Accessibility links

logo-print

თამაზ ნადარეიშვილის ახალი ინიციატივა


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 1 აგვისტოს გაიმართა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია.

სესიამ დაითხოვა აფხაზეთის დევნილი მთავრობა სრული შემადგენლობით. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა კი საზოგადოებას აუწყა იმ მორატორიუმის ვადის ამოწურვა, რომელიც დევნილ ხელისუფლებას აფხაზეთში პარტიზანების მოქმედებაზე ჰქონდა გამოცხადებული. მორატორიუმი გამოცხადდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნის შემდეგ. თამაზ ნადარეიშვილი მაშინვე ამბობდა, რომ, თუ სპეცწარმომადგენლის დანიშვნა საგრძნობ პოზიტიურ ძვრას არ გამოიწვევდა კონფლიქტის მოწესრიგებაში, მორატორიუმი 1 აგვისტოს გაუქმდებოდა. ეს დღეც დადგა.

მორატორიუმის გაუქმება ნიშნავს, რომ პარტიზანები განაახლებენ თავიანთ მოქმედებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა არძინბას ხელისუფლება მორატორიუმის მოქმედების დროსაც აფხაზეთში მომხდარ არაერთ ინციდენტს სწორედ პარტიზანებს მიაწერდა. ამ ნაბიჯით აფხაზეთის დევნილმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უშუალო კავშირი აქვს აფხაზეთში მოქმედ პარტიზანულ ჯგუფებთან. უზენაესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკაკი გასვიანმა ჩემთან საუბრისას თქვა, რომ პარტიზანებს უზენაესი საბჭოს მართვა და კონტროლი არ სჭირდებათ, ისინი ისედაც აკეთებენ თავიანთ საქმეს. მაგრამ რა შედეგი მოჰყვა პარტიზანთა ქმედებას? რამდენად წაადგა ის კონფლიქტის მოგვარებას, დევნილთა შინ დაბრუნებას, ან დაბრუნებულთა მშვიდობიან ყოფას? ამ კითხვას აკაკი გასვიანმა ასე უპასუხა: “ერთადერთი, ბოლო შანსი ეს გვრჩება. ამაზეც უარი ვთქვათ? კი ბატონო, ვთქვათ უარი, დავიკიფოთ გულზე ხელი და დავსხდეთ დეზერტირების ბაზარში. აბა, რა ვქნათ? ჩიხიდან ხომ უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან ომით გამოდიან, ბოლოს და ბოლოს! როცა 300 ათასი ადამიანის უფლება არა მარტო დაირღვა, არამედ ფეხქვეშ გაითელა, მოგვიწყეს ეთნოწმენდა, გენოციდი – მე, როგორც მოქალაქეს, არ მაქვს უფლება, ჩემი სახლ-კარი დავიბრუნო? თუ კანონით არ მიბრუნებენ, იარაღით დავიბრუნო? ეს მე უნდა დამიბრუნდეს!”

რაც შეეხება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიერ დევნილი ხელისუფლების მთავრობის დათხოვნას, თამაზ ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ კვირაში აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ შემადგენლობას წარმოადგენენ. “ახალი საკადრო ცვლილებები გატარდება, რაც ხელს შეუწყობს უფრო მობილურ საქმიანობას, - ამბობს თამაზ ნადარეიშვილი, - არავინ არ შემცირდება, არც ერთი ადამიანი ქუჩაში არ დარჩება, პირიქით – სტრუქტურები გაძლიერდება და, მე მგონი, უფრო აქტიურად დაიწყებენ მუშაობას. ხდება ჩვენი სტრუქტურების გაახალგაზრდავება, ახალგაზრდების წინ წამოწევა, თუმცა ბევრი ადამიანი იმსახურებს დარჩენას და დარჩება კიდეც.”

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება თავისებური პასუხია ასლან აბაშიძის განცხადებაზე, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურები არ უნდა არსებობდნენ, რადგან ხელს უშლიან სამშვიდობო პროცესის წარმართვას აფხაზეთში. ასლან აბაშიძემ ეს პირველად ორი თვის წინ განაცხადა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება ახსოვთ, როგორ შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლეში რამდენიმე ათასი დევნილი და ასლან აბაშიძეს, როგორც პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს, მხარდაჭერა გამოუცხადა. რამდენიმე დღის წინ, ამჯერად უკვე აფხაზეთის თბილისში მყოფი ხელისუფლების მხარდამჭერმა დევნილებმა პროტესტის ნიშნად თბილისში აჭარის წარმომადგენლობასთან მოიყარეს თავი, პირველ აგვისტოს კი თამაზ ნადარეიშვილმა მისდამი რწმუნებული სტრუქტურის ცხოველმყოფელობა დაადასტურა. აღარაფერს ვამბობთ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სესიის მიწურულს მომხდარ უმსგავსო ინციდენტზე, როცა დეპუტატ ჯემალ გამახარიას, სიტყვით გამოსვლისას, უკნიდან მიადგა ორი ბრგე ახალგაზრდა, ხელი კისერში წაუჭირეს და დარბაზიდან მის გათრევას შეეცადნენ.
XS
SM
MD
LG