Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო: “ჯაბა იოსელიანი საქართველოს წინააღმდეგ”


სოზარ სუბელიანი, თბილისი “ჯაბა იოსელიანი საქართველოს წინააღმდეგ” ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია იმ ქართული საქმეებიდან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ელოდება განხილვას.

იოსელიანის სარჩელმა უკვე რამდენიმე ეტაპი გაიარა: სასარჩელო განცხადება 2000 წლის მარტში გაიგზავნა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის იანვარში კი, სასამართლომ საქმე განხილვაში მიიღო. ამის შემდეგ ჯაბა იოსელიანს რამდენჯერმე მოუხდა სასამართლოსთვის საინტერესო დეტალების დაზუსტება, შემდეგ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, პასუხი გაეცა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, ბოლოს კი კვლავ იოსელიანს მისცეს უფლება, კომენტარი გაეკეთებინა იუსტიციის სამინისტროს პასუხებზე. ამ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ სასამართლომ ჯაბა იოსელიანს კიდევ ერთი კითხვით მიმართა – სტრასბურგში ჩამოხვალ თუ საქმე წერილობით განვიხილოთო, რითაც მოსარჩელე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ წინასწარი მომზადების ეტაპები უკვე დასრულდა და აწი მხოლოდ საქმის განხილვის დაწყებაღა დარჩა.

ჯაბა იოსელიანის ადვოკატის გოგმარ გაბუნიას თქმით, იოსელიანის სარჩელი ევროკონვენციის მე-6, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევას უკავშირდება, ანუ ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, უფლება ეფექტურ ზომაზე და დისკრიმინაციის აკრძალვა. თავად იოსელიანი აცხადებს, რომ მას ზუსტად არც კი ახსოვს, კონკრეტულად კონვენციის რომელ მუხლებზეა ლაპარაკი, იმდენად ფართოა მისი უფლებების დარღვევის ჩამონათვალი: [ჯაბა იოსელიანის ხმა] “სუყველაფერი დაარღვიეს, ერთი რომ იყოს, რაღაცა, გასაგებია. ერთი წესიერად არაფერია გაკეთებული, გამოძიება იქნება თუ სხვა.” [სტილი დაცულია]

იოსელიანის თქმით, ევროსასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვებში წინასწარ იგრძნობა სასამართლოს განწყობა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელის უფლებები ნამდვილად დაარღვია: [ჯაბა იოსელიანის ხმა] “ბოლოს შეკითხვები გაუგზავნეს სამინისტროს და ამ შეკითხვებში იყო, ფაქტობრივად, პასუხი: იქ ეწერა, აი, ეს რომ დაირღვა, ამ [ევროკონვენციის] სტატიებთან შეფარდებით როგორ არის, საერთაშორისო სტატიებთან შეფარდებით როგორ არის, სადაც, ამათმა ტყუილები მიწერეს ყველაფერი, იმათ კი ეს ტყუილები ისევ მე გამომიგზავნეს. მე, კიდევ, ყველა პასუხიერი, რაც არის, დოკუმენტურად გავუგზავნე.” [სტილი დაცულია]

იმის გასაგებად, თუ რამდენად არასწორი ინფორმაციები მიაწოდა იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს, იოსელიანის აზრით, ერთი მაგალითიც კმარა: მისი დაკავების დროს უკვე მოქმედებდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირის 72 საათზე მეტი ხნით დაკავებას სასტიკად კრძალავს. სამინისტრომ კი თავის პასუხში იხელმძღვანელა სისხლის სამართლის ძველი კოდექსით, რომლის თანახმადაც, ათდღიანი დაკავების ვადა იყო დაშვებული.

ევროსასამართლომ იუსტიციის სამინისტროს პასუხისთვის ორი თვე მისცა; სამინისტრომ, საქმის სირთულის მომიზეზებით, 5-6 თვე მოითხოვა. სასამართლომ სამინისტროს თხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ჯაბა იოსელიანმა და მისმა ადვოკატმა სტრასბურგში საპასუხო წერილი აფრინეს: [ჯაბა იოსელიანის ხმა] “მერე ჩვენ აქედან მივწერეთ, – გოგმარი ჩემი ხნის კაცია, – მე ვუთხარი, მაგათ იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ მოვკვდებით, რაღაც მოგვივა და… არ მოვკვდებით, ჯინაზე, მე ვუთხარი… საწყალი გოგმარი, თფუ, თფუ, თფუ, ინფარქტი აქვს, ახლა გადაიტანა ინფარქტი და, მე ვუთხარი, გოგმარ, ნუ გეშინია, ორი მილიონი გაქვს მისაღები-მეთქი.” [სტილი დაცულია]

ყველა პასუხის მიღების შემდეგ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთი საკითხით დაინტერესდა: [ჯაბა იოსელიანის ხმა] “მოვიდა ამას წინათ იქიდან წერილი – თქვენ როგორ გნებავთ, ზეპირად განვიხილოთ თქვენი საქმე თუ წერილობითო. მე ვიფიქრე, ზეპირად რა, ესე იგი, იქ უნდა ჩავიდე, ხომ? ამაზეა ლაპარაკი. ისიც არ ვიცი, ხარჯები ჩემი იქნება, მათი იქნება… ამაშიც არ არის საქმე; საქმე ის არის, რომ ისეთი ტექსტი იყო, რომ მაინცდამაინც თქვენი ჩამოსვლა არ არის საჭიროო – მე ასე გავიგე. ჰოდა, მე აქედან მივწერე, რომ, თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს-მეთქი. და, აი, ახლა, სულ რაღაც ათი დღის წინ, მოვიდა მყარად, რომ რახან ჩვენ მოგვანდეთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ ამ საკითხსო. მოსამართლე დანიშნულია, ეს ყველაფერი ვიცი. მე მგონი, წასვლაც, ალბათ, თუ დამიძახებენ, თავის თავზე უნდა აიღონ, აბა რა!” [სტილი დაცულია]

ამ კითხვა-პასუხებმა ჯაბა იოსელიანი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ევროსასამართლო მისი საქმის განხილვას აღარ დააყოვნებს, თავის გამარჯვებაში კი მხედრიონის თავკაცს ეჭვი არ ეპარება.
XS
SM
MD
LG