Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამ კვირის პრესის ერთ-ერთი ძირითადი თემაა.


თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამ კვირის პრესის ერთ-ერთი ძირითადი თემაა. 2-8 აგვისტოს გაზეთ “ახალი ეპოქის” თქმით, “რუსეთი ანტიტერორისტულ განცდებში ისე ღრმად ჩაეფლო,

რომ, როგორც ჩანს, თავის საქციელს ვეღარ აკონტროლებს. ერთი მხრივ, კრემლი უარყოფს პანკისის ხეობის დაბომბვაზე ბრალდებებს, - ჩვენი თვითმფრინავები ამ რაიონის სიახლოვესაც არ
გაგვიჭაჭანებიაო, მეორე მხრივ კი, აშკარად, დაფაუფარავად იმუქრება: რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს პანკისის ხეობაში ვითარების დარეგულირება, ეს ჩვენი ძალებით უნდა გავაკეთოთო. რუსმა გენერლებმა თავის პრეზიდენტს საბრძოლო მზადყოფნაც კი უპატაკეს.
მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან 15-ოდე კილომეტრში უკვე ერთი კვირაა გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის ფედრალურ ძალებსა და ჩეჩენ მებრძოლებს შორის. თუ
რუსეთი ავიაციას არ იყენებს, მაშინ როგორ გავიგოთ რუსეთისავე ტელევიზიით გავრცელებული ცნობები, საავაციო და საარტილერიო ცეცხლმა ათობით
მოთარეშე გაანადგურაო. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. რუსებს ხომ პირველად
არ დაუბომბავთ პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორია.

თუ რუსეთმა უკვე მერვე წელიწადია “საკუთარ სახლში” ვერ მოაგვარა
“ბოევიკების” პრობლემა, რატომ ჰგონია, რომ ამას სხვასთან შეძლებს? როგორც
ჩანს, კრემლში “იოლი გამოსავალი” მოძებნეს და სურთ, საკუთარი უსუსურობა ჩეჩნეთში საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალონ – პანკისში
ტერორისტებს აბარტყებენო.
ჩეჩნეთის ომში რუსმა გენერლებმა და მათმა მოსკოველმა პოლიტიკურმა
მოკავშირეებმა მილიონები იშოვეს. რა გასაკვირია, რომ ისინი
დაინტერესებულები არიან რეგიონში “ცხელი წერტილის” შენარჩუნებით. ჩეჩენი “ბოევიკები” მათი საარსებო წყაროა, “ბრალდებული” საქართველოს
ხელისუფლება კი მეხამრიდი “ძლევამოსილი რუსული არმიის” კრახის
დასაფარავად.

“ახალი ეპოქის” თქმით, “ტყუილა ჰგონია კრემლს, რომ ვაშინგტონი გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აშკარა
აგრესიის ნებას დართავს. რუსეთის აგრესიული გააქტიურება სამხრეთის მიმართულებით თეთრი სახლის ადეკვატურ რეაქციას იწვევს. შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ფილიპ რიკერი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას პანკისის
ხეობაში პრობლემების მხოლოდ საკუთარი ძალებით, სხვა ქვეყნის ჩაურევლად მოგვარებასთან დაკავშირებით. მეტიც, თეთრი სახლი თბილისთან კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. ფილიპ რიკერის
განცხადებით, ჯორჯ ბუში თვალყურს ადევნებს საქართველო-რუსეთის
საზღვარზე შექმნილ სიტუაციას. ამერიკის მთავრობა “ შეშფოთებულია
საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებით და მის ტერიტორიულ მთლიანობას “ყოველმხრივ მხარდაჭერას უცხადებს".

პირველი აგვისტოს გაზეთ “რეზონანსის” აზრით, “დიდი რუსეთის პრეზიდენტმა ორიგინალურობით, შესაძლოა, მთელი მსოფლიო გააოცოს. მან პანკისის ხეობაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მწყემსი მამცობისათვის ორდენით
დააჯილდოვა. მწყემსის დამსახურება პუტინისა და რუსეთის წინაშე ის არის,
რომ მან რუს მესაზღვრეებს განუცხადა, ჩეჩენი ტერორისტები საქართველოს საზღვარზე გადავიდნენ, შევარდნაძის დავალებით ქართველმა მესაზღვრეებმა
ფული აიღეს და ამ საშინელებას არხეინად უყურებდნენო.

აღშოთებულმა პუტინმა დაასკვნა, “ქართველი მწყემსები უფრო დიდ პატივს
სცემენ რუსეთს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება”.

გაზეთის აზრით, “რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში ფარული მუქარა
ჟღერდა. მან ქართველი ხალხი და ხელისუფლება გამიჯნა: კეთილი ხალხი –
ბოროტი ხელისუფლება… ამ განცხადებიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებამდე დიდი რუსეთის ჩეკისტურ ორგანოებს ერთი
ნაბიჯიღა აშორებთ. სხვათა შორის, საქართველოში უკვე საკმაოდ
დამაჯერებელი ინფორმაციები არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში სიტუაციის აფეთქებისა და ქვეყნის
დაშლის გეგმა უკვე შემუშავებულია და განხორციელების პირველი ეტაპიც მიმდინარეობს”.

ახლა კი შიდა პოლიტიკურ სფეროში არსებულ დაპირისპირებას შევეხებით.
2 აგვისტოს საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინების” წევრმა, ვალერი
გელბახიანმა განაცხადა, რომ თამაზ ნადარეიშვილის იმპიჩმენტის საკითხს
დასვამს პარლამენტში. მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა:
2 აგვისტოს გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ “პირველ აგვისტოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის მიერ დათქმული
ცნობილი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მაგრამ აფხაზეთში პარტიზანთა
საომარი მოქმდებების განახლების ნაცვლად “ომი” იმელის შენობაში დაიწყო – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე გამეფებულ “ძალისმიერ” განწყობას “აღორძინების” წარმომადგენელი ჯემალ გამახარია არაფრის დიდებით არ
შეეპუა. თამაზ ნადარეიშვილის აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების
გეგმაც მოურიდებლად დაიწუნა და უმალვე ასეთივე ძლიერი და მოურიდებელი მუშტებისა და მუჯლუგუნების წვიმაც მოიმკა”.

“ამასობაში კი თამაზ ნადარეიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – სასამართლოს გარდა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მთელი
შემადგენლობით დაითხოვა. მან ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ხელისუფლების
ახალი სტრუქტურების შექმნის საჭიროებით ახსნა, თუმცა აღარ განუმარტავს,
რა რეალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ჩანაცვლებას. სამაგიეროდ,
პარტიზანთა პასიურობა და დამსვენებელთა აქტიურობა ძალზე ორიგინალურად დაუკავშირა ერთმანეთს: “აფხაზეთში, ივლისადმე კურორტები დამსვენებლებით
იყო გადაჭედილი, ახლა იქ არც ერთი დამსვენებელი არ არის. ამიტომ დღეიდან
ჩვენი პირველი ამოცანა ის იქნება, რომ აფხაზეთში მუდმივი შიშით
ცხოვრობდენენ”, - ასე დაასრულა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შვიდთვიანი მორატორიუმი და პარტიზანებს აფხაზეთში დესტაბილიზაციის აღმოცენებისაკენ მოუწოდა, ანუ, მისი აზრით, დღეიდან აფხაზეთში
დამსვენებელთა და პარტიზანთა ფუნქციები უნდა შეიცვალოს – დამსვენებლები
უნდა გაპასიურდნენ, ხოლო პარტიზანები გააქტიურდნენ. მოკლედ,
ნადარეიშვილი კონფლიქტის მოწესრიგების მშვიდობიან პროცესს ამოწურულად მიიჩნევს და ყველას, მათ შორის, აფხაზეთის დეპუტაციით დაკომლექტებულ ორ საპარლამენტო ფრაქციას, გუბერნატორებს, საერთოდ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ერთიანი პოზიციის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. ეს მოწოდება
კი “ქარიშხალივით” ჟღერს: “მოვითხოვ, დადგეთ იქ, სადაც მე ვდგავარ”.

თუმცა, გაზეთის აზრით, “დღესავით ცხადი და ნათელია, რომ “აღორძინების” წარმომადგენლები არასოდეს დადგებიან იქ, სადაც ნადარეიშვილი და იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი აპირებენ დადგომას”.

“ახალი თაობა” აგრეთვე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებისთვის შესაბამისი გარემოებანი არც ადგილობრივი და არც
საერთაშორისო თვალსაზრისით ჯერ არ აღმოცენებულა, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ძალისმიერი მეთოდების დროც მალე დადგეს.

წერილის დასასრულს გაზეთში ნათქვამია: “ისე, ერთი გარემოება მაინც
საკვირველია: გამახარია ნადარეიშვილს პრეზიდენტის დაკვეთების
შემსრულებელს იმ დროს უწოდებს, როცა აჭარის ავტონომიის მეთაური,
იმავდროულად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძე და თავად საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდანაძე აფხაზეთის სამშვიდობო მეთოდებით
დაბრუნების პრიორიტეტებს ერთხმად აღიარებენ. ყოველი შემთხვევისთვის, მათი პოზიციები ამ მიმართულებით სადღეისოდ მაინც იდენტურია. ამიტომ,
გამახარიასეული ლოგიკით, ნადარეიშვილსაც ზუსტად ასეთივე წარმატებით
შეუძლია შევარდნაძის ლაქია თავად გამახარიას უწოდოს. ლაქიებისა რა
მოგახსენოთ, მაგრამ ამგვარი ურთიერთბრალდებები ყველაზე მეტად იმას
ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც ფლობს მოვლენათა
ორივე მიმართულების მაკონტროლებელ ბერკეტებს”.
XS
SM
MD
LG