Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა კიდევ უფრო გაამკაცრა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა გადაადგილება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 5 აგვისტოს, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილში – ბიბლიურ სამარიაში – პალესტინელთა გადაადგილება ასოლუტურად აკრძალულია.

ეს ზომა მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 24 საათის განმავლობაში ტერორისტულ აქტებში 13 ადამიანი დაიღუპა.

გადაადგილებაზე აკრძალვის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა. მისი სიტყვით, “სამარია მთლიანად გადაკეტილი იქნება… ვერავინ შევა და ვერავინ გავა იქიდანო.” სამხედროების თქმით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის.

ახალი წესების თანახმად, აბსოლუტურად აკრძალულია მოძრაობა სამარიის ქალაქებს ნაბლუსს, ჯენინს, კალკილიას, ტულკარემსა და რამალას შორის. დასავლეთი ნაპირის სამხრეთი ნაწილის, ბიბლიური იუდეას ქალაქებს – ჰებრონს, ბეთლემსა და იერიქონს შორის მოძრაობა შეზღუდულ ფორმებშია დაშვებული.

გამკაცრება მოჰყვა სისხლიან 24 საათს, რომლის განმავლობაში 13 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის ისრაელის 11 მოქალაქე, როგორც ებრაელები, ისე არაბები, და ორი ფილიპინელი ქალი. დაიღუპა აგრეთვე სამივე ტერორისტი.

მას შემდეგ, რაც 22 ივლისს ისრაელის საჰაერო თავდასხმაში მოკლულ იქნა ექსტრემისტული ორგანიზაცია “ჰამასის” სამხედრო ფრთის მეთაური სალახ შეჰადე და მასთან ერთად 14 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, საპასუხო აქციებში 27 ისრაელი დაიღუპა.

ტერორისტული თავდასხმები ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ნაპირის რვა მთავარი ქალაქიდან შვიდში ისრაელის ჯარი დგას. ამან აღძრა კითხვა, რა პრევენციული საშუალებები დარჩა არმიას თვითმკვლელური აქტების შესაწყვეტად?

კვირას ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელ თავდამსხმელთა ცხრა სახლი დაანგრიეს, განაახლეს რა რამდენიმე წლის წინათ მიტოვებული პრაქტიკა. კიდევ ერთი წინადადება - ტერორისტთა ახლო ნათესავების დეპორტაცია - ისრაელის სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. მაგრამ თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ დეპორტაციის განხორციელება მაინც მოხერხდება.

ბოლო ძალადობებიდან აღსანიშნავია შემდეგი: ორშაბათ დილას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს დასავლეთ ნაპირზე მანქანით მიმავალი ისრაელი წყვილი. წყვილის სამი ბავშვიდან ორი დაიჭრა, ხოლო მესამე, 8 თვის ბავშვი, უვნებლად გადარჩა.

კვირას, ავტობუსის ზემოთ ხსენებულ აფეთქებაში, 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა. მძღოლი შმუელ რონენი მსუბუქად დაიჭრა, ისევე, როგორც 6 წლის წინ, იერუსალიმში, როცა აფეთქდა ავტობუსი, რომელიც მას მიჰყავდა.

ყველა ამ აქტისთვის პასუხისმგებლობას კისრულობს ექსტრემისტული ჯგუფი “ჰამასი”, რომელმაც პირობა დადო, რომ შურს იძიებს 22 ივლისის საჰაერო თავდასხმისთვის ღაზის სექტორში. “ჰამასმა” განაცხადა, რომ ეს იყო შურისგების კიდევ ერთი აქტი ოთხშაბათს იერუსალიმში ებრაულ უნავერსიტეტში მოწყობილი აფეთქების შემდეგ. მაშინ დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 5 ამერიკელი. 14 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კვირას საღამოს ქალაქ ღაზაში 4 ათასამდე პალესტინელმა იზეიმა ავტობუსის აფეთქება. ისინი არიგებდნენ ტკბილეულობას და ლოცულობდნენ შეჰადეს დანგრეულ სახლთან, ხოლო ექსტრემისტები რუპორებით გაიძახდნენ, მისი სისხლის ყოველ წვეთზე შურს ვიძიებთო.

პასუხისმგებლობას ახლო აღმოსავლეთის სისხლიანი დაპირისპირებისთვის, რომელიც 22 თვეა გრძელდება, ისრაელის მთავრობა აკისრებს პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს, რომელსაც კვირას 73 წელი შეუსრულდა.

პალესტინელთა ლიდერებმა, თუმცაღა დაგმეს თვითმკვლელური თავდასხმები, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი “ომის დამნაშავედ” გამოაცხადეს პალესტინელთა დაკავებისთვის, მათი სახლების დანგრევისა და კომენდანტის საათის დაწესებისთვის.
XS
SM
MD
LG