Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მიიღეს დეპუტატ შარაძის სარჩელი სასამართლოში


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ შარაძე ვაკე-საბურთალოს მოსამართლის, თემურ ტაბატაძის მძაფრი კრიტიკით გამოვიდა და გაკიცხა იგი "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორის,

ლევან რამიშვილის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის მიუღებლობისათვის. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა "ბრალი" მიუძღვის მოსამართლე ტაბატაძეს პარლამენტის წევრის წინაშე.

პარლამენტის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ცილისწამებისთვის უჩივის. შარაძის სასარჩელო განცხადების თანახმად, ლევან რამიშვილმა მას ცილი დასწამა დეპუტატისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დაბრალებით. მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური შუღლის სახით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისათვის. საინტერესოა, რომ სასამართლოში ჩივილი და პარლამენტიდან დროებით წასვლა დეპუტატმა თითქოს იმის გამო გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფილი იყო ლევან რამიშვილის შეკითხვით საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. თავად ლევან რამიშვილის შენიშვნით [რამიშვილის ხმა]: “ბატონი შარაძე, როგორც ჩანს, ცილისწამებად არ მიიჩნევს იმ გამონათქვამებს, რაც ეხება მის სავარაუდო თანამშრომლობას საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოებთან. თუ ბატონი შარაძის საჩივარს ვნახავთ, აქ არის, ასე ვთქვათ, იურიდიული ნაწილი და ლირიკული ნაწილი. ლირიკულ ნაწილში გამოთქმულია აღშფოთება, მაგრამ, სადაც ლაპარაკია იურიდიულ საკითხებზე და მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, იქ კრინტი არ არის დაძრული უშიშროების ორგანოებთან მის თანამშრომლობაზე. როგორც ჩანს, ეს ცილისწამება არ არის და ბატონი შარაძე ვერ ჩივის ამის გამო”.

არანაკლებ საინტერესოა, რა მოხდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენისას. მოსამართლე ტაბატაძემ მომჩივან შარაძეს, კანონის მოთხოვნის თანახმად, განუმარტა ცრუ დასმენისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და მოსთხოვა ხელწერილი. შარაძემ დაიწყო ხელწერილის წერა. ამასობაში მოსამართლემ დეპუტატსა და მის ადვოკატს, დავით ჯალაბაძეს განუცხადა, რომ შეუძლებელი შეიქნა ლევან რამიშვილის გამოძახება და მისთვის საჩივრის გაცნობა, რადგან საჩივარში არ იყო მითითებული დანაშაულის ჩამდენი პირის (ანუ ცილისმწამებელი ლევან რამიშვილის) სამისამართო ცნობები. მოსამართლე შეეცადა დაერწმუნებინა მომჩივანი, რომ კანონის თანახმად, ასეთი ცნობები აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. ამ დროს მოხდა ის, რაც ზუსტი გადმოცემის ღირსია და ჩვენც მივმართავთ სასამართლო სხდომის ამა წლის 26 ივლისის ოქმს: “მომჩივანმა გურამ შარაძემ – ვკითხულობთ ოქმში, – შეწყვიტა ხელწერილის წერა და მოსამართლეს მიმართა პრეტენზიით: თქვენ მე ღიმილით არ მომესალმეთ, გაქვთ მოღუშული სახე და მიყურებთ, როგორც პატიმარს. მე ვარ პარლამენტარი, მაქვს განსაკუთრებული დამსახურებები და მოვითხოვ შესაბამის ყურადღებას. მოსამართლე განუმარტავს შარაძეს, რომ მისი პრეტენზია და შენიშვნები გაზიარებული ვერ იქნება იმის გამო, რომ მხარეები თანასწორნი არიან კანონისა და სასამართლოს წინაშე და კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღების შესახებ პრეტენზია გაუმართლებელია. მომჩივანმა შარაძემ მიმართა მოსამართლეს: შენ ხარ უზრდელი და უცოდინარი. არცხვენ იმ მოსამართლეების სახელს, ვინც ამ ოთახში ისხდნენ. შენ ამ კაბინეტში ჯდომის ღირსი არა ხარ, რასაც მსოფლიოს მოვდებ და აქედან მოგაცილებ”. ამ სიტყვებს პარლამენტის წევრმა მოსამართლე ტაბატაძის აცილების მოთხოვნა მოაყოლა და სხდომა მუქარით დატოვა.

სასამართლოს სხდომათა ამ და მომდევნო ოქმების გაცნობა ცხადყოფს: დეპუტატ შარაძეს დღემდე არ დაუსაბუთებია მოსამართლის აცილების მოთხოვნა, სასამართლოში არ დაუტოვებია ხელწერილი შეგნებულად ცრუ დასმენის თაობაზე, რითაც მომჩივანმა თავად შეუშალა ხელი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში. მოსამართლე თემურ ტაბატაძეს საკმარისი საფუძველი ჰქონდა საიმისოდ, რომ არ დაეკმაყოფილებინა მოქალაქე შარაძის საჩივარი, რაც გააკეთა კიდეც.
XS
SM
MD
LG