Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ საქართველოს წინააღმდეგ ცივი ომის გაჩაღებაში თბილისი აქამდე, როგორც წესი, რუსეთის მასმედიას ადანაშაულებდა, ხუთშაბათს ამ ომში რუსეთის ოფიციალური პირებიც ჩაერთნენ.

1 აგვისტოს რუსეთის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, წესრიგი დაამყაროს პანკისის ხეობაში.

რუსეთის დეპუტატების განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოს პანკისის ხეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებას სთხოვს, ფედერაციის საბჭო ამ თხოვნას დააკმაყოფილებს. ასეთი ვარაუდი 1 აგვისტოს ფსკოვში გამოთქვა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ მარგელოვმა. ასევე ფსკოვში მყოფი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური გიორგი შპაკი ადასტურებს, რომ თუ სამხედროები ასეთ ბრძანებას მიიღებენ, მედესანტეები მზად არიან პანკისში წასრიგის დასამყარებლად. თუმცა, რუსი გენერლის განმარტებით, ცალმხრივად ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება არ შეიძლება და საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება პანკისის ხეობაში მოქმედი ტერორისტების ნეიტრალიზების აუცილებლობაში.

უდავო ერთი რამ არის – საქართველოს თანხმობის გარეშე, პანკისის ხეობაში რუსეთის სამხედროების გამოჩენა ავტომატურად ჩაითვლება აგრესიად სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიდი მონდომების მიუხედავად, თეორიულადაც კი არ არსებობს იმის შანსი, რომ გაერო ან ანტიტერორისტულ ალიანსში შემავალი სახელმწიფოები დათანხმდნენ მოსკოვის მოთხოვნას, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თაობაზე.

ამის დასტურად გამოდგება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1 აგვისტოს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეშფოთებით აღიქვამს ცნობებს მისი სუვერენიტეტის დარღვევის თაობაზე. “ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ცნობებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჩეჩენთა შეიარაღებულ ჯგუფებს შორის საქართველოს საზღვრის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების შესახებ. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ მოლაპარაკებების მეშვეობით არის შესაძლებელი ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარება და მოვუწოდებთ რუსებს და ჩეჩნებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, აშშ საქართველოს კიდევ ერთ სფეროში სთავაზობს დახმარებას – საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ვალერი ჩხეიძის განცხადებით, ვაშინგტონი 10 მილიონ დილარს გამოყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის შექმნას.

სახელმწიფო საზღვრის ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება ქართველი და რუსი მესაზღვრეების თავის ტკივილის მიზეზად. რუსეთის მედიიის ინფორმაციით, ჩეჩენ მეამბოხეთა მცირე ჯგუფმა თავი დააღწია ალყას და საქართველოს საზღვრისკენ მოემართება. შეგახსენებთ: სამდღიანი ბრძოლების შედეგად დაუღუპა 8 და დაიჭრა 5 რუსი მესაზღვრე.
XS
SM
MD
LG