Accessibility links

logo-print

მერილინ მონროს გარდაცვალების მე-40 წლისთავი


ორიოდე დღის წინათ ასობით ადამიანი შეიკრიბა ლოს-ანჯელესის

უესტვუდ ვილიჯის მემორიალურ პარკში, მცირე სასაფლაოზე, სადაც ერთ-ერთ მომცრო დაფაზე ასეთი წარწერა გაუკეთებიათ: ”მერილინ მონრო. 1926-1962”. იმ დღეს, 5 აგვისტოს 40 წელი შესრულდა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავის ტრაგიკული სიკვდილიდან, ხოლო უესტვუდ ვილიჯის სასაფლაოზე შეკრებილები სწორედ მერილინ მონროს თაყვანისმცემლები იყვნენ, რომელთაგან ზოგმა ევროპიდან ჩასვლაც კი არ დაიზარა. ჩვენ, მართალია, ასე შორს არ წავსულვართ, მაგრამ ეკრანის ქერა ღვთაება არ დაგვვიწყებია.

რა იყო მერილინ მონროს სიკვდილის მიზეზი: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – ეს შეკითხვა უპასუხოდ რჩება პირველივე დღიდან, როცა კალიფორნიის სასამართლო ექსპერტმა, თომას ნოგუჩიმ გარდაცვლილის კუჭსა და სისხლში აღმოაჩინა ბარბიტურის მჟავის - საძილე და სანარკოზო საშუალებების შემადგენელი ნივთიერების ნარჩენები.
ამ ინფორმაციას და თომას ნოგაჩის ანგარიშის სხვა დეტალებს ინტერნეტი გვთავაზობს – უფრო ზუსტად რამდენიმე უებსაიტი, რომლებიც მერილინ მონროს ერთგული თაყვანისმცემლებისათვის აღტაცების გამოხატვის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა 5 აგვისტოს მერილინ მონრო არა მხოლოდ თაყვანისმცემლებს გახსენებიათ: უკვე რამდენიმე დღეა, ტელეპროგრამებში ისევ გაჩნდა 50-იან წლებში გადაღებული ფილმები ხორცსავსე, ქერა ლამაზმანის მონაწილეობით: ”მამაკაცებს ქერა ქალები უყვართ”, ”როგორ გამოვიჭიროთ მილიონერი”, ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, ხოლო რადიოსადგურები უკრავენ სიმღერებს, მათ შორის ამ სიმღერას: ”A Fine Romance” მერლინ მონროს შესრულებით.
[მუსიკა]

ჰოლივუდში 15-წლიანი კარიერის მანძილზე მერლინ მონრო 30 მხატვრულ ფილმში მონაწილეობდა, რომელთაგან, ალბათ დამეთანხმებით, ერთი მაინც – ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”– ნამვდილი შედევრია. მაგრამ ამერიკელი მსახიობისადმი განუზომელი ინტერესის მიზეზი მხოლოდ მისი კინოსახეები როდი იყო: მერილინ მონროს აღიქვამდნენ თანამედროვე კონკიად, უპოვარ, უსიყვარულოდ გაზრდილ გოგონად, რომელმაც ყველა პრობლემა უკან მოიტოვა, ყველა მწვერვალი დაიპყრო და თავი მილიონობით კინომაყურებელს შეაყვარა.

მართლაც, ძნელია, არ თანაუგრძნო 1926 წლის 1 ივნისს დაბადებულ ნორმა ჯინ ბეიკერს, რომელიც უმამოდ გაიზარდა, ხოლო დედას, რომელიც ფსიქიურად მძიმედ იყო დაავადებული, იშვიათად თუ ხედავდა. ბავშვს ხან უპატრონო ბავშვთა სახლში ათავსებდნენ, ხან კი სხვადასხვა ოჯახს დროებით მიაბარებდნენ ხოლმე.

რა გასაკვირია, რომ ცვლილებებითა და გაწამაწიით გადაქანცულმა ნორმა ჯინმა ადრევე შექმნა ოჯახი: ის 16 წლის იყო, როცა დაქორწინდა 5 წლით უფროს ჯეიმს დოჰერტიზე. მაგრამ ფაბრიკის მუშის ცოლობამ დიდხანს არ გასტანა: 19 წლის ნორმა ჯინს მოდელად მუშაობა შესთავაზეს, ხოლო მომდევნო წელს მასთან პირველი, კვირაში 125-დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა კინოსტუდია Twentieth Century Fox-მა. ამ კონტრაქტის დადებიდან სულ 7 წელიწადში თითქმის სრულიად უცნობი წაბლისფერთმიანი გოგონა, ნორმა ჯინ ბეიკერი ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ, ”ქერა ვენერად” - მერილინ მონროდ გადაიქცა.

მაგრამ სიყვარულსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვობას სამუდამოდ დაემახინჯებინა ახალგაზრდა ქალის პირადი ცხოვრება: მერილინ მონრომ ვერ მოახერხა სტაბილური ურთიერთობის დამყარება ვერც მეორე ქმართან - ბეისბოლის სუპერვარსკვლავ ჯო დი მაჯიოსთან, რომელზეც 1954 წელს გათხოვდა და ვერც სახელგანთქმულ დრამატურგ არტურ მილერთან, რომელზეც 5 წელი, 56-დან 61-მდე იყო დაქორწინებული. დროთა განმავლობაში მსახიობი ჰოლივუდმაც გააწბილა: ”ეს არის ადგილი, სადაც კოცნაში 1000 დოლარს გიხდიან, სულისთვის კი 50 ცენტი თუ ემეტებათო”, ამბობდა მილიონობით ადამიანის კერპი, რომელსაც აღარ აკმაყოფილებდა სტანდარტული როლები – მუდამ მოსულელო, მხოლოდ გარეგნობით მიმზიდველი ქალის განსახიერება. მერილინ მონროს იმიჯის შეცვლა სურდა: ამიტომ იყო, რომ ნიუ-იორკს მიაშურა და სახელგანთქმულ სამსახიობო სტუდიაში ჩაეწერა, შემდეგ კი საპროდიუსერო კომპანიაც დააარსა. მაშინ უკვე ბევრისთვის იყო ცნობილი, რომ დეპრესიებით გატანჯული სუპერვარსკვლავი დამამშვიდებელ წამლებსა და ალკოჰოლს ეტანებოდა.

[მერლინ მონროს ხმა] ¨პოპულარობა მოჩვენებითი. ეს მე ვიცი. მას უპირატესობები მოაქვს, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც. მე ორვეი გამოცდილი მაქვს”, - ნათქვამი აქვს მასხიობს სიცოცხლის ბოლო წელს.

იმ პერიოდში მერილინ მონროს პირადი ცხოვრების შესახებ მითქმა-მოთქმას მისი სასიყვარულო თავგადასავლები იწვევდა: ეს იყო სავარაუდო ურთიერთობა პრეზიდენტ ჯონ კენედისთან და მის ძმასთან, იუსტიციის მინისტრ, მოგვიანებით კი, პრეზიდენტობის კანდიდატ რობერტ კენედისთან. მაგალითად, ბი-ბი-სის მიერ 1986 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მერილინ მონრო სიცოცხლეს გამოასალმეს მას შემდეგ, რაც მას უკანასკნელად ესტუმრა რობერტ კენედი და ჭირვეული სატრფო ვერაფრით დაიყოლია ძმებ კენედებთან კავშირის სამუდამოდ გაწყვეტაზე.

ასეა თუ ისე, მერილინ მონრო 36 წლის იყო, როცა მისი სიცოცხლე მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად შეწყდა. და ეს განსაცვიფრებელი ქალი არავის აღუწერია ისე გულგრილად, ისე რაციონალურად და დეტალურად, როგორც ამ სიუჟეტის დასაწყისში ხსენებულ თომას ნოგუჩის. ”ორგანოების განლაგება და ერთმანეთისადმი მიმართება ნორმალურია. სხეულის სიმაღლე 166 სანტიმეტრია, ხოლო წონა 53 კილოგრამიო”, წერდა კალიფორნიელი სასამართლო ექსპერტი და იქვე მიუთითებდა გარდაცვლილის გულისა და ტვინის წონასაც: 300 გრამი და 1440 გრამი.

40 წლის წინათ ასეთი სამწუხარო ანალიზის საგანი გახდა სხეული, რომელსაც მილიონობით ქალი შენატროდა და რომელიც მილიონობით მამაკაცს აღაფრთოვანებდა; რომლის განუმეორებელი ხიბლი ბევრს ავიწყებდა ჰოლივუდისა თუ ევროპის არანაკლებ მშვენიერ და, შესაძლოა, გაცილებით უფრო ნიჭიერ ვარსკვლავებს. მაგრამ მერილინ მონროს ლეგენდას არათუ სხვა ლამაზმანებთან შედარებამ, ან პათოლოგანატომის გულგრილმა აღწერამ, სიკვდილმაც კი ვერაფერი დააკლო: ის დღემდე რჩება ეკრანის ღვთაებად, ულამაზესად პირმშვენიერ ვარსკვლავებს შორის. და მეტიც: მერილინ მონრო ჩარლი ჩაპლინთან ერთად კინოხელოვნების ყველაზე ცნობილ სახედ, კინოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ამის რაციონალურად ახსნა, ალბათ, შეუძლებლად უნდა მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG