Accessibility links

logo-print

უმუშევართა დასაქმების პრობლემები


უმუშევართა დასაქმება საქართველოში კვლავ გადაუჭრელ და მეტად მტკივნეულ საკითხად რჩება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უმუშევრობა,

პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილს ნიშნავს. თუმცა შექმნილ ურთულეს ვითარებას ოფიციალური სტატისტიკა ვარდისფრად გვიხატავს.

ასე მაგალითად: 2001 წელს საქართველოში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი, თურმე, მილიონ 877 ათასს შეადგენდა და, ამასთან, ეს მაჩვენებელი, 2000 წელთან შედარებით, 129 ათასით გაზრდილა კიდეც. ამ ციფრებს თუ ვერწმუნებით, უნდა დავიჯეროთ ისიც, რომ საქართველოში ცხოვრება უსწრაფესი გაუმჯობესების გზით მიდის. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია. აშკარაა, რომ სამუშაოს მქონე ადამიანები გასულ წელს კარგად ვერ დაითვალეს, თორემ შედეგად ვერ მიიღებდნენ რიცხვს, რომლის მიხედვითაც, ლამისაა, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი გამოდის დასაქმებული. როგორც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გვიხსნიან, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები 2500 ოჯახის გამოკითხვის შედეგების გადამუშავების გზით არის მიღებული. თუმცა გადამუშავების რთული ტექნოლოგიის ახსნას აზრი ნამდვილად არ აქვს, მითუმეტეს, რომ ის ჩვეულებრივი მოკვდავის ყურისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია.

დიახ, სტატისტიკას თავისი რთული კანონები აქვს, მაგრამ ბოლომდე გაურკვევლად რჩება, თუ როგორ უნდა დაზუსტდეს შრომისუნარიან უმუშევართა რიცხვი საქართველოში მაშინ, როდესაც არავინ იცის, თუ რამდენი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ შრომის კანონმდებლობის თანახმად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), ქალბატონებისთვის ეს ასაკი 16-დან 60 წლამდე, ხოლო მამაკაცებისთვის – 65 წლამდე გრძელდება. იგივე კანონმდებლობა ადგენს, რომ 18 წლის ზემოთ ადამიანის ყოველკვირეული სამუშაო ნორმა 41 საათს უნდა შეადგენდეს, ხოლო 16-18 წლის მოზარდი კვირაში, წესით, 31 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს. თუმცა, ყველამ შესანიშნავად იცის, რომ სამუშაო ადგილების მაძიებელი, მშიერი და გამწარებული ხალხი ხსენებული კანონის მითითებებს ყურადღებას ნაკლებად აქცევს და ხშირად ჯოჯოხეთურ პირობებსაც კი თანხმდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ საქართველოში მუშა ხელს, რომ იტყვიან, ჩალის ფასი აქვს.

როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ ბერიძე აღნიშნავს, სამუშაოს ძიების ტემპები ზაფხულში კიდევ უფრო იზრდება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ივნისში რეგისტრირებულთა რიცხვმა, მაისთან შედარებით, 9,8%-ით იმატა. საინტერესოა, რომ ხსენებული სამსახურის შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, არაფერი იცის და, რა თქმა უნდა, არ იცის არც ის, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახურის გავლით რეგისტრირებული უმუშევრები 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან დახმარებასაც ღებულობენ. ალბათ, ბევრს იქ მისვლის სურვილს წავუხდენთ, თუკი ვიტყვით, რომ ეს დახმარება თვეში მხოლოდ 14 ლარს შეადგენს, მაგრამ ბევრისთვის ესეც რაღაცას ნიშნავს. ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახური 1998-2001 წლებში არსებული დასაქმების ერთიანი ფონდის კვალდაკვალ აღმოცენდა. მიუხედავად ამისა, საჭიროა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ფონდისდროინდელი სიები ძალადაკარგულად მიიჩნევა და რომ უმუშევრებმა ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ამბობენ, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახურმა შარშან რეგისტრირებული 114512 ადამიანიდან 7350 უმუშევარი დაასაქმა.
XS
SM
MD
LG