Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეაგირება პანკისის ხეობაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთში მწვავე გამოხმაურება ჰპოვა მოვლენებმა, რომლებიც ბოლო დღეებში განვითარდა რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მონაკვეთზე. დღეს შევეხებით ამ თემისადმი მიძღვნილ ზოგიერთ წერილს,

რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაბომბვამდე გამოქვეყნდა რუსეთის ელექტრონული საშუალებებით.

30 ივლისის ინტერნეტგამოცემა “გაზეტა” წერს, რომ “თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ერთობლივი მოქმედებებისაკენ პანკისის ხეობაში, სადაც ბოევიკების ბაზებია განლაგებული. მაგრამ თბილისმა ჯერჯერობით უპასუხოდ დატოვა ეს მოწოდება. შევარდნაძემ ერთხელ უკვე განაცხადა უარი რუსეთის ჯარების პანკისში შეშვებაზე, რადგან, მისი თქმით, იქ ბოევიკები კი არა, დევნილები არიან. დღეს საქართველო არ უარყოფს ხეობაში ბანდიტების ყოფნის თვით ფაქტს, მაგრამ ერთობლივ ოპერაციაზე ჯერჯერობით არ თანხმდება”.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ განაცხადა, რომ “მოსკოვი აღშფოთებული და შეწუხებულია საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული და არაგულწრფელი პოზიციით პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მაშინ, როცა შეიარაღებული ბანდიტების მრავალრიცხოვანი ბანდა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა”.

“ჩვენ დავიღალეთ ელემენტარული ტყუილით – პანკისში ხან არიან ბოევიკები, ხან არ არიან,” – ამბობს პრეზიდენტის თანაშემწე.
მისი სიტყვებით, “ასეთ პირობებში ძნელია ივარაუდო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდება”. მაგრამ იმედი მაინც არსებობს. იასტრჟემბსკის განცხადებით, “მოსკოვში მაღალი შეფასება მისცეს უბრალო ქართველი მეცხვარის ლევან თელიძის ნაბიჯს, როცა იგი შეეცადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისათვის ბოევიკთა გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა”.

“გაზეტა” წერს, რომ, იასტრჟემბსკის დასკვნით, “საქართველოს რიგითი მოქალაქეები რუსეთისადმი თბილი გრძნობებით არიან გამსჭვალულნი”.

30 ივლისის ინტერნეტგაზეთ “უტროს” თქმით, “მაშინ, როცა ქართველ მესაზღვრეებს არ შეუძლიათ ყველა იმ ბილიკისა და გზის გადაკეტვა, რომლითაც გელაევის ხალხი სარგებლობს, სამხედროები თითქმის დაუფარავად ამარაგებენ ამ უკანასკნელთ თანამედროვე იარაღით. თავდაცვის სამინისტროს გენერლებისა და ქართველი ბიზნესმენების შემდეგ, რომლებიც იარაღით ვაჭრობენ, მაქინაციებში დაბალჩინოსნებიც ჩაერთვნენ. მაგალითად, 27 ივლისს დააპატიმრეს თავდაცვის სამინისტროს მაიორი მამარდაშვილი, რომელსაც 6 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აღმოაჩნდა საკუთარ ავტომანქანაში. წინა თვეში კი დააკავეს უშიშროების მაიორი მჭედლიძე, რომელსაც უახლესი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადაჰქონდა. ორივე მათგანი პანკისის ხეობას მიაშურებდა”.
შემდეგ გაზეთი წერს: “ერთი სიტყვით, ვითარება პანკისის ხეობის გარშემო იძაბება, რაც რუსეთის წარმომადგენლებს აიძულებს, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვიდნენ. გუშინ თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მიანიშნა იმაზე, რომ რუსეთს ცალმხრივად შეუძლია ოპერაციის დაწყება პანკისის ხეობაში სპეციალური ქვედანაყოფების გამოყენებით. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა. საგარეო დაზვერვის ყოფილმა მეთაურმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელმა მოადგილემ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა ამერიკელ კოლეგასთან, რიჩარდ არმიტეჯთან, ერთად. გამორიცხული არ არის, რომ მხარეებმა მოიწონეს უფრო მკვეთრი ღონისძიებების ჩატარება პანკისის ხეობაში არსებული ტერორისტული ანკლავის ლიკვიდაციისათვის. ამასთან, მოსკოვი, რომელიც მუდმივად ამარაგებს ვაშინგტონს მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციით ავღანეთისა და სხვა “ცხელი წერტილების” შესახებ, თანახმაა, რომ აშშ-მა ინფორმაციული მხარდაჭერა გაუწიოს”.
XS
SM
MD
LG