Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა დემონსტრაციების შესახებ ახალი კანონი მიიღო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 23 ივლისს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც არეგულირებს საჯარო თავშეყრებსა და დემონსტრაციებს.

ყირგიზეთის ოფიციალური პირების თქმით, კანონი იცავს მოქალაქეების უფლებას, ჩაატარონ მშვიდობიანი დემონსტრაციები და, ამავე დროს, ავალდებულებს ხელისუფლებას, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას.

კანონის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობდა დემონსტრაციები, რომლებიც პოლიციამ დაარბია. დარბევის დროს 5 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა.

კანონის ავტორია ომურბექ ტეკებაევი, პარლამენტის წევრი და ოპოზიციური პარტია “ატა მეკენის” თავმჯდომარე. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან თქვა, რომ ახალი კანონი თავშეყრისთვის სამართლებლივ საფუძველს უქმნის მოქალაქეებს. მაგალითად, კანონის თანახმად, გზები, ქუჩები, მოედნები და ბულვარები საზოგადოებრივი ადგილებია და მოქალაქეებს აქვთ უფლება, მოაწყონ მიტინგები და დემონსტრაციები ყველა ამ საზოგადოებრივ ადგილას, აგრეთვე შენობებში.

დღემდე, თუ 15-20 კაცი ერთად იკრიბებოდა, სამართალდამცავებს შეეძლოთ მათი დაშლა იმ საბაბით, რომ ეს არასანქცირებული მიტინგია. ახლა ხალხს შეუძლია, მოაწყოს ასეთი თავშეყრა ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშეო.

ამ აზრს არ იზიარებენ სხვა დეპუტატები და ადამიანის უფლებათა დამცველი ზოგიერთი ადგილობრივი ჯგუფი. ასეთთა შორის არის ოქსანა მალევანაია – ყირგიზეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და ავტორი ალტერნატიული კანონისა, რომელიც პარლამენტმა არ დაამტკიცა.

მისი თქმით, კანონი დაწერილია მთავრობისა და პოლიციის დასაცავად და, ფაქტობრივად, არ უშვებს მოქალაქეების თავშეყრას მათ მიერ არჩეულ ადგილსა და დროს. კანონი საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, აკრძალონ საპროტესტო მანიფესტაციები, თუ ეს ორგანოები დაასკვნიან, რომ დემონსტრაცია არღვევს იმ მოქალაქეთა უფლებებს, რომლებიც ამ პროტესტებში არ მონაწილეობენ.

მალევანაია აღნიშნავს, რომ არსებობს წინააღმდეგობა ახალი კანონის მესამე და მეხუთე მუხლებს შორის. მესამე მუხლით მოქალაქეებს უფლება ეძლევათ შეიკრიბონ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მეხუთე მუხლის თანახმად კი ორგანიზატორებმა უნდა მიიღონ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა, რისთვისაც უნდა აცნობონ მას თავშეყრის ადგილი, დრო, მონაწილეთა რიცხვი და თავშეყრის მიზანი.

მალევანაია ამბობს, რომ წარსულში ხელისუფლება ნებართვას იშვიათად იძლეოდა. ამ წინააღმდეგობათა გამო, მალევანაია თვლის, რომ ახალი კანონი გაართულებს პოლიტიკურ სიტუაციას ყირგიზეთში.

[მალევანიას ხმა] “ყირგიზეთში ამას წინათ მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ამ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი და არც დაძაბულობის შემცირებას ემსახურება. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის კიდევაც აუარესებს სიტუაციას.”

მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ აქტივისტებს აქამდე არავითარი შეშფოთება არ გამოუთქვამთ. მაგალითად, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ყირგიზეთ-ამერიკის ბიუროს თავმჯდომარე ნატალია აბლოვა ამბობს, რომ თავშეყრის უფლება გარანტირებულია ყირგიზეთის კონსტიტუციით და ამგვარად, ამ კანონს არავითარი აზრი არა აქვს. თუ მოქალაქეებს თავშეყრა სურთ, მათ შეიძლება კანონს ანგარიში არ გაუწიონ.

აბლოვას თქმით, ყირგიზებმა უკვე ისწავლეს საკუთარი აზრის გამოსახატად თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. თუმცა, აბლოვა კანონის ერთ დადებით მხარეს მაინც აღნიშნავს. მისი თქმით, კანონი არ მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას დემონსტრაციების თვითნებურად აკრძალვის საშუალებას.
XS
SM
MD
LG