Accessibility links

logo-print

ავღანეთში, საომარ მოქმედებათა ადგილების მონახულების აკრძალვის გამო, ჟურნალისტები პენტაგონს აკრიტიკებენ


ანდრო ეული, პრაღა ცენტრალურ ავღანეთში გასულ თვეში მომხდარმა ინციდენტმა, როცა ამერიკის ავიაგამანადგურებელმა შემთხვევით დაბომბა სოფელი, რის შედეგადაც ქორწილში შეკრებილი ათობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა,

მთელი მსოფლიოს მასმედიის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა ტრაგედიის ადგილზე მხოლოდ ორი კორესპონდენტი დაუშვეს, ხოლო მოგვიანებით სხვა ჟურნალისტებს არ მისცეს უფლება, იმ ორი კორესპონდენტის მასალა გამოექვეყნებინათ.

ავღანეთში, შეერთებული შტატების თაოსნობით დაწყებული ანტიტერორისტული იპერაციის პირველი 3 თვის მანძილზე ამერიკელი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი იყო ყოველგვარი კონტაქტი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან, თანაც სიმკაცრით ეს აკრძალვა, სხვა ომებთან შედარებით, გამორჩეული იყო. ასეთი დასკვნაა გამოტანილი საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებში მოქმედმა კერძო გამომცემლობამ სახელწოდებით ”კოლუმბიის ჟურნალისტური მიმოხილვა”.

პენტაგონმა გაითვალისწინა საანგარიშო მოხსენებაში გამოთქმული კრიტიკა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნოემბერში ავღანეთში თალიბების რეჟიმი დაემხო, ხოლო დეკემბრის დასაწყისში, ქაბულში, პროდასავლური დროებითი მთავრობა შეიქმნა. მას შემდეგ ქაბულის ჩრდილოეთ შემოგარენში მდებარე ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, აგრეთვე, ყანდაარის აეროპორტსა და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ანტიტერორისტული კოალიციის პრესის საინფორმაციო ცენტრები მოქმედებს.

27 დეკემბერს პენტაგონმა გააუქმა მოთხოვნა, რომლის თანახმად, ჟურნალისტს საგანგებო ნებართვა უნდა მიეღო ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობის გასაშუქებლად. დეკემბრიდან მოყოლებული, კორესპონდენტებს ავღანეთში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

მაგრამ უკანასკნელმა ინციდენტებმა აღძრა ეჭვი, რომ პენტაგონის მესვეურნი ავღანეთში დაშვებული შეცდომების მიჩქმალვას ცდილობენ. ერთი ამგვარი ინციდენტი 6 დეკემბერს მოხდა ყანდაარის ჩრდილოეთით, როცა ამერიკელ ჯარისკაცებს თავიანთივე ნასროლი და მიზანს აცდენილი ყუმბარა მოხვდათ. ყანდაარის საჰაერო ბაზაზე მოქმედი პრესცენტრის ფოტოკორესპონდენტები საწყობში გამოკეტეს ამერიკელმა საზღვაო ფეხოსნებმა, რათა კორესპონდენტებს, დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის სურათი არ გადაეღოთ. მოგვიანებით პენტაგონმა წერილობით მოიბოდიშა და მომავალში ჟურნალისტებს მოქმედების მეტი თავისუფლება აღუთქვა.

უკანასკნელი ინციდენტი ურუზღანის პროვინციაში გასულ თვეში მომხდარ ტრაგედიას ეხება, როცა ამერიკის ავიაგამანადგურებელმა რაკეტა ესროლა სახლს, რომელშიც ხალხი ქორწილის დაწყებას ელოდა. ამ ინციდენტის შედეგად, სულ ცოტა, 48 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე მყოფ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო ჟურნალისტებს, ქაბულში მყოფმა დასავლელმა ჟურნალისტებმა მიმართეს თხოვნით, სამხედრო გამომძიებლებთან ერთად მათთვისაც მიეცათ ტრაგედიის ადგილზე ჩასვლის ნებართვა. მაგრამ დასავლელ ჟურნალისტებს უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ისინი ბაგრამის საინფორმაციო პრესცენტრში არ მსახურობენ. შედეგად, სოფელ დეჰ რავუდში, ამერიკელ გამომძიებლებთან ერთად, მხოლოდ ორი ჟურნალისტი ჩავიდა.
XS
SM
MD
LG