Accessibility links

logo-print

მორიგი საჰაერო იერიში საქართველოს ტერიტორიაზე. ხელისუფლება რუსეთის გამოწვევებს თავშეკავებულად პასუხობს


რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ედუარდ შევარდნაძე ფრთხილობს და თავშეკავებულობას არჩევს.

ის უპასუხოდ ტოვებს პუტინის ბოლოდროინდელ გამომწვევ განცხადებებს და უკიდურეს სიფრთხილს იჩენს იმ გახშირებული ფაქტების მიმართაც, რასაც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებიდან საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა წარმოადგენს. ედუარდ შევარდნაძე, უწინდებურად, იტოვებს იმედს, რომ რუსეთის ხელისუფლება მსგავსი ფაქტების განმეორებას არ დაუშვებს. მოკლედ, რუსეთის აგრესიულ შემოტევას საქართველოს ხელისუფლების ნაცნობი პოზიცია ეგებება, თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ პანკისის პრობლემაში რუსეთის სამხედრო ჩარევას არ დაუშვებს.

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების შემოჭრა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვა არაერთხელ მოჰყოლია, ჩვეულებრივ ამბად იქცა. ასეთ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულებაც ჩვეულებრივი ამბავია. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან შემოჭრილ საბრძოლო საშუალებებს, რომელთა ჩამოგდებაც, ედუარდ შევარდნაძის თქმით, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, არ აგდებენ. პრეზიდენტი – ვინ იცის მერამდენედ – იტოვებს იმედს, რომ რუსეთის ხელისუფლება მსგავსი ფაქტების განმეორებას არ დაუშვებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი კატეგორიულად უარყოფს ფაქტებს, რომლებიც საქართველოს-რუსეთის საზღვარზე ინტენსიურად მეორდება. გასულ კვირაში მომხდარის შემდეგ, რუსეთიდან შემოფრენილი სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებიდან სოფელ ჭონთიოს მიდამოები დაიბომბა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების საქართველოში შემოჭრის მეოთხე შემთხვევაა და რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, არც არავინ დაიჯერებს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება მსგავსი ფაქტების განმეორებაზე აღარ წავა. პირიქით, ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთი საქართველოსთან დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს. ამაზე მეტყველებს პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებებიც და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მომხდარი ფაქტებიც. მათ შორის, ჩეჩენი ბოევიკების საქართველოში შემოჭრაც.

არსებობს ვერსია, რომ ჩეჩენი ბოევიკების საქართველოში შემოსვლის მცდელობა იყო იძულებითი ღონისძიება, რომ მათ საქართველოსკენ სწორედ რუსეთის ფედერალურმა ძალებმა უბიძგეს. ამ ვერსიას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძეც ეთანხმება. საზღვრის დაცვის დეპარტამენტში იმასაც ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოსკენ ბოევიკთა კიდევ 20-25 კაციანი ჯგუფის გამოდევნასაც შეეცდება. მოკლედ, არსებული პროგნოზების მიხედვით, უფრო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავებაა მოსალოდნელი, ვიდრე ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განეიტრალება. ასეა თუ ისე, პრეზიდენტი შევარდნაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებს შემაშფოთებელს მაინც არ უწოდებს და იმედებს ისევ რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაზე ამყარებს. შექმნილი პრობლემისადმი შევარდნაძის ამ ზოგადი პოზიციისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს. ორშაბათს მან საქართველოში დაკავებული ჩეჩენი ბოევიკების რუსეთის მხარისთვის გადაცემა მოითხოვა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოთხოვნის შესრულება განსაზღვრავს, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ნება. დაკავებულ ჩეჩენ ბოევიკებს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მათ მიმართ გამოძიებას უშიშროების სამსახური აწარმოებს. საქართველოს მხარე ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ამ ქვეყნის პროკურატურა დაკავებულების ტერორისტობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG