Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჯამდა უმუშევართა ტესტირების შედეგები


უმუშევართა დასაქმების 2002 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველად ჩატარებულმა ტესტირებამ სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე 256 ადამიანი გამოავლინა.

მათგან თბილისში მხოლოდ 87 ცხოვრობს. რეგიონების მიხედვით კი პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და კახეთი. ტესტირების შედეგად შერჩეული რეგისტრირებული უმუშევრები 5 აგვისტოდან, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგიონულ ცენტრებში არსებულ საკონსულტაციო ცენტრებში გაივლიან პროფესიულ მომზადებას.

უმუშევართა დასაქმების აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს ტენდერში გამარჯვებული 14 საკონსულტაციო ცენტრი. ტესტირებაში გამარჯვებული რეგისტრირებული უმუშევრები ცენტრებში, პირობითად რომ ვთქვათ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადადიან, სადაც პროფესიული მომზადების ცხრადღიანი კურსის გავლის შემდეგ, მეათე დღეს კიდევ ერთ გამოცდას ჩააბარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებიან მცირე ბიზნესში დასაქმების რეალური კანდიდატები: ბიზნეს-გეგმასა და, შესაბამისად, უპროცენტო სესხს ვიზას პროგრამაში მონაწილე, ასევე ტენდერში გამარჯვებული კომერციული ბანკი, საქართველოს ბანკი ადებს. ასე რომ, ჯერ ძნელი სათქმელია, ტესტირებაში გამარჯვებული 256 კაციდან რამდენი იქცევა ბიზნესმენად:

[რეზო საყვარელიძის ხმა] “ ტესტირების შედეგად რამდენი დარჩება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ თანხა რამდენი გვაქვს გათვალისწინებული, ის ვიცი: მცირე მეწარმეების შემთხვევაში არის 43 პროექტი, ასევე თუ ავიღებთ უმუშევრების შემთხვევაში, 83. ისევ ვიმეორებ, გამომდინარე, თუ ყველა მაქსიმალურ თანხაზე გააკეთებს პროექტს.”

საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სამსახურის უფროსის, რეზო საყვარელიძის განმარტებით, პროექტის მთლიანი ღირებულება პროგრამის მხრიდან, საბიუჯეტო სახსრებით 500 000 ლარს შეადგენს. ამას ემატება მილიონ ორასი ათასი ბანკის საკრედიტო რესურსი, რითაც მთლიანობაში თანხა 1 800 000 ლარამდე იზრდება. მთლიანი თანხიდან უმუშევართა სამეწარმეო საქმიანობის ხელშესაწყობად განსაზღვრულია 500 000 ლარი, მცირე მეწარმეთა საქმიანობის გაფართოებაზე კი – მილიონ სამასი ათასი ლარი. მცირე მეწარმის პროექტის მაქსიმალური ღირებულება 30 000 ლარადაა განსაზღვრული, დამწყები მეწარმის, ანუ ტესტირებაში გამარჯვებული უმუშევრის კი – მხოლოდ 6 ათას ლარად.

[რეზო საყვარელიძის ხმა] “თავიდან 1200-მა კაცმა გამოთქვა დაახლოებით სურვილი, დაახლოებით სამასმა კაცმა მონაწილეობა არ მიიღო, ძირითადად იყო სამი მოტივი.”

რეგისტრირებულ უმუშევართა სამეწარმეო საქმიანობის ტესტირებაზე უარის მოტივთაგან რეზო საყვარელიძე პირველ ადგილზე ასახელებს, სხვათა შორის, ძალზე საგულისხმო მოტივს იმის შესახებ, რომ კონკურსანტების ნაწილს გრანტის მიღების სურვილი აღმოაჩნდა და არა სესხის, რომელიც, პრინციპში, ნებისმიერი შეღავათიანი პირობის მიუხედავად, ორიოდე წელში დასაფარია.

მოწონებული ბიზნეს-გეგმების დაფინანსების პროცესი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG