Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველო – უნებლიედ ჩათრეული რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტში,

ირანელი ხალხი უკმაყოფილოა თეოკრატიული რეჟიმით და დაპირისპირება ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის – ამ საკითხებს შევეხებით დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. როგორც გერმანიის გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე” მიიჩნევს, საქართველო უნებლიედ აღმოჩნდა ჩათრეული რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტში. თბილისი, წერს გაზეთი, მიესალმებოდა რაღა თქმა უნდა შეიარაღებულ ექსტრემისტთა წასვლას პანკისის ხეობიდან, მაგრამ სამხედრო რესურსების უქონლობის გამო არ შეუძლია ტერორისტების წინააღმდეგ ომის დაწყება. თუ ექსტრემისტები დატოვებენ პანკისის ხეობას და ჩეჩნეთში გადავლენ, მოსკოვი, ასეთ შემთხვევაში, სამხედრო აგრესიით ემუქრება საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონს. ”ფრანკფურტერ ალგემაინე” დასძენს:

”ის, რაც ჩეჩნეთის საზღვარზე ხდება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ფედერალური ჯარის უსუსურობას იმ გაჭიანურებულ ომში, რომელიც არა ტერორიზმმა, არამედ ჩეჩენ სეპარატისტებზე ბარბაროსულმა თავდასხმებმა გამოიწვია. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მწვანე შუქი მისცა მოსკოვს – კიდევ უფრო მეტის ბარბაროსობით გაუსწორდეს მეამბოხეებს ჩეჩნეთში.”

სტატიაში, რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს ვულსიმ გამოაქვეყნა გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალში”, ნათქვამია, რომ სტუდენტთა მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციების პარალელურად, ირანში, მშრომელთა საპროტესტო გამოსვლებიც ეწყობა. როგორც ჯეიმს ვულსი აღნიშნავს, ირანული თეოკრატიის იდეოლოგიას ნიადაგი ეცლება დღითიდღე, რაც აშკარად თვალშისაცემია. სტატიაში, შემდეგ ვკითხულობთ:

”მეჩეთისა და სახელმწიფოს კავშირი ირანში, ისეთივე არამყარი აღმოჩნდა, როგორც ალიანსი, ევროპაში, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. შიიტური თეოკრატია დღეს იმავე ფაზაშია, საბჭოური კომუნიზმი რომ იყო 80-იანი წლების დასაწყისში: კვლავაც ხელისუფლების სათავეში, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული, როგორც არაქმედითუნარიანი და უნაყოფო. ხოლო მმართველ მოლებს სულ უფრო უძნელდებათ დემონსტრანტებთან გამკლავება პოლიციისა და უშიშროების სამსახურის მეშვეობით. დასავლეთის ლიდერებს კარგად მოეხსენებათ, რომ ირანის რეფორმისტ პრეზიდენტს მოჰამად ხათამის მკაცრი კურსის მომხრე კონსერვატორი მოლები უქმნიან ათანასირ დაბრკოლებებს. 3 წლის შემდეგ, როცა ხათამის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, მმართველმა მოლებმა უნდა მონახონ ხალხისათვის მისაღები სხვა ”ოფიციალური” რეფორმისტი, ანდა შეწყვიტონ მეჩეთისა და სახელმწიფოს შეუღლების მცდელობა, და მთავრობისაგან გამიჯნულ, ტრადიციულ საქმიანობას დაუბრუნონ სასულიერო პირები”.

გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით აშუქებენ ამჟამინდელ დაპირისპირებას შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის.”ურჩხულის ტირანია” – ასე მოიხსენიებს ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის რეჟიმს საფრანგეთის გაზეთი ”მონდი” და დასძენს, რომ პირადად სადამ ჰუსეინს მიუძღვის ბრალი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ერაყის 24-მილიონიან მოსახლეობას დაატყდა თავს; მოსახლეობას, რომელიც სხვა მთავრობის ხელში, ერთ-ერთი ყვლაზე შეძლებული იქნებოდა მთელს რეგიონში. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სადამ ჰუსეინის მთელი ძალისხმევა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისკენაა მიმართული, რითაც ერაყის პრეზიდენტი უხეშად არღვევს 1991 წელს ხელმოწერილ ვალდებულებებს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ამდენად, გასაგებია, თუ რატომ სურს ვაშინგტონს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა. მაგრამ, რამდენად გამართლებულია ამ მიზნის მისაღწევად ერაყთან ომის დაწყება? თანაც როცა წარმოდგენა არა გაქვთ, ვინ შეენაცვლება სადამ ჰუსეინის რეჟიმს? ძალზედ ძნელი იქნება ამჟამინდელი რეჟიმის დამხობის შემდეგ სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რომელიც სუნიტებსა და შიიტებსა აქვთ გაყოფილი, ხოლო ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთი უმცირესობა დამოუკიდებლობას მოითხოვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ერაყზე თავდასხმა, მაგრამ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ორადაა გაყოფილი ამ საკითხში”.

უკეთებს რა კომენტარს ამერიკა-ერაყის დაპირისპირებას, გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” პარალელს ავლებს დღევანდელ ვითარებასა და ევროპაში 1939 წელს დაწყებულ ”ომის ისტერიას” შორის, როცა ყველამ იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც გერმანიამ პოლონეთი დაიპყრო, ომი გარდაუვალი იყო, თუმცა ქვემეხების ხმა არ ისმოდა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ შესაძლოა გამართლებულიც იყოს, მაგრამ არა 11 სექტემბრის ტერაქტების პასუხად. ჯერჯერობით არაა არანაირი სამხილი იმისა, რომ ბაღდადს სერიოზული კავშირი ჰქონდა 11 სექტემბრის მოვლენებთან, ან კიდევ ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან”. ცნობილია, რომ ერაყს გააჩნია ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, რომლის შეძენაზე ოცნებობენ ტერორისტები. თუმცა ასეთივე იარაღი გააჩნია რუსეთს და კიდევ სხვა ქვეყნებს. მართალია, არ შეიძლება გამოვრიცხოთ მომავალში კავშირი ერაყსა და ტერორისტებს შორის, თუმცა ჯერჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბაღდადს განზრახული აქვს სხვებს მიაწოდოს მასობრივი განადგურების იარაღი. საფრთხეს, ერაყი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს უქმნის. სადამ ჰუსეინმა მეზობელი ქუვეითი დაიპყრო, ”სკადის” რაკეტები დაუშინა ისრაელის ქალაქებს, ხოლო ირანის, აგრეთვე ერაყში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოიყენა. განაახლა რა ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება, ერაყმა შესაძლოა ნავთობის საბადოების ხელში ჩადგება მოისურვოს სპარსეთის ყურის რეგიონში; საბადოებისა, რომლებზეც დასავლეთის ეკონომიკაა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული. ბაღდადმა ამასთანავე, შესაძლოა განაახლოს ისრაელზე თავდასხმა. ყოველივე ამის გამო შესაძლოა გამართლებულიც იყოს ამერიკის სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, თუმცა მანამდე ყველა სხვა შესაძლებლობა უნდა იქნეს ამოწურული”.

როგორც გაზეთი ”ფაინენშალ ტაიმსი” აღნიშნავს, ერაყში პროპაგანდისტული კამპანიაა გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები თავდასხმას აპირებს ბაღდადზე, და რომ ვაშინგტონის სამიზნე სადამ ჰუსეინი კი არა, არამედ ამაყი ერაყელი ხალხია. თუმცა, რამდენად აჰყვება გაღატაკებული და იზოლირებული ერაყელი ხალხი ამ პროპაგანდას, ძნელი სათქმელია, მაგრამ გარკვეული შედეგი უკვე სახეზეა. ერაყელი ქურთები და შიიტები მიიჩნევენ, რომ დასავლეთმა მათ უღალატა, როცა ბედის ანაბარა მიატოვა სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულები. გაზეთი განაგრძობს:

”ყოველივე ამის შემდეგ გაეროს ეკონომიკური სანქციებით დაზარალებულ მრავალ ერაყელს აღარ სჯერა უკვე, რომ მათი ინტერესები შეერთებული შტატებისას ემთხვევა. ხუთშაბათს, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ, წერილობით ამცნო გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, რომ ბაღდადი მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლების თაობაზე. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, სადამ ჰუსეინის ეს ტაქტიკური ნაბიჯი იმისთვისაა გამიზნული, რომ იზოლაციაში მოაქციოს ვაშინგტონი, რომელიც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისათვის ემზადება.”
XS
SM
MD
LG