Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვის თავისუფლება და ჩინოვნიკის ღირსება


ოთხშაბათს, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, ტრადიცია არ დაირღვა და ისევ გაიჟღერა პრესის კრიტიკამ.

ამჯერად გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ საშიში ტენდენცია უწოდა იმგვარ შეფასებას, რომ სიტყვის თავისუფლება უპირატესია, ვიდრე სახელმწიფო მოხელის პატივი და ღირსება. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გენერალური პროკურორის გამოსვლის შემდეგ ჩნდება უბრალო შეკითხვა: “რომელი საუკუნეა საქართველოში?”

1998 წლის 17 აგვისტოს გაზეთ “კავკასიონში” ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე წერდა: “ამ დღეებში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა ძირითადი აქცენტი გააკეთა საკუთარი უწყების ქებაზე და პრესის დამოძღვრა-კრიტიკაზე. მათი ნააზრევიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქვეყნის განვითარებას სწორედ პრესა აფერხებს. დარბაზში იჯდა მთელი ქართული სახელისუფლო ელიტა და მათი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ისნი მთლიანად ეთანხმებოდნენ პრესაზე ჯვაროსნული ლაშქრობის აუცილებლობას.”

ეს საკითხი – თავისუფალი სიტყვისა თუ ჩინოვნიკის ღირსების უპირატესობის შესახებ - ცივილიზებული სამყაროსთვის უცხო არ არის. ოღონდ, ეგ არის, პრობლემა საუკუნეების წიაღში იღებს სათავეს და საუკუნეების წიაღშივე პოულობს გადაწყვეტას. 1735 წელს ნიუ-იორკში გაიმართა ჟურნალისტ ჯონ პიტერ ზინგერის სასამართლო. მაშინ ამერიკა ინგლისის კოლონია იყო. წინასწარი ცენზურა აღარ არსებობდა, მაგრამ პრესა მთავრობის მძიმე ხელს გრძნობდა და ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვითაც, პრესის უმთავრესი ფუნქცია ხელისუფლების კონტროლია. მაშინ ამერიკაში ავტორიტარული ცნობიერება სახელმწიფო მოხელის კრიტიკას დანაშაულად აღიქვამდა; კორუმპირებულ ხელისუფალზე სტატიის გამოქვეყნება უფრო დიდ დანაშაულად მიიჩნეოდა, ვიდრე თავად ხელისუფლის კორუმპირებულობა.

სწორედ ამ ვითარებაში, ვინმე ზინგერმა თავის ყოველკვირეულ გაზეთში გააკრიტიკა სამეფო გუბერნატორი და ამის გამო იგი ცილისწამებისთვის გაასამართლეს. ჟურნალისტის ადვოკატმა ჰამილტონმა, მოსამართლეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სიტყვით მიმართა ნაფიც მსაჯულებს: “მოცემული საქმე მხოლოდ ცუდი ჟურნალისტის საქმე როდია. არა! თავისი მნიშვნელობით მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ყველა თავისუფალ მოქალაქეზე მთელ ამერიკაში. ეს თავისუფლების საკითხია; სიმართლის თქმის საკითხი; ბეჭდვის გზით ძალაუფლების თვითნებობის მხილებისა და მასთან დაპირისპირების თავისუფლების საკითხი.”

ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ზინგერი, რითიც გამოხატეს საზოგადოების ნება – პრესას უნდა ჰქონდეს ჩინოვნიკების გაკრიტიკების სრული თავისუფლება; ეს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი. 1735 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი ჩინოვნიკები ამ ფაქტს ეგუებიან.

საქართველო, ცხადია, ამერიკა არ არის, მაგრამ თითქმის სამი საუკუნით ჩამორჩენა მაინც მეტისმეტია. დღეს საქართველოში მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ფაქტობრივად, ამკვიდრებენ აზრს, რომ რაც უფრო მეტია სიმართლე პრესის მასალებში, მით მეტია ცოდვა. გადაცემა “60 წუთის” ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალურ პროკურორს - ნუგზარ გაბრიჩიძეს - ეკუთვნის თერთმეტი სახლი და ბინა, რომელთა დიდი ნაწილი გაფორმებულია გაბრიჩიძის დის სახელზე, ეს პიროვნება კი მთელი ცხოვრება უმუშევარია. სიძე წლების განმავლობაში მუშაობდა “თელასში” და მისი ხელფასი ას ლარს არ აღემატებოდა. გენერალური პროკურორის დეკლარაციაში ეს უძრავი ქონება, ცხადია, არ ჩანს, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ დის სახელზე გაფორმებული ბინებიც სწორედ გენერალურ პროკურორს ეკუთვნის. ამ ეჭვის საჯაროდ გაჟღერების შემდეგ, გენერალური პროკურორი გამოდის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე და საშიშ ტენდენციას უწოდებს სიტყვის თავისუფლებას. როგორც ჩანს, ქართველი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ კორუფციის აღმოფხვრის ყველაზე საიმედო გზა მასზე საუბრის აღმოფხვრაა. მთავრობის გაფართოებული სხდომა კი ამ “ეფექტური” თვალსაზრისის დამკვიდრების ტრადიციული ადგილია.
XS
SM
MD
LG