Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო კომისია უსამართლოდ მიიჩნევს უწოდებს ბრიტანეთში მიღებულ საგანგებო კანონმდებლობას


ანდრო ეული, პრაღა საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში მოქმედმა სააპელაციო კომისიამ დაადგინა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 უცხოელი მოქალაქის დაკავება

ყოველგვარი გასამართლების გარეშე დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციებს, რომლებსაც, სხვა ქვეყნებთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმაც მოაწერა ხელი. საგანგებო კანონმდებლობა ტერორიზმში ეჭვმიტანილ უცხოელ მოქალაქეთა დაკავების თაობაზე, ბრიტანეთის პარლამენტმა შარშან დეკემბერში მიიღო – მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო შეძრა შეერთებულ შტატებში, 11 სექტემბერს მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმებმა.


გასული წლის მიწურულს, ბრიტანეთში, სწორედ ხსენებული კანონმდებლობის საფუძველზე დააკავეს 9 მაჰმადიანი მამაკაცი. შინაგან საქმეთა მინისტრმა დევიდ ბლანკეტმა მაშინ ”საგანგებო ვითარებით” ახსნა საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ნებისმიერი პირის დაკავების აუცილებლობა განუსაზღვრელი ვადით და ყოველგვარი გასამართლების გარეშე.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დეკემბერში მიღებული საგანგებო კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ უცხოელ მოქალაქეებზე და არა ბრიტანელებზე. როგორც სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ენდრიუ კოლინსმა განაცხადა, ხსენებული კანონი დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან სულაც არ არის გამორიცხული ტერორისტულ ორგანიზაციებში ბრიტანელ მოქალაქეთა მონაწილეობაც.

სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმნენ უფლებადამცავი ორგანიზაციები. ”ემნესტი ინტერნეშენალმა” განაცხადა, რომ ბრიტანეთში დაკავებულ 9 მაჰმადიან მამაკაცს ან ოფიციალურად უნდა წაუყენონ ბრალდება ან გაათავისუფლონ, და მოუწოდა ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ქვეყანაში ეჭვმიტანილთა განუსაზღვრელი ვადით დაკავებას.

ბრიტანეთში მცხოვრებ მაჰმადიანთა სათვისტომოს ერთ-ერთმა ლიდერმა ღაიასუდინ სიდიქიუიმ განაცხადა, რომ არავითარი გამართლება არა აქვს ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში მიღებულ კანონს: [ღაიასუდინ სიდიქიუის ხმა] ”ჩვენი აზრით, ამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არ არის შექმნილი და ბრიტანეთს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ხოლო თავად ის ფაქტი, რომ ევროპის არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუბაძავს ამ მხრივ ბრიტანეთისთვის, უდავოდ ამაგრებს ჩვენს პოზიციას.”

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებას, ხოლო ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 მაჰმადიანი კვლავაც დაკავებული იქნება. სააპელაციო კომისია მთავრობას ეთანხმება იმაში, რომ ეჭვმიტანილთა დაკავება გასამართლების გარეშე მართებულია, რადგან ტერორიზმი რეალურ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. მოსამართლეთა თქმით, შეცდომა ის არის, რომ ახალი კანონი მხოლოდ უცხოელებზე ვრცელდება.

მაშინაც კი, თუ უზენაესი სასამართლო უარყოფს მთავრობის საჩივარს, სააპელაციო კომისია ვერ შეძლებს დეკემბერში მიღებული კანონის იმ მოტივით გაუქმებას, რომ ხსენებული კანონი ადამიანის უფლებათა კონვენციას არღვევს. გარდა ამისა, მთავრობას შეუძლია, შესწორება შეიტანოს ამ კანონში, რათა იგი აღარ ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. ამ შემთხვევაში ბრალდების წაუყენებლად და გაუსამართლებლად ეჭვმიტანილთა დაკავების წესი ბრიტანელ მოქალაქეებზეც გავრცელდება. რამდენად მოიწონებს პარლამენტი ამ წინადადებას, სხვა საკითხია. მოელიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარს უზენაესი სასამართლო ოქტომბერში განიხილავს.
XS
SM
MD
LG