Accessibility links

logo-print

აღმაშენებლის საზოგადოება არტოს ბაღის შენარჩუნებისთვის იბრძვის


სოზარ სუბელიანი, თბილისი თბილისური პარკების პრობლემა თბილისელებს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ახსენდებათ ხოლმე.

თითქმის ყოველდღე თბილისის რომელიმე პარკში მინიმუმ ერთი, ზოგჯერ კი ერთდროულად რამდენიმე ბულდოზერი ასუფთავებს სამშენებლო მოედანს, რასაც წინ უძღვის მწვანე ნარგავების ჩეხვა და თბილისის ისედაც მწირი სიმწვანის კიდევ უფრო გამეჩხერება. არადა, 4 წლის წინ, 1998 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომელიც მკაცრად კრძალავს საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზოლების, ბაღებისა და სკვერების ხელყოფას როგორც მათი საზღვრების ფარგლებში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ ამ დადგენილებამ პარკების განადგურება ოდნავადაც ვერ შეანელა.

პარლამენტის დადგენილება არა მხოლოდ სკვერების ხელყოფის აღკვეთას გულისხმობს, არამედ იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემასაც, რომლებმაც “გასცეს ბაღ-პარკების ტერიტორიებზე ფართობების გამოყოფის ნებართვა მშენებლობებისა და სხვა მიზნით”. მიუხედავად დადგენილების მკაცრი ტონისა, თბილისური პარკები ყოველწლიურად შაგრენის ტყავივით ვიწროვდება, მათ ადგილას კი ახალ-ახალი მშენებლობებს ეყრება საფუძველი.

პარკების განადგურება ყველაზე მეტად თბილისელების ორ კატეგორიას აწუხებს: იმათ, ვისაც ზაფხულის სიცხის გატარება თბილისში უწევთ და იმათ, ვისაც თბილისის პარკებთან გასული წლების მოგონებები აკავშირებთ. “დავით აღმაშენებლის ტრადიციათა აღორძინების” საზოგადოების თავმჯდომარისა და გაზეთ “მეფეთუბანის” მთავარი რედაქტორის, ვაჟა სალუქვაძის თქმით, თბილისური ბაღები მარტო საჩრდილობლებს კი არა, კულტურის თავისებურ ცენტრებს წარმოადგენდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ძველი პლეხანოვი – დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი გამოირჩეოდა: [ვაჟა სალუქვაძის ხმა] “აქ იყო ბაღები: გორკის ბაღი, “დეკა”, პიონერთა ბაღი, “გოფილექტი” და მუშტაიდი. გარდა ამისა, აქ იყო თეატრები, კლუბები... საზაფხულო კინოთეატრები იყო – თვრამეტამდე საზაფხულო თეატრი… ყველანაირი გასართობი, სპორტი, ტენისის კორტები, სტადიონი, ბასეინები.”

ყოველივე ჩამოთვლილიდან დღემდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია. მათ შორისაა ერთ დროს სახელოვანი არტოს ბაღი, რომლის ძველი დიდებისგან მხოლოდ ფერმკრთალი ნაშთიღაა შემორჩენილი: [ვაჟა სალუქვაძის ხმა] “ჩვენ ვეხებით, მხოლოდ და მხოლოდ, ბაღს. “კალიასკიანი” ბავშვები, დაცოლშვილებული ახალგაზრდები, ბებიები, ბაბუები, შედიან ამ ბაღში და შეჰყავთ ეს “კალიასკები”. სხვა ადგილი არა აქვთ თავშესაყრელი, არა აქვთ!”

სალუქვაძე აცხადებს, რომ სწორედ ამ ნაშთის გადარჩენა დაისახა მიზნად ძველი თბილისელების ერთმა ნაწილმა: [ვაჟა სალუქვაძის ხმა] “ჩვენ შევიკრიბეთ თაობა, ძველი თაობა, ჩავატარეთ ეს ყრილობა არტოს ბაღში… არტო, ეტო “არტისტიჩესკოე ობშჩესტვო”. ძველად ხომ იყვნენ, მოძრავი თეატრები, ხომ იცით, ესენი იყრიდნენ აქ თავს. აქ მღეროდა შალიაპინი, სარაჯიშვილი, ვინ გინდა. სულ ყველანი აქ გამოდიოდნენ სცენაზე - გაჩვენებთ იმ სცენას, - და იკრიბებოდნენ აქ…”

არტოს ბაღის ძველი დიდება მხოლოდ შალიაპინისა თუ სარაჯიშვილის სიმღერებს არ უკავშირდება. ცნობილი ქართველი პოეტის ისტორიულმა ძიებებმა ბაღის სახელი საბჭოთა ისტორიის კიდევ ერთ სახელოვან ეპოზოდთან დააკავშირა: [ვაჟა სალუქვაძის ხმა] “იოსებ ნონეშვილმა შეისწავლა ზოია რუხაძე. ზოია რუხაძე, თურმე, უფრო ძლიერი და მაგარი ყოფილა, ვიდრე ზოია კოსმოდემიანსკაია. ახლა, ამ ზოია რუხაძის მშობლები ცხოვრობდნენ აგერ, ამ კორპუსში, გვერდით…”

“განადგურებული გორკის ბაღი ფეხბურთის სათამაშო ადგილად ქცეულა, ფილარმონიის ოდესღაც ლამაზი ღია ესტრადის ბაღი, მუშტაიდი, წარმოადგენს რესტორნებისა და სახინკლეების ოაზისს. მოგმართავთ თხოვნით, ძველებურად საშუალება მისცეთ “პლეხანოველებს”, შეძლონ არტოს ბაღში კულტურული დასვენება და გართობა”, – ამგვარი განცხადებით მიმართავს საზოგადოება “მეფეთუბანი”თბილისის მერს, ვანო ზოდელავას. ბულდოზერები კი ამგვარ განცხადებებს აინუნში არ აგდებენ და დინჯად განაგრძობენ თბილისური პარკების ჩიჩქნას.
XS
SM
MD
LG