრად არ უნდა ჩაითვალოს. მეტიც, იგი არის ერთგვარი გამოცდა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან პრეზიდენტი შევარდნაძე და თავდაცვის მინისტრი თევზაძე თავიანთი იდეალის ერთგულები: შეიქმნას ძლიერი არმია, განთავისუფლდნენ დრომოჭმული სტერეოტიპებისგან, ხოლო უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისას უფრო მოქნილი და პრაგმატული მოსაზრებებით იხელმძღვანელონ.

პირველი, რაც შევარდნაძემ ამ გამოწვევას უნდა დაუპირისპიროს, არის ის, რომ არმიის რიცხოვნების შემცირების ხარჯზე, მოხდეს მისი ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება. საქართველოსთვის 30 000-იანი არმია არც სტრატეგიული და არც ფისკალური თვალსაზრისით გამართლებული არ არის. საერთო შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოს შეუძლია შეინახოს მხოლოდ 4 ბატალიონი, რომელშიც 2000 ჯარისკაცი იქნება.

დღევანდელი ქართული არმია სრულად აირეკლავს საქართველოს დამოუკიდებლობის ათწლიან პერიოდში მომხდარ ყველა მანკიერებას, მაგრამ, სტატიის ავტორის თქმით, სამომავლოდ ქართველ სამხედროებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევთ. მათ შორის, ქვეყნის გამთლიანებასა და სამოქალაქო ომითა და კონფილიქტებით მიღებული ჭრილობების მოშუშებაში. ეს კი ამერიკისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო სიძლიერე, რომელსაც საქართველო მომავალში შეიძენს.

ეს იყო საინტერნეტო გაზეთ "იურეიჟა ვიუში" ორშაბათს გამოქვეყნებული თომას ბრეიდის სტატია, რომლის შემოკლებული ვარიანტი კობა ლიკლიკაძემ გაგაცნოთ. დავამატებ, რომ თომას ბრეიდი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ფრაქცია "აბრეშუმის გზის" თანათავმჯდომარის, სენატორ სემ ბრაუნბეკის მრჩეველი საკანონმდებლო საკითხებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG