Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვრის დარღვევის ახალი ფაქტები


ვინ უფრო დამნაშავეა მეზობელი ქვყნის საზღვრების დარღვევაში - რუსეთი თუ საქართველო? ეს შეკითხვა კვლავ აქტუალური რჩება. რუსეთიდან წამოსულ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების

წარმომადგენლები ახალ ფაქტებს უპირისპირებენ. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვეის მორიგ ფაქტზე რეაგირება უწევს. 2 აგვიტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე უცნობი ვერტმფრენი შემოიჭრა, მანამდე კი, 31 ივლისს საქართველოს საზღვარი - პანკისის ხეობის მიმართულებით - რუსეთის სამმა მოქალაქემ დაარღვია. დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს პატიმრობაში ყოფნა 3 თვით მოუწევთ.

ქართველი მესაზღვრეები რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მორიგ ფაქტს ადასტურებენ. ამჯერად საქართველოს საჰაერო სივრცე ერთმა ვერტმფრენმა დაარღვია. ის ქვეყნის ტერიტორიაზე დილის 9-ის ნახევარზე ჩეჩნეთის მხრიდან შემოიჭრა, სოფელ გურევის მახლობლად საქართველოს სასაზღვრო საგუშაგოს გადაუფრინა და ისევ რუსეთის მიმართულებით გაუჩინარდა.
ამ რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტისგან განსხვავებით, საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგ დარღვევას ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა არ მოჰყოლია. ზუსტად ძნელი სათქმელია, რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მერამდენე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მსგავსი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საინტერესოს ის არის, რომ ასეთ ფაქტებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებებს რუსეთის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვებოდა ხოლმე, - რუსეთის ხელისუფლება რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა თუ ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ყოველთვის უარყოფდა. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ის მობოდიშება იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 1999 წლის აგვისტოში ომალოს დაბომბვას მოაყოლა. რუსეთის მხარე უარყოფს 31 ივლისს რუსეთის სამი მოქალაქის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტსაც და ირწმუნება, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული 3 პიროვნების კუთვნილი რუსეთის პასპორტები ყალბი პასპორტებია.

რუსეთის ეს სამი მოქალაქე კი, რომელთაც თავი ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებლად წარმოადგინეს, 31 ივლისს, ღამით, პანკისის ხეობაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულთაგან მიხეილ ტიჩკოვმა და იური უგრიუმოვმა რუსეთის მილიციის კაპიტნის, ხოლო ვლადიმერ ბლინოვმა – ამავე ორგანოს პრესცენტრის თანამშრომლის მოწმობები წარმოადგინეს. როგორც 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ აღნიშნა, ზემოხსენებული პირები ჩეჩნეთიდან დევნილი მაჰმუდ ზურაბოვის თანხლებით სოფელ დუისისკენ მიემართებოდნენ, თითქოსდა, “ჯიპის” ტიპის ავტომანქანის შესაძენად და ხაჭაპურის საჭმელად. დუისში ავტომანქანის შეძენისა და ხაჭაპურის მირთმევის დამაეჭვებელ მოტივში გასარკვევად უშიშროების სამსახური გამოძიებას შეუდგა. საქართველოს საზღვრის უკანონო დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.
ვალერი ხაბურზანიას მტკიცებით, პანკისის ხეობაში ჩეჩენ ბოევიკთა რაოდენობა შემცირებულია. 2 აგვისტოს უშიშროების მინისტრმა კიდევ ერთხელ უწოდა პოლიტიკური არაკორექტულობა რუსეთის მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიის ტერორისტებისგან დაცვის შესახებ და განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში მოქმედ შეიარაღებულ პირებს საქართველოს ხელისუფლება ისე მოექცევა, როგორც საქართველოს საზღვრებისა და კანონის დამრღვევებს შეეფერებათ.
XS
SM
MD
LG