Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის დათბობას ვარაუდობს


თამარ ჩიქოვანი, პრაღა რუსეთიდან საქართველოში შემოჭრილი ჩეჩენი მებრძოლების დაკავების შემდეგ, რუსეთის პრესა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

საერთო შეფასებით, დაკავებულების რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, ურთიერთობები მოსკოვსა და საქართველოს შორის შესამჩნევად დათბება. თუმცა, საქართველო ჩეჩნების ექსტრადაციისთვის არსებული წესების დაცვას აპირებს. ანუ, რუსეთის მხარეს მოუწევს დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ მარგელოვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რაც ადასტურებს ოფიციალური თბილისის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს. ასე შეაფასა რუსმა პოლიტიკოსმა საქართველოს სამართალდამცავების მიერ რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში შეჭრილი ჩეჩენი მებრძოლების დაკავების ფაქტი. "ვფიქრობ, უკანასკნელი მოვლენები უნდა შევაფასოთ, როგორც საქართველოს ხელისუფლების შემოტრიალება რუსეთთან თანამშრომლობისკენ. და ჩვენ მზად ვართ, ეს დავაფასოთო – განუცხადა მიხაილ მარგელოვმა სააგენტო "ინტერფაქსს". მისი თქმით, დამაიმედებელია პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ საქართველო მზად არის, რუსეთის მხარეს გადასცეს დაკავებული ჩეჩენი მებრძოლები. ასევე, იგი ყურადსაღებს უწოდებს საქართველოს პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა, როცა უარყოფდა პანკისის ხეობაში შეიარაღებული პირების არსებობას.

შეგახსენებთ: დაახლოებით ერთი კვირის წინათ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავდა პანკისის ხეობაში რუსეთის დესანტის გადასხმის შესაძლებლობას. "თუ პრეზიდენტი პუტინი ასეთი თხოვნით ფედერაციის საბჭოს მოგვმართავს, პრობლემა თანხმობაზე ნამდვილად არ შეიქმნება" – აცხადებდა მიხაილ მარგელოვი. დღეს იგი საქართველოს ხელისუფლების განცხადებების კილოს შეცვლას რუსეთის მკვეთრი პოზიციით ხსნის და იმედს გამოთქვამს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო რუსეთს პარტნიორობას გაუწევს.

როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინათ რუსეთთან პარტნიორობის თავისებურ მაგალითად პრეზიდენტმა პუტინმა უბრალო მეცხვარე თელიძე მოუყვანა, რომელმაც, რუსეთის მხარის მტკიცებით, მესაზღვრეებს რუსეთის ტეროტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების მოსალოდნელი შეჭრის ამბავი შეატყობინა.

6 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმირ მაკაროვმა ივარაუდა, რომ მეცხვარე თელიძე რუსეთში დარჩება. "ვფიქრობ, იგი ამიერიდან რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს, რადგან ბოევიკები მას ასეთ საქციელს არ აპატიებენ" – განუცხადა ჟურნალისტებს მაკაროვმა. სხვათა შორის, თელიძის ექსტრადიციას საქართველოს ხელისუფლება ითხოვს. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ვალერი ჩხეიძის განმარტებით, თელიძემ სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, რაც დანაშაულია.
საერთოდ კი, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით გამოვლენილი თანამშრომლობის მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოს მესაზღვრეების განმარტებით, გასული კვირის ბოლოს საზღვარზე დაკავებული შეიარაღებული პირები რუსმა მესაზღვეებმა საქართველოს საზღვართან მოიმწყვდიეს და ისინიც, იძულებული გახდნენ, საქართველოს ტეროტორიაზე გადასულიყვნენ. ამას ადასტურებს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებაც, რომ იგი მანამდე საქართველოში არ ყოფილა.

6 აგვისტოს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო დაცვის სამსახურის ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონულმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოში დაკავებული ჩეჩენი მებრძოლები არ არიან კერიგოს ხეობაში განადგურებული ჰასანის ჯგუფის წევრები. სარწმუნო წყაროებით, დაკავებულნი საველე მეთაურ რუსლან გელაევის დაჯგუფების წევრები არიან, რომლებმაც 2002 წლის ივლისში თავი მოიყარეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რუსეთში შეჭრის მიზნით. სავალი გზების დაზვერვის მიზნით გადმოსული ჯგუფი რუსმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს და არ მისცეს ქვეყნის სიღრმეში შეჭრის საშუალება. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ დაკავებულებს საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

დაკავებული ჩეჩნების რუსეთის მხარისთვის გადაცემის საკითხის გასარკვევად, თბილისში რუსეთის გენერალური პროკურორის გარდა, იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ჟდანოვი. საქართველოს კანონებით, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.
XS
SM
MD
LG