Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მოძრაობა “ფესვები”


სოზარ სუბელიანი, თბილისი 2 აგვისტოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებლები თავიდანვე აცხადებენ, რომ მოძრაობას პოლიტიკური მიზნები აქვს და შორს არ არის დრო,

როცა იგი პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება. ახალი მოძრაობის მიზნები, რომელთა დეკლარირებაც მისი ჩასახვის ცერემონიალზე მოხდა, საკმაოდ ზოგადია იმისთვის, რომ მოძრაობაზე რაიმე წარმოდგენა შეიქმნას. სამაგიეროდ თავად დამფუძნებლები იყვნენ დაღდასმული საერთო ნიშნით: საქართველოს გადარჩენის მისია, ამჯერად, სოხუმში დაღუპული აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრის, ჟიული შარტავას შვილმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, თანაკლასელებმა და თანაკურსელებმა, კომკავშირელმა თუ შემდგომი პერიოდის თანამებრძოლებმა იკისრეს.

ახალი მოძრაობის – “ფესვების” დამფუძნებელ შეხვედრაზე მრავალი ნაცნობი და კიდევ მეტი უცნობი სახე ჩანდა. ნაცნობ სახეებსა თუ სახელებში ერთად იყვნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ბაკურ გულუა და ვაჟა შუბლაძე, რეჟისორი გოგი ქავთარაძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, ქართველი კაზაკების ლიდერი ვასილ კადენეცი და ჟიული შარტავას შვილი კახაბერ შარტავა. მოძრაობის დამფუძნებლები ბევრს ლაპარაკობდნენ მოძრაობის მიზნებზე, მაგრამ მათი ნაუბარი თითქმის არ სცილდებოდა ტრადიციული სადღეგრძელოს პათოსსა და თემატიკას.

და მაინც, დამფუძნებელთა აზრით, რით გამოირჩევა ახალი მოძრაობა წინამორბედთაგან. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ გულუა მიიჩნევს, რომ მოძრაობის უმთავრესი მიზანი მამებსა და შვილებს შორის კავშირის აღდგენაა: [ბაკურ გულუას ხმა] “თავშივე ჩანს ერთი უმთავრესი რამ: ის, რაც ჩვენს თვალწინ მოხდა – წყვეტილობა მამათა და შვილთა თაობას შორის, – კახაბერ შარტავას და მის მეგობრებს განუზრახავთ ამ შეუსაბამობის მოწესრიგება, მამებთან ერთად, ახალი საქართველოსაკენ. ბედი წყალობდეთ მათ. მე ამ ახალგაზრდებს, თავიანთ სასიკეთო წამოწყებაში, გვერდში დავუდგები აუცილებლად და ჩემს გამოცდილებას, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია – საქართველოსში ცხოვრებისა და მოღვაწეობისა – ვეცდები მათ გადავცე, რადგან ისინი ღირსეული არიან. და სწორედ მათ უნდა შეცვალონ საქართველო, მაგრამ ამათში მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ესენი ამბობენ: ჩვენ შევცვლით საქართველოს, მაგრამ დავდგებით მამა-პაპათა ფესვებზე, ფესვებზე, ფესვებზე, დიახ!” [სტილი დაცულია]

მშობელთა და შვილთა ერთიანობას, როგორც უპირველეს ეროვნულ მიზანსა და ამოცანას, მოძრაობის დაფუძნების მთავარმა ინიციატორმა, კახაბერ შარტავამაც დიდი ადგილი დაუთმო: [კახაბერ შარტავას ხმა] “და ამ მოძრაობის ძირითადი მიზანი – ერთ-ერთი ძირითადი მიზანი – სწორედ ეს არის: თავად ქვეყანა იქცეს მოძრაობად, თავმოძიების, თვითგამორკვევის, თვითრეალიზაციის მოძრაობად, უძველეს, მაგრამ არა მოძველებულ, მარად განახლებულ ფესვებზე დაყრდნობილ მოძრაობად; აღარ იგონებდეს და აღარ ებღაუჭებოდეს გამოგონილ იდეოლოგიებს, თვითონ იყოს იდეოლოგია, ანუ ერის წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი ვინაობის ცოდნა, საკუთარი დანიშნულება-ვალდებულებების ცოდნა და თავად იყოს შემსრულებელი ფუნქციისა საკუთარი თავის მიმართ და კაცობრიობის მიმართ. თუ ჩვენც ვერ მოვახერხეთ ერთმანეთში მშობელთა და შვილთა შორის საუბარი გულწრფელი და ფიქრი ერთიანი, ესე იგი, საერთოდ შეუძლებელი ყოფილა, მაშინ არაფრის იმედი აღარ არის.” [სტილი დაცულია]

ახალი საზოგადოების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათთვის უცხო არც დასახულ მიზანთან მიღწევის უმოკლესი გზაა: [კახაბერ შარტავას ხმა] “როცა ხორცი დაჭირხნილია, სულისკვეთება უფრო და უფრო გაძლიერდება.” [სტილი დაცულია]

მით უმეტეს, რომ გოგი ქავთარაძემ ის უმთავრესი სათნოებანიც ჩამოთვალა, რომლებიც ისტორიის მოცემულ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს: [გოგი ქავთარაძის ხმა] “გავაკეთოთ ის, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას: ჩვენს ქვეყანას სჭირდება რწმენა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება შენება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიყვარული, რაც მთავარია. მე მგონი, ჩვენ გვეყო ამდენი ბოღმის გადმონთხევა, სიყვარული ვიფაროთ დროშად, ვიფაროდ დროშად და ნათელი გვფარავდეს ჩვენი ჟიული შარტავასი, რომელიც სუყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანა წასულიყო წინ.” [სტილი დაცულია]

და ბოლოს, კიდევ ერთი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა კახაბერ შარტავას გამოსვლიდან: [კახაბერ შარტავას ხმა] “როგორც ვიტყუებოდით, ისევ ისე მოვიტყუებით, როგორც ვიპარავთ, ისევ ისე მოვიპარავთ…”[სტილი დაცულია]

დამფუძნებელი კრების შემდეგ გარეშე დამსწრეთაგან ბევრისთვის უპასუხოდ დარჩა კითხვა – იქცევა თუ არა კახაბერ შარტავას სიტყვები იმ ორგანიზაციის სამოქმედო პრიციპად, რომლის დამფუძნებელთა შორის ნიკო ლეკიშვილის, ბაკურ გულუას და ვაჟა შუბლაძის სახელებიც გვხვდება.
XS
SM
MD
LG