Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთს აგრესიისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულ განცხადებებს საქართველოს მისამართით ბოლო არ უჩანს. 2 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა არ

გამორიცხა პანკისის ხეობისთვის პრევენტიული დარტყმების მიყენების შესაძლებლობა. ოფიციალური თბილისი ამ განცხადებას აგრესიისკენ მოწოდებად აფასებს.

თუ აქამდე საქართველოს მიმართ, ასე ვთქვათ, ექსცენტრული განცხადებებით რუსეთის დუმა იყო გამორჩეული, ბოლო დღეებში, აგრესიის თვალსაზრისით, ვლადიმერ ჟირინოვსკის ტოლს არ უდებენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები. ჯერ იყო და, ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარგელოვმა განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭო მხარს დაუჭერდა რუსეთის პრეზიდენტის თხოვნას პანკისის ხეობაში რუსეთის დესანტის გადასხმის შესახებ, – რუსმა სენატორმა აშშ-ის მაგალითი მოიყვანა თავისი მოსაზრების გასამაგრებლად, 2 აგვისტოს კი უკვე ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი გამოვიდა “რაციონალისტური” წინადადებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, “პრევენტიული დარტყმები განახორციელოს” პანკისში არსებულ ჩეჩენი ბოევიკების ბანაკებზე, – ამჯერად ისრაელის მაგალითი იქნა მოყვანილი, რომელიც თურმე არ ელის, როდის მიუკაკუნებს საფრთხე და თავად ახორციელებს პრევენტიულ დარტყმებს ტერორისტების ადგილსამყოფელზე.
ძნელი სათქმელია, გამოიწვევს თუ არა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ეს განცხადება პალესტინის ხელმძღვანელობის გაღიზიანებას, მაგრამ ოფიციალურ თბილისს რომ სრული საფუძველი აქვს ეს განცხადება საქართველოს მისამართით პირდაპირი აგრესიისკენ მოწოდებად შეაფასოს, ფაქტია.
სხვათა შორის, მირონოვის განცხადება დაემთხვა საქართველოში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის სტუმრობას. დელეგაციის ხელმძღვანელის, დევიდ დრაიერის განცხადებით, ამერიკის მთავრობა კარგად იცნობს პანკისის პრობლემას და მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან ეს პრობლემა გადაწყვიტოს ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ამავე დროს, ამერიკელი კონგრესმენის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის მოსახსნელად აშშ მხარს უჭერს პრობლემის საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტას, რადგან ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვალდებულებები რუსეთსაც აქვს და საქართველოსაც.
“საქართველო დგას ახალი გამოწვევის წინაშე – ტერორიზმის, ეკონომიკური გარდაქმნების, ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და რიგი რეგიონული პრობლემების კუთხით”, – ასე აღიქვეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებიც 2 აგვისტოს შეხვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. ვიზიტის ოფიციალუირი მიზანია საქართველოში მიმდინარე წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის მონიტორინგი. უახლოეს ხანში საქართველოს ამერიკელ კონგრესმენთა კიდევ ორი დელეგაცია ესტუმრება.
XS
SM
MD
LG