Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანი ამერიკელი სენატორის აზრი ერაყის წინააღმდეგ ომის თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ეროვნული უშიშროების საკითხებში მისი მრჩევლების ჯგუფმა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო გალაშქრებაზე ილაპარაკეს.

ექსპერტთა ვარაუდით, თუ ერაყის წინააღმდეგ ომი მართლაც დაიწყო, პირველ რიგში ბაღდადსა და მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს დაარტყამენ; იმ იმედით, რომ ეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის სწრაფ დამხობას გამოიწვევს.

ინიციატივას თეთრ სახლში სხვადასხვაგვარად უწოდებენ “შიგნიდან გარეთ”, “ჯერ ბაღდადი” და სხვა. ამ თაოსნობის მიზანია ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის მსოპობა ან მისი იზოლაცია და ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების თავიდან აცილება.

სამხედროები ფიქრობენ5 რომ ამ გეგმის განხორციელებას 80-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი დასჭირდება, ხოლო თუ საქმე ცუდათ წავიდა, ამერიკას 250 ათასი ჯარისკაცის დისლოცირება მოუხდება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის სკოტ მაკკლელანის თქმით, საკითხი ჯერჯერობით განხილვისსტადიაშია და საბოლოო გეგმები შემუშავებული არ არის.

სამხედრო და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ექსპერტები მსჯელობენ, რა შედეგი ექნება ომს ერაყის მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და, ასევე, შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ძალებისთვის.

გაისმის აგრეთვე კითხვა, დარწმუნებულია თუ არა ვაშინგტონი, რომ შეძლებს სადამის რეჟიმის ისეთი მმართველობით შეცვლას, რომელიც არც მეზობლებს დაემუქრება და ერაყის მოსახლეობასაც დააკმაყოფილებს.

კვირას გავლენიანმა პოლიტიკოსმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ ბაიდენმა, ამერიკის ტელევიზიით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ერაყთან ომი გარდაუვალია. მისი სიტყვით, ნათელია, რომ ერაყი ფლობს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს. მხოლოდ ცნობილი არ არის ის, აქვს თუ არა ბაღდადს მათი ეფექტიანად გამოყენების საშუალებები. ამიტომ, თქვა ბაიდენმა, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, ამ იარაღის განადგურებაა. სადამ ჰუსეინი “მსოფლიოს უადიდეს საფრთხეს უქმნისო,” თქვა ამერიკელმა სენატორმა.

ბაიდენის აზრით, გადასაწყვეტი მხოლოდ ის არის ომს შეერთებული შტატები მარტო აწარმოებს, თუ მოკავშირეებთან ერთად, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ ომმა და რად დაუჯდება ის ამერიკას.–როგორც ფინანსური, ისე ადამიანების სიცოცხლის თვალსაზრისით. გასულ კვირაში ბაიდენის კომიტეტმა ერაყის თაობაზე ორდღიანი მოსმენა მოაწყო.

ბაიდენი, არა მარტო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, არამედ დემოკრატიული პარტიის წევრიცაა, პარტიისა, რომელიც ოპოზიციაში უდგას ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურ პარტიას. ამიტომ იბადება კითხვა, ბაიდენი თავის სახელით ლაპარაკობდა, თუ მას მისი პარტია და კონგრესიც მხარს უჭერენ.

ვირჯინიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, პოლიტოლოგი ლარი საბატოს აზრით, ბაიდენმა იცის, რომ თითქმის ყველა რესპუბლიკელი სენატორი და დემოკრატ სენატორთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერაყში შეჭრის იდეას. შეკითხვაზე, თუ ასეა, რისთვის დასჭირდა მას მოსმენის მოწყობა, საბატომ ივარაუდა, რომ ეს მოსახლეობის ინფორმირებისთვის გაკეთდა.

ლეონ ფიურტი, ჯორჯ ვაშიშტონის უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო საქმეების დარგში, ამ აზრს არ იზიარებს. მისი თქმით, მოსმენის გამართვა მოწმობს, რომ კონგრესი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, სანამ არ გაიცემა პასუხები დასმულ კითხვებზე. არალოგიკურია განაცხადო, რომ ომი გარდაუვალია და მერე მის გარშემო დებატები მოაწყოო, თქვა ფიურტმა.

ფიურტი ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტ ელ გორის ეროვნული უშიროების მრჩევლის როლს, იმ პერიოდში როცა თეთრ სახლში ბილ კლიტნონი იჯდა.
ფიურტი თვლის, რომ ბუში არ საჭიროებს კონგრესის ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის ოფიციალურ თანხმობას ერაყის წინაღმდეგ ომის დასაწყებად, ვინაიდან ერაყმა დაარღვია 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის ზავის პირობები, რომლებიც მოითხოვს რომ მან უნდა დაუშვას გაეროს ინსპექტორები, რომლებიც დარწმუნდებიან, რომ ბაღდადმა შეწყიტა ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის წარმოება და განვითარება. 1998 წლის შემდეგ ბაღდადი გაეროს ინსპექტორებს ერაყში მუშაობის ნებას არ აძლევდა.

ფიურტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ არ შეცვლილა. საკითხი ისე კი არ დგას, საჭიროა თუ არა სადამის დამხობა, არამედ როდის და როგორ.
სამშაბათს წარმომადგენლთა პალატის 75-მა წევრმა ბუშისთვის გაგზავნილ წერილში პრეზიდენტს მოუწოდა, ერაყის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო აქციის დაწყებამდე, კონგრესს თანხმობა სთხოვოს. ლრთ.
XS
SM
MD
LG