Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის “ბედნიერება”


70 წლის წინ მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც,

მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები კომუნისტური ცეკას ბრძანებით გააერთიანეს. 1932 წლის 23 აპრილს კრემლმა გამოსცა დოკუმენტი “ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ”, რომელიც სტალინის წერილის საფუძველზე დაიბეჭდა. წერილის სათაურია “ლიტერატურის ბედნიერება”. დღეს მოგითხრობთ სწორედ ამ დადგენილებაზე, რომლითაც კომუნისტურ კულტურაში სინამდვილეში არა ბედნიერების, არამედ რეპრესიების ხანა დაიწყო.

1932 წელს სერგეი პროკოფიევი საბჭოთა კავშირში დააბრუნეს. ახალგაზრდა მუსიკოსს უკვე მთელ მსოფლიოში თაყვანს სცემდნენ, კრემლს კი ძალიან სჭირდებოდა მთელი მსოფლიოს წინაშე თავის მოწონება და იმის დამტკიცება, რომ კომუნისტური რუსეთიდან არა მარტო გარბიან, არამედ სიამოვნებით ბრუნდებიან კიდეც. პროკოფიევმა მოსკოვში ჩამოსვლისთანავე დაასრულა თავისი მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი[ხმა: პროკოფიევის 5-ე კონცერტი]. ეს ნაწარმოები ნამდვილად არ გამოხატავდა იმ მეთოდოლოგიის პრინციპებს, რომელსაც 1932 წლიდან გაერთიანებულ კომუნისტურ კულტურას მოსთხოვდნენ. ბრძანებით გაერთიანებული მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები სწორედ 1932 წელს გაიგებენ პირველად სიტყვას – “სოციალისტური რეალიზმი”. ახალი მეთოდოლოგია მუსიკოსებს საბჭოთა სინამდვილის რეალისტურ გამოხატვას უბრძანებდა, თუმცა რანაირად უნდა დაახლოებულიყო რეალურ, ისიც საბჭოთა სინამდვილეს ავტორი მუსიკალური ბგერების საშუალებით, კომპოზიტორებს ეს ვერ აუხსნეს. კრემლის 1932 წლის აპრილის დადგენილების თანახმად, აქამდე მოღვაწე მწერლებზე, მხატვრებსა და კომპოზიტორებზე უკეთ სოცრეალიზმში მუშათა კლასი გაერკვეოდა: “დღეს – ვკითხულობთ დადგენილებაში, – ქარხნებიდან, ფაბრიკებიდან, კოლმეურნეობებიდან ახალი მწერლები, მხატვრები და კომპოზიტორები მოვიდნენ, ამიტომ არსებული პროლეტარული ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების ჩარჩოები მეტისმეტად ვიწროდ გამოიყურება. იქმნება საშიშროება ეს ორგანიზაციები გარდაიქმნენ ჩაკეტილ წრეებად, გაემიჯნონ თანამედროვეობის პოლიტიკურ ამოცანებს”.
ხელისუფლების დადგენილებაში განსაკუთრებული აქცენტი მწერლებზე გაკეთდა. კრემლი პროლეტარ მწერალთა ასოციაციების ლიკვიდაციას მოითხოვდა. გარდა ამისა დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ ”აუცილებელია ხელისუფლების პლატფორმაზე მდგარი ყველა მწერლის ერთიან საბჭოთა მწერალთა კავშირად გამთლიანება და ანალოგიური ცვლილებების უზრუნველყოფა ხელოვნების სხვა დარგებში". დადგენილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც ცეკას პრეზიდიუმის წევრი და მდივანი აბელ ენუქიძე ხელმძღვანელობდა. მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის ამიერკავკასიაში, დაიწყო ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების, ჯგუფების გაუქმება და, შესაბამისად, მათი ბეჭდვითი ორგანოების აკრძალვა. პირველი შეტევა მწერლობაზე სწორედ იმიტომ განხორციელდა, რომ ჯერ ერთი, ლიტერატურული ჯგუფები მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდნენ და, მეორეც, სწორედ მწერლები წარმოადგენდნენ პარტიის იდეოლოგიურ ბირთვს შემოქმედებითი ინტელიგენციის წრეებში: თავად სოციალისტური რეალიზმის მეთოდოლოგიის, ასე ვთქვათ, “ლიტერატურულ ბუნებაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ, ის, რისი გამოხატვაც შეუძლებელი იყო მუსიკალური ბგერით, ან ფერით, ადვილად წარმოჩინდებოდა სიტყვით – თუნდაც ყალბი სიტყვით.

ლიტერატურული ორგანიზაციების გაუქმება ყველაზე ადვილად საქართველოში მოხდა, რადგანაც აქ, პრინციპში უკვე არსებობდა ერთი, დიდი ორგანიზაცია – სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია, რომლის მოსპობა ერთი დარტყმით მოხერხდა. მოსკოვს, როგორც ჩანს, არ აწყობდა ამ ორგანიზაციის დემოკრატიული სტრუქტურა – ის, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა განსხვავებული სტილისა და მრწამსის მწერლებს საერთო ენა გამოენახათ და რომ ამისთვის სულაც არ იყო საჭირო ერთიანი მეთოდოლოგიის, სოცრეალიზმის დამკვიდრება.

მაგრამ კრემლის დოკუმენტს ყველა რესპუბლიკა უნდა დამორჩილებოდა. 1932 წლის 27 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლებმა საგანგებო ყრილობა გამართეს და საბჭოთა მწერალთა სრულიად საკავშირო ყრილობისთვის მზადება დაიწყეს. პარალელურად ხელისუფლება უხსნიდა მოსახლეობას, რომ ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციები გარდაიქმნებოდა “უცხო ელემენტების” გავლენისგან საბჭოთა კულტურის განთავისუფლების მიზნით”. ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ ეს “უცხო ელემენტები” ცოცხალი ადამიანები იყვნენ.

ხელისუფლების დადგენილებას პირველად რუსი პოეტები გამოეხმაურენ. 1932 წლის 7 მაისს “პრავდაში” დაიბეჭდა პოეტების ასეევის, ალტაუმენის, ინბერისა და სხვათა კოლექტიური წერილი, რომელიც პირადად სტალინს გაუგზავნეს. “ამ დადგენილებამ ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. – აღნიშნულია წერილში, – იმხანად, როცა საბჭოთა პოეზია პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში, ჩვენი ლიტერატურული ორგანიზაციაები არ უთმობდნენ პოეზიას ჯეროვან ყურადღებას. მოვითხოვთ, გავწმინდოთ პოეზია ჩვენთვის უცხო, მტრული ელემენტებისგან”.

სხვათა შორის, ეგრეთწოდებული “მშრომელთა კოლექტიური წერილების” მოდა საბჭოთა კავშირში სწორედ ამ პერიოდიდან დამკვიდრდა. კოლექტიური წერილების ავტორები აღფთოვანებას ვერ მალავდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით. რაც შეეხება “ინდივიდუალისტებს”, ისინი, როგორც ჩანს, მაინცდამაინც ვერ აცნობიერებდნენ, თუ რას უმზადებდა კრემლი საბჭოთა ინტელიგენციას. დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ფადეევმა კაგანოვიჩს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმხანად უკვე ძალიან პოპულარული მწერალი კითხულობდა: “მთელი ცხოვრება კლასობრივ მტერს ვებრძოდი და ახლა შემოქმედებით ჯგუფებს უნდა ვებრძოლო? იქ ხომ ჩემი მეგობრები მოღვაწეობენო”. კიდევ უფრო მძაფრი აღმოჩნდა რაპის ერთ-ერთი ლიდერის კირშონის ტონი ბარათში, რომელიც ამ მწერალმა კაგანოვიჩსა და ენუქიძეს გაუგზავნა. “ეს არ არის კონსოლიდაცია – ეს ლიკვიდაციაა. – წერდა კირშონი, –ამხანაგმა სტალინმა გვითხრა, რომ ჩვენ “თანაბარ პირობებში” უნდა ჩაგვაყენონ, მაგრამ ეს არ არის “თანაბარი პირობები”, ეს ჩვენი განადგურებაა.

კირშონს გულმა უგრძნო. მას მართლაც გაანადგურებენ ფიზიკურად...ოღონდ ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ხელისუფლება აკვირდებოდა იმათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ხელოვანთა კოლმეურნეობებში გაწევრიანებას. როგორც მოგვიანებით ვიქტორ შკლოვსკი იტყვის, ოფიციალურად არავის სთხოვდნენ ახალი კავშირების წევრობას, მაგრამ, ამავე დროს, ყველას აგებინებდნენ, რომ ახალ ორგანიზაციებში გაწევრიანება მეტ-ნაკლებად მაინც განაპირობებდა შემოქმედებით თავისუფლებას. თავის მოგონებებში შკლოვსკი შოსტაკოვიჩს იხსენებს. ოპერა “კატარინა იზმაილოვა” კომპოზიტორმა სწორედ 1932 წელს დაწერა... და რომ არა კომპოზიტორის მოჩვენებითი აპოლიტიკურობა, რომ არა მისი ეგრეთწოდებული “რევოლუციური” მუსიკა, დაწერილი პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმებისთვის, შოსტაკოვიჩის ამ ოპერას მაშინვე უწოდებდნენ “სუმბურს” ანუ “დომხალს”, “აბდაუბდას”. თუმცა, როგორც ჩანს, შოსტაკოვიჩი უკვე აიყვანეს “აღრიცხვაზე”. ამ ეპითეტებით კრემლი დიდ კომპოზიტორს მოგვიანებით შეამკობს, როცა ხელისუფლება კომპოზიტორებსაც ერთიან ორგანიზაციაში, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირში გააერთიანებს.[ ხმა: “კატარინა იზმაილოვა]

70 წლის წინ, ერთიანი შემოქმედებითი კავშირის შექმნის რეალური მიზეზების დადგენა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლისა და კაგებეს დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ცეკას დადგენილებას წინ უძღვოდა სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების მოხსენება, სახელწოდებით – “ინტელიგენციის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა”. ესაა ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი 37 წლის სტილში, პირველი ოფიციალური “დანოსი” იმ მწერლებზე, რომლებიც კომუნისტურ გარდაქმნებს არ ემორჩილებოდნენ. წერილში ციტირებულია მწერალი სავიჩევი, რომელსაც სადღაც უთქვამს: “ჩემი იდეოლოგიური კრედო პროსტიტუციაა. მუშაობის დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ხვალ ქვეყანაში სხვაგვარი მდგომარეობა იქნება”; ციტირებულია დრამატურგი გავრონსკიც ( “ჩვენ მხოლოდ პარტიული ორგანოების ქება-დიდებას გვთხოვენ”). საიდუმლო მოხსენებაში ხელისუფლებას მოუწოდებენ “პირუტყვი მწერლების” დასჯას. პირუტყვებს შორის ანდრეი ბელიც არის მოხსენიებული.

დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამ დოკუმენტის ავტორი – და, საერთოდ, ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების აკრძალვის მთავარი ინიციატორი – მაქსიმ გორკი იყო. იმხანად მან სტალინთან მიმოწერა გააჩაღა. ამის შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, პროგრამა “ოქროს საუკუნეში” გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG