Accessibility links

logo-print

გაერომ და აშშ-ის კონგრესმა უარყვეს ბაღდადის წინადადება


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭო და გენერალური მდივანი კოფი ანანი ორშაბათს შეთანხმდნენ, რომ განიარაღების ექსპერტები არ უნდა ჩავიდნენ ერაყში 4 წლის წინათ შეწყვეტილი საქმიანობის განსაახლებლად,

ვიდრე სადამ ჰუსეინის მთავრობა არ დათანხმდება გაეროს მოთხოვნაზე, ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების წესთან დაკავშირებით. ვაშინგტონში, კონგრესის წამყვანმა წევრებმა უარყვეს ბაღდადის წინადადება, ერაყში მიავლინონ თავიანთი დელეგაცია ნებისმიერი სამხედრო ობიექტის შესამოწმებლად ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

ხუთშაბათს, გაეროს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილ წერილში ბაღდადმა გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე, შვედი დიპლომატი ჰანს ბლიქსი მიიწვია ერაყში, რათა ხსენებულმა კომისიამ, თითქმის ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, განაახლოს ქვეყანაში სამხედრო ობიექტების შემოწმება. დიპლომატები და გაეროს ხელმძღვანელობა სკეპტიკურად შეხვდნენ ამ წინადადებას და აღიქვეს იგი, როგორც დიპლომატიური ხრიკი, რომლის მიზანია, დრო გააჭიანუროს და გვერდი აუაროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ერაყის სამხედრო ობიექტების შემოწმება.

გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა, რომელიც უწინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, შვეციის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა, რომ, სულ ცოტა, 6 თვე იქნება საჭირო იმის შესამოწმებლად, თუ როგორ ასრულებს ერაყი გაეროს რეზოლუციებს. ბლიქსმა დასძინა ამასთანავე, რომ მას რამდენიმე თვე დასჭირდება ექსპერტების შესარჩევად და მოსამზადებლად, თუ გაერო და ბაღდადი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდებიან, რომ ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმება უნდა განახლდეს.

”ამერიკის კონგრესი არ ითხოვს მიპატიჟებას, ჩვენ ვთხოვთ ერაყს, უზრუნველყოს ქვეყანაში გაეროს განიარაღების კომისიის შეუფერხებელი მუშაობა” – განაცხადა დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა სენატში ტომ დეშლმა. ერაყის წინადადება უარყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმაც. ”ერაყმა უნდა შეწყვიტოს დროის გაყვანის ტაქტიკა. თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ მან განუხრელად უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტთა შეუფერხებელი საქმიანობა, რაზეც უკვე თითქმის 4 წელია, უარს ამბობს” – განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.

ბაღდადი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მოწოდებით გამოდის, ხოლო ამერიკის კონგრესში სულ უფრო მატულობს ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების მომხრეთა რიცხვი.

ორშაბათს, ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ, კოფი ანანმა კვლავ განაცხადა, რომ ”ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, ერთობ გაუმართლებელი იქნებოდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება”.
XS
SM
MD
LG