Accessibility links

logo-print

ერაყის წინააღმდეგ ომი ამერიკელ სენატორებს გარადაუვალად მიაჩნიათ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატების ლიდერმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ერაყთან ომი, როგორც ჩანს, გარდაუვალია.

სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა კი თქვა, რომ სამხედრო აქციების დაწყებამდე, საჭიროა კონგრესში დებატებისა და კენჭისყრის ჩატარება.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წევრები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ გადაწყვეტილება, როგორ უნდა “შეიცვალოს ერაყის რეჟიმი”, სხვა სიტყვებით, რანაირად უნდა მოხდეს ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ჩამოგდება, ჯერ მიღებული არ არის და პენტაგონის გეგმები შედარებით ადრეულ სტადიაში იმყოფება.

მიუხედავად ამისა, ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის ტელევიზიით გამოსვლაში თქვა, რომ, მისი აზრით, ომი ერაყთან გარდაუვალია. “ერთად-ერთი კითხვა არის. ჩვენ ვიომებთ მარტო? სხვებთან ერთად? რამდენ ხანს გაგრძელდება და რად დაგვიჯდება ჩვენ ეს ომიო,” თქვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდმჯდომარემ. ბაიდენი იზიარებს ბუშის აზრს, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მისი თქმით, იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ბაღდადს ერია ხელი 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებში, არ მოიპოვება.

რესპუბლიკელი სენატორი ტრენტ ლოტი რამდენიმე ხნით ადრე აცხადებდა, რომ პრეზიდენტს არ სჭირდება კონგრესის თანხმობა საომარი მოქმედების დაწყებისთვის, ვინაიდან 11 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენმა მიიღო უფლებამოსილება გაილაშქროს ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ, ვისაც შეიძლება ჰქონდა კავშირი შარშანდელ ტერორისტულ თავდასხმებთან. ლოტი ვარაუდობს, რომ ერაყი შეიძლება დაკავშირებულია ასეთ ჯგუფებთან.
დღეს ლოტი თვლის, რომ დებატები სასურველია, ვინაიდან, მისი თქმით, “ამერიკა უნდა გაერთიანდეს; უნდა ვიცოდეთ ჩვენი პრობლემები, ჩვენი მიზნები. ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩავრიოთ ამ საქმეში მსოფლიოო.”

მაგრამ არც ერაყი ზის გულხელდაკრეფილი. გასულ კვირაში ბაღდადმა გაეროსგან მოითხოვა მოეწყოს მოლაპარაკებები გაეროს შეიარაღების ინსპექტორების ერაყში დაბრუნების თაობაზე.

ინსპექტორების დაბრუნების პერსპექტივამ შეიძლება შექმნას ახალი საერთაშორისო სიტუაცია, რომელიც აიძულებს ვაშინგტონს შეაჩეროს ერაყის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები.

ერაყი მოითხოვს, რომ გაეროს შეიარაღების მთავარი ინსპექტორი ჰანს ბლიქსი ჩავიდეს ბაღდადში და განიხილოს ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის მდგომარეობა. ამაზე არის დამოკიდებული, გააუქმებს თუ არა გაერო სანქციებს, რომლებიც დააწესა ერაყის წინააღდემგ, ქუვეითში მისი შეჭრის შემდეგ 1990 წელს.

მაგრამ ბლიქსმა არაერთხელ გაიმეორა, რომ უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუცია უკრძალავს მას გააანალიზოს შეიარაღების მდგომარეობა იქამდე, სანამ ინსპექტორები არ დაბრუნდებიან ერაყში და ადგილზე არ დაადგენენ, რა ცვლილებები მოხდა 1998 წლის დეკემბრის შემდეგ როცა მათ დატოვეს ეს ქვეყანა. მას მერე ინსპექტორებს ერაყში არ უშვებდნენ.

გაეროს ინსპექტორების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებმა უკვე შეიტანა განხეთქილება დასავლეთის ალიანსში.

მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი განიცდის პოლიტიკური და სამხედრო წრეების ზეწოლას, არ დაუჭიროს მხარი შეერთებული შტატების ცალმხრივ ინტერვენციას ერაყში და ამის ნაცვლად მთელი ყურადღება გაეროს ინსპექტორების დაბრუნების მცდელობებს მიაპყროს.

ავსტრალიამ აგრეთვე გადაწყვიტა ეროვნული დებატების მოწყობა, სანამ მთავრობა ივალდებულებს გაგზავნოს ჯარები შეერთებული შტატების დასახმარებლად, ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებაში.
XS
SM
MD
LG