Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემა, რომელსაც დასავლეთში უკვე საუკუნოვანი ისტორია აქვს, საქართველოში მხოლოდ ახლა იძენს აქტუალობას.

თუმცა, ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის ხარისხი და სტრუქტურა ჩვენში მეტისმეტად ქაოსური და უსისტემო ხასიათისაა. რა ფორმით ცდილობს ქართული ბიზნესი კორპორაციული პასუხისმგებლობის დამკვიდრებას?

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის, თუ გნებავთ, ბიზნესის ფილანტროპიის შესახებ დასავლურ საზოგადოებაში დისკუსიები ამჟამადაც არ წყდება. რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგები მიიჩევენ, რომ ”ქველმოქმედებასა და საზოგადოებრივ აქტიურობას არაფერი აქვს საერთო ბიზნესთან, რადგან ბიზნესის საქმე ფულის, მეტი ფულის და კიდევ უფრო მეტი ფულის კეთებაა.” შესაბამისად, კორპორაციების პირდაპირი მოვალეობაა წარმოების ზრდა, გასაღების ბაზრების გაფართოება და მოგების მიღება და არა ქველმოქმედებისათვის ფულის ხარჯვა.

მეორე პოზიციის, ანუ კორპორაციული ალტრუიზმის თეორიის მიმდევრები საპირისპირო თეზისს გვთავაზობენ. ამ მიმდინარეობის ფუძემდებლად აშშ-ის ეკონომიკური განვითარების კომიტეტი ითვლება, რომელიც მიიჩნევს, რომ ”კორპორაციები ვალდებულნი არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში.”

როგორც წესი, ამ შემთხვევაშიც ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. ამ საკითხთან მიმართებაში ე.წ. ცენტრისტებმა ”გონიერი ეგოიზმის თეორია” შექმნეს. ამ თეორიის არსი შემდეგშია: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა – უბრალოდ კარგი ბიზნესია, რომელიც მოკლევადიან დაბანდებას სოციალურ და ალტრუისტულ პროექტებში გრძელვადიან მოგებად აქცევს.

ამ თეორიების ფონზე ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი საქართველოს რეალობაში შესაძლოა ვინმეს ცინიზმადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ თუ თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისის ქართული ბიზნესის ისტორიას გავიხსენებთ, ქართული მეცენატობისა და ქველმოქმედების ინსტიტუტს საკმაოდ სერიოზული ტრადიცია გააჩნია.

მიუხედავად ამისა, დღეს სოციალური და ალტრუისტული პროექტები მარტივი სპონსორობით და ერთჯერადი, ხშირად წმინდა სარეკლამო აქციებით შემოიფარგლება. ბუნებრივია, ამაში ცუდი არაფერია და ამ საქმეში ”გონიერი ეგოიზმის” საკმაო დოზაც არსებობს, მაგრამ ეს აქციები არასისტემურ და არასტრატეგიულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება თავად ფონდებს და ბიზნესის მხრიდან ინიცირებულ სპეციალურ ალტრუისტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ მხრივ საერთოდ სრული ყამირია და ასეთ ყველაზე ცნობილ ორგანიზაციად შეიძლება მხოლოდ ”გოგი თოფაძის ფონდი” მივიჩნიოთ, რომელიც ჯერჯერობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა თავისი აქტიურობით.

ითვლება, რომ ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობისათვის ჯერ გაზრდა და მომძლავრება სჭირდება. თუმცა, თუ ისევ დასავლურ თეორიებს მივუბრუნდებით, სულაც არ არის აუცილებელი ამგვარი პროექტების ინიციატორებად მსხვილი კორპორაციები და წარმატებული ბიზნესმენები გამოვიდნენ. დღეს სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც აღვნიშნეთ, თავისებურ ბიზნესად და ფულის კეთების საშუალებად იქცა, იგი მარკეტინგის და ბაზარზე პოზიცირების თავისებური ტექნოლოგიაა, რადგან, მართალია, სოციალურ და ფილანტროპიულ პროექტებში ჩართვით, ბიზნესმენი ამცირებს მიმდინარე შემოსავალს, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქმნის კეთილსაიმედო სოციალურ გარემოცვას და თავადაც იქმნის მყარ რეპუტაციასა და იმიჯს, დამაჯერებელ რეკლამას და იღებს დივიდენდებს ამ საქმიანობიდან. შესაბამისად, მთელს ცივილიზებულ სამყაროში სოციალური პასუხისმგებლობა დიდი ხანია წმინდა ეკონომიკურ კატეგორიას მიეკუთვნება. საბოლოო ჯამში, ფილანტროპია ფულის ეკონომიას უწყობს ხელს და ქართული ბიზნესიც, თუ უნდა, რომ ცივილიზებული ეკონომიკის ნაწილი გახდეს, აუცილებლად დაამკვიდრებს თავის არსენალში სოციალურ, კორპორაციულ პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG