Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით


ეკა წამალაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი შეიძლება ითქვას, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება იდეა-ფიქსად იქცა რუსეთის პოლიტიკოსთა და სამხედროთა უმრავლესობისათვის.

თუმცა ამ საკითხში აზრთა გარკვეული სხდასხვასხვაობაც არსებობს, რასაც წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებიც ადასტურებს.

“რა მოუხერხოს რუსეთმა პანკისის ხეობას?” – ამ კითხვით მიმართავს
რესპონდენტებს 31 ივლისის გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”. რუსეთის
თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის თქმით, “საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან ტერორისტთა მსხვილი ბანდები, რომლებსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერაფერს უხერხებს. ეს ბანდები რუსეთის ტერიტორიაზე
შეღწევას ცდილობენ. ამ სიტუაციაში რუსეთის მხარე იძულებულია მიმართოს ზომებს, რათა რუსეთის მოქალაქეები ტერორისტთა შეღწევისკენ დაიცვას.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის
შეიარაღებული ძალების გამოუყენებლად პანკისის ხეობის პრობლემა ვერ გადაიჭრება”.

მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი იასტრჟემბსკი, პოლიტოლოგი ვიაჩესლავ ნიკონოვი, ტელეწამყვანი მიხაილ ლეონტიევი და სხვები. ყოფილი დიპლომატი ალეკსანდრ ბოვინი კი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთში ომის დამთავრებაა საჭირო: “როგორც კი ამ ამოცანას გადავჭრით,
ხეობის პრობლემა თავისთავად აღარ იარსებებს,” – ამბობს იგი.

2 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, რუსეთის პოლიტიკოსები და სამხედროები ისევ ითხოვენ პანკისში კონტტერორისტული ოპერაციის
ჩატარებას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასურველზე უკეთესი იქნებოდა, შესაბამისი მანდატი გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მიეღოთ.

“როგორც ჩანს, საერთაშორისო მანდატის მიღების ინიციირებისთვის მოსკოვი
მზად არის”, - წერს გაზეთი.

2 აგვისტოს გაზეთ “ტრუდის” ცნობით, ჯარების გაერთიანებული ჯგუფის
სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ “მის
ჯარებს ტერორისტებთან ბრძოლის ნებისმიერი ამოცანის შესრულება ძალუძს “ნებისმიერ ტერიტორიაზე”.

ანალოგიურად მსჯელობს საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი გეორგი შპაკი, რომლის თქმით, “მედესანტეები მზად არიან პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩასატარებლად”.

გაზეთის აზრით, ამგვარი განწყობილება მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა
ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. საქმე ის არის, რომ სულ რაღაც 60 კაცისგან
შემდგარი ხასანის რაზმის გასანადგურებლად არა მხოლოდ
ავიაგამანდგურებლების, ბომბდამშენებისა და არმიის ავიაციის ამოქმედება,
არამედ რეაქტიული ავიაციის გამოყენებაც გახდა საჭირო. მესაზღვრეთა
დამატებითი ძალები სტავროპოლის მხარიდანაც კი გადმოყავდათ.

“რა დრო და ჯარების რა რაოდენობა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ბანდიტური დაჯგუფებები გამოაძევონ პანკისის ხეობიდან, სადაც მოწინააღმდეგის
რაოდენობა, იმავე სამხედროების მონაცემებით, დაახლოებით ორი ათას კაცს შეადგენს?” – სვამს კითხვას გაზეთი “ტრუდი”.

წერილში აღნიშნულია, რომ ცნობებმა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ ვაშინგტონის შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, როგორც გაზეთი წერს,
ოკეანის გაღმა მიიჩნევენ, რომ ბანდიტურ გამოხდომებს პანკისის ხეობაში ბოლო
უნდა მოეღოს, ამიტომაც შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარი გამოუყო თბილისს რუსეთთან საზღვრის გამაგრებისათვის.

“ტრუდის” აზრით, შესაძლოა, ეს რუსეთისთვისაც ყველაზე უფრო რაციონალური
გზა იყოს. გაზეთის თქმით, “საქართველომ თვითონ მოიმწყვდია თავი კუთხეში,
მისცა რა ექსტრემისტებს მის ტერიტორიაზე დამკვიდრების საშუალება. ამიტომ თვითონ იფიქროს, რა მოუხერხოს მათ. ხოლო ის ფული, რომელიც პანკისში საბრძოლო ოპერაციაზე შეიძლება დახარჯულიყო, რუსეთს შეუძლია საზღვრის რთული მონაკვეთის განმტკიცებისთვის გამოიყენოს”.
XS
SM
MD
LG