Accessibility links

logo-print

შევარდნაძე ფეხბურთზე ალაპარაკდა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ზუსტად 2 წლის შემდეგ, 2004 წლის აგვისტოში ათენში ოლიმპიური

ცეცხლი აინთება. საბერძნეთი დიდ სამზადისშია – როგორც იქნა, ოლიმპიადა სამშობლოში ბრუნდება. 394 წლიდან მოყოლებული, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიოს I, ოლიმპიური თამაშები – როგორც წარმართული დღესასწაული – აკრძალა, 1896 წლამდე, ვიდრე ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის ძალისხმევით თამაშები განახლდა და თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადის მასპინძლობის პატივი ათენს ერგო, მთელი 15 საუკუნე გავიდა. ამის შემდეგ, 1896-დან 2004 წლამდე, ოლიმპიადამ კვლავ დატოვა საბერძნეთი. კიდევ კარგი, რომ 28-ე თამაშების დედაქალაქად ათენი დასახელდა, თორემ საბერძნეთისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გზები საბოლოოდ გაიყრებოდა. ბერძნები ხომ ჯერ კიდევ ატლანტის ოლიმპიადამდე იმუქრებოდნენ – თუ საიუბილეო, ე.წ. ასწლოვანი ოლიმპიადა ათენში არ გაიმართება, ბოიკოტს გამოგიცხადებთ და საქვეყნოდ შეგარცხვენთ, თქვენი ასე და ისეო. მაშინ მუქარამ არ გაჭრა – შედარებით პატარა და ღარიბ საბერძნეთს, დიდმა და მდიდარმა ამერიკამ აჯობა, მომდევნო თამაშების მასპინძლად კი სიდნეი გამოცხადდა.


1997 წელს გამართულმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 106-ე სესიამ, როგორც იქნა, სპორტულ სამყაროს ანგარიში გაუწია და არჩევანი ათენზე შეაჩერა. დიახ, უკვე 5 წელი გავიდა, რაც ბერძნები საოლიმპიადო სამზადისში ჩაებნენ, თუმცა საქმე ჯერ კიდევ თავზე საყრელად აქვთ. 1896 წლის ოლიმპიადის გამოცდილება, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეღავათია: სად თამაშებში მონაწილე მაშინდელი 14 ქვეყნის 245 სპორტსმენი და სად დღევანდელი 200 ქვეყანა და 11 ათასი სპორტსმენი.


საორგანიზაციო კომიტეტი ირწმუნება, რომ საოლიმპიადოდ ყველაფერი რიგზე იქნება და მიწიერ საქმეებს ბოლომდე მიიყვანენ, ზეციურს კი ისედაც არაფერი ემუქრება: ანტიკურ ოლიმპიაში ფეხადგმულ თამაშებს ხომ ოლიმპიელთა უზენაესი ღვთაება, “ღმერთთა და კაცთა მამა, ზევსი მფარველობს, ათენს კი – ზევსის შვილი, ქალღმერთი ათენა”. თუმცა, ამგვარი არგუმენტები ყველასთან და ყოველთვის როდი ჭრის. გავიხსენოთ თუნდაც შარშანწინდელი ისტორია, როცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საინსპექციო კომისიამ განგაში ატეხა, ათენის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის შეფერხების გამო და ადგილობრივ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: თუ სასწრაფო ზომებს არ მიიღებთ და მზადების ტემპს არ დააჩქარებთ, თამაშების სხვაგან გადატანა მოგვიწევსო. ამ გაფრთხილებას ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა: საბერძნეთის მთავრობამ დამატებითი საბიუჯეტო სახსრები მოიძია, საორგანიზაციო კომიტეტმა კი ახალი სპონსორები გაიჩინა და საქმეც დაიძრა. ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი იანა ანგელოპულოსი დღეს მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს: “ჩვენ ბევრი ბრწყინვალე ოლიმპიადა გვახსოვს, მაგრამ ათენი უბრწყინვალესი იქნება”
სწორედ ანგოლოპულოსის მიწვევით ამ დღეებში ათენში იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია. ასეთი შეხვედრები ტრადიციულია და მიზნად ისახავს ოლიმპიადის მასპინძლებსა და მომავალ სტუმრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ურთიერთსაინტერესო ინფორმაციის გაცვლას, საცხოვრებელი, საწვრთნელი და საშეჯიბრო პირობების გაცნობას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ემზარ ზენაიშვილის განცხადებით, ვიზიტი ერთობ საინტერესო და სასარგებლო გამოდგა.
[ემზარ ზენაიშვილის ხმა] “ჩვენ შევხვდით ჩვენი საელჩოს ხელმძღვანელობას ათენში, დავათვალიერეთ მშენებარე ობიექტები, რომლებიც ფაქტიურად მზად არის თამაშებისათვის, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობას, მათ შორის იმ სამსახურებს, რომლებთანაც ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული, მჭიდრო კონტაქტები მთელი ამ 2 წლის მანძილზე. შევხვდით, სხვათა შორის, ჩვენს სავარაუდო სპონსორებს. ასე რომ, მრავალფეროვანი იყო ეს შეხვედრები, მრავალმხრივ საინტერესო იყო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ ის დამატებითი ინფორმაცია, რაც გვჭირდებიდა ამ ეტაპზე.”
ოლიმპიური თამაშებისთვის, ათენთან ერთად, ცხადია, მომავალი ოლიმპიელებიც ემზადებიან. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა 28-ე ოლიმპიური თამაშემისთვის ქართველ სპორტსმენთა მომზადების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია და საგანგებო ოლიმპიური პროგრამა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა დაეკისრა ფინანსთა სამინისტროს, ოღონდ “სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში”. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ვერ შესრულდება ოლიმპიელთა მომზადების პროგრამაც. ემზარ ზენაიშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ფინანსები არ ჩანს და თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ქაღალდზე იარსებებს. იმედია, ამ პრობლემას მალე განიხილავს უკვე ნახსენები სახელმწიფო კომისია, რომელსაც თავად ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ედუარდ შევარდნაძემ ოლიმპიელებისთვის აქამდე ვერ მოიცალა, სამაგიეროდ, საფეხბურთო ამბებზე უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საარჩევნო ყრილობასაც გამოეხმაურა: ”მივესალმები თბილისის “დინამოს” აღორძინებას. ამ გუნდს საქმიანი და სერიოზული პატრონი გამოუჩნდა. ფეხბურთი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქვეყნო საქმედ მიმაჩნია, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, ჩარევის უფლება არ მაქვს და ამას არც გავაკეთებ. სასურველია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში უფრო აქტიური და ინიციატივიანი ხალხი მოვიდეს. მე ძველი თაობის, მომდევნო თაობების არც ერთ ფეხბურთელს არ ვიცნობ და მჯერა, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ.”
პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა აშკარაა, რომ შევარდნაძე “სწორ არჩევანში” დავით პეტრიაშვილს გულისხმობდა. გასულ კვირას საარჩევნო ფრონტზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინაში დაიბარეს. როგორც ჩანს, იოზეფ ბლატერი და ფიფას იურიდიული კომიტეტი საფუძვლიანად დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთის პრობლემებით.
XS
SM
MD
LG