Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა


სოლომონ პავლიაშვილს, საქართველოს ქონების მართვის მინისტრს, რომელიც 31 ივლისს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე კრიტიკის სამიზნეში აღმოჩნდა, მომხსენებლებმა,

ძირითადად, სახელმწიფო ქონების არასახელმწიფოებრივად მართვაში დასდეს ბრალი. ამ ბრალდებას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კახა უგულავას მიერ სოლომონ პავლიაშვილის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობისა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოჰყვა.

ბოლო ხანებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მთავრობის სხდომის მიმდინარეობის მდორე რიტმი ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მოხსენების მსვლელობისას იცვლება. ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კახა უგულავას მიერ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის დადანაშაულებას უწყების რეფორმირების სისუსტეში წინ უსწრებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ გამოთქმული შენიშვნები სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში არსებული სერიოზული დარღვევების შესახებ. ოპონენტების განმარტებით, მოწოდების სიმაღლეზე, თავის მხრივ, ვერც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აღმოჩნდა, რომელიც, ძირითადად, თეორიული წიაღსვლებით შემოიფარგლა და მთავრობის გაფართოებულ სხდომას ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა-მინიმუნი წარუდგინა. ამ პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროსა და მისი სტრუქტურების რეორგანიზების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ძალოვანი სტრუქტურების რეორგანიზაცია - 2003 წლის ბოლომდე, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაციის სამწლიანი პროგრამის შემუშავება კი - ორ თვეში. სახელმწიფო მინისტრმა იმავე ტონალობაში ჩამოთვალა საგადასახადო და პრივატიზების კანონებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა, რაც, გამოცდილებით ვიცით, რომ სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე საქმნელად. და, საერთოდ, არის თუ არა მთავრობის გაფართოებული სხდომა ქვეყნის მთავრობის საქმიანობის ურთიერთ სინქრონიზაციის მიზნით ანგარიშგების ქმედითი საშუალება, კარგად გამოჩნდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვალერი ჩხეიძის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მისამართით გამოთქმულ რეპლიკაში, რომლის მიხედვით, პრობლემები უწყებებს შორის თანამშრომლობით უნდა წყდებოდეს და არა მთავრობის სხდომებზე. პრობლემა კი, რომელიც - ნაცვლად იმისა, რომ მის შესახებ სამუშაო ვითარებაში ემსჯელათ - მთავრობის სხდომის მაღალი ტრიბუნიდან წამოჭრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მესაზღვრეებისა და მებაჟეების არაკოორდინირებულობასა და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ამ კუთხით მიყენებულ ზარალს შეეხებოდა. ფაქტი კი, რომელსაც მთავრობის ვერც ერთი წევრი ვერ გაექცევა, ისაა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარზე მეტით გაირღვა. ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზების ძიებამ ფინანსთა მინისტრი სამინისტროს სტრუქტურაში საფინანსო პოლიციის შექმნის იდეამდე მიიყვანა, რაც, ასევე, მთავრობის სხდომის მაღალი ტრიბუნიდან ითქვა. გოგიაშვილის აზრით, გადასახადების ეფექტურად ამოღების მიზნით, საფინანსო პოლიციამ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციები უნდა შეიძინოს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ფისკალურ შედეგებზე პასუხისმგებელ სამსახურთა რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზრდება, თუმცა, ახალგაზრდა მინისტრის ენთუზიაზმის მიუხედავად, იმის რისკიც დიდია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი საქმეში ისეთივე არაეფექტური აღმოჩნდეს, როგორც ბევრი სხვა. სხვათა შორის, ფინანსთა სამინისტროს ფუნქციების გაზრდის ინიციატივით მთავრობის სხდომაზე გამოვიდა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც, რომლის აზრით, წმინდა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებების, მათ შორის კონტრაბანდის მოკვლევა-გამოძიების უფლება უშიშროების სამინიტროს უნდა ჩამოერთვას და მთლიანად ფინანსთა სამინისტროს გადაეცეს.
XS
SM
MD
LG