Accessibility links

logo-print

რუსეთის დიპლომატია ჩრდილოეთ კორეაში, როგორც ჩანს, ნაყოფს გამოიღებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დამთავრებისას განაცხადა, რომ ფხენიანი მზად არის აწარმოოს უპირობო მოლაპარაკებები

შეერთებულ შტატებსა და იაპონიასთან.

იქამდე კი ფხენიანმა სინანული გამოხატა სამხრეთ კორეასთან ივნისის ბოლოს მომხდარი საზღვაო შეტაკების გამო, რომელშიც ხუთი სამხრეთკორეელი მეზღვაური დაიღუპა. დაღუპულ ჩრდილოეთკორეელ მეზღვაურთა რიცხვი ცნობილი არ არის.

ფხენიანის შინაგან საქმეებშიც შეინიშნება ძვრები. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მყოფი ეკონომიკის საცდელი ლიბერალიზაცია დაიწყო – გაათავისუფლა ზოგიერთი ფასები და ხელფასები.

სამხრეთი კორეის გაერთიანების სამინისტრომ განაცხადა სეულში, რომ მიიღო ჩრდილოეთი კორეის წინადადება პარასკევს დაიწყოს მუშა მოლაპარაკებები, რომელიც შეამზადებს ორ კორეას შორის მინისტრების დონის მეშვიდე შეხვედრას. ეს მოლაპარაკებები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც აპრილში სამხრეთი კორეის პრეზიდენტის წარგზავნილი იმყოფებოდა ფხენიანში ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირთან მოსალაპარაკებლად.

სამხრეთკორეელი ანალიტიკოსები ჩრდილოეთი კორეის კურსის შეცვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის დიპლომატიის წარმატებას მიაწერენ.

ამავე აზრს გამოთქვამენ რუსეთის გაზეთები “იზვესტია” და “კომერსანტი”, თუმცა ამ უკანასკნელის კომენტარი უფრო თავშეკავებული და გარკვეულწილად ირონიულიც კია.

“ბ-ნი ივანოვის მისია მთლიანობაში შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, თუმცა ტრიუმფად ვერ შეფასდებაო”, აღნიშნავს გაზეთი.

მიმომხილველი სერგეი სტროკანი “კომერსანტშივე” წერს, რომ რუსეთი, ზაფხულობით, პოლიტიკური თემების სიმწირის გამო, კორეის კარტს ათამაშებს. 2000 წელს პუტინი ეწვია ფხენიანს, შარშან აგვისტოში კიმ ჩენ ირმა იმოგზაურა მატარებლით რუსეთში და ახლა ივანოვის დიპლომატიის ჯერი დადგა.

ყველაფერი ეს თითქოს იმის დამამტკიცებელია, რომ მოსკოვისა და ფხენიანის ურთიერთკავშირის განმტკიცება დაიწყო და რომ ჩრდილოეთი კორეა ცდილობს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას.

მაგრამ, როგორც ბრიტანელი ექსპერტი ეიდან ფოსტერ-კარტერი აღნიშნავს, ყოველივე ეს არ ცხადყოფს, რომ ფხენიანი სერიოზულად აპირებს გარე სამყაროსთან კონტაქტების დამყარებას და რომც აპირებდეს, საეჭვოა ამ საქმიდან რუსეთმა რაიმე სარგებლობა მიიღოს, ვინაიდან რეგიონში სხვებს, მაგალითად ჩინეთს უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ორივე კორეასთან. თანაც [ფოსტერ-კარტერის ხმა] “თუ ჩრდილოეთი კორეა ოდესმე მოინდომებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, ამერიკასთან თუ იაპონიასთან, ისინი უბრალოდ დაურეკავენ მათ და მოსკოვი განზე დარჩება.”

გარდა ამისა, აღნიშნავს ექსპერტი, მომრიგებლის როლში რუსეთს სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ჩრდილოეთი კორეა ცნობილია, როგორც არასანდო პარტნიორი. ფოსტერ-კარტერი იხსენებს, როგორ გააწბილა მან ორი წლის წინათ პუტინი. ფხენიანიდან დიდი შვიდეულის სამიტზე ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს სიხარულით აუწყა, ჩრდილოეთი კორეა გარკვეული პირობებით თანახმაა თავისი სარაკეტო პროგრამის გაუქმებაზეო. მერე კი კიმ ჩენ ირმა განაცხადა, ვიხუმრეო.

ოთხშაბათს დილას კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ბრუნეიში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონულ ფორუმზე შეხვდა თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას პიკ ნამ სუნს.
XS
SM
MD
LG