Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება?


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა, შაბათს, რეფორმისტული კანონები მიიღო, თურქეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ანკარის გაწევრიანებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

მაგრამ თუ ბრიუსელისა და ევროპის სხვა დედაქალაქების რეაქციას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ანკარას ჯერ კიდევ დიდი მანძილი აქვს გასავლელი, ვიდრე 15-წევრიან კავშირს შეუერთდებოდეს. მაინც, რა პრობლემები აფერხებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას?

იმ რეფორმებიდან, რაც 3 აგვისტოს დაამტკიცა თურქეთის პარლამენტმა, პირველ რიგში აღსანიშნავია მშვიდობიან პერიოდში სიკვდილით დასჯის გაუქმება, რაც სამუდამო პატიმრობით შეიცვლება და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას. მნიშვნელოვანია ასევე რადიო და ტელეგადაცემების დაწყება ქურთულ ენაზე, და კერძო ქურთული სკოლების დაარსება. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მოადგილის, მესუთ ილმაზის დედასამშობლოს პარტიის წინადადება, რომ აღარ ჩაითვალოს დანაშაულად სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის შეიარაღებული ძალების მისამართით გამოთქმული კრიტიკა. გარდა ამისა, დეპუტატებმა აუცილებლად მიიჩნიეს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედი კანონის გამკაცრება.

იმისათვის, რათა ძალაში შევიდეს, ახალ კანონს ხელი უნდა მოაწეროს თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა და გამოაქვეყნოს მთავრობის ბედჭვითმა ორგანომ. თურქეთმა 15 წლის წინათ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა კანდიდატის სტატუსი ანკარამ მხოლოდ 1999 წლის დეკემბერში მიიღო.

პრესკონფერენციაზე, ანკარაში, პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების ყველა წინაპირობა შეასრულა. თუმცა პროევროპელ თურქ პოლიტიკოსებს, შესაძლოა, იმედი გაუცრუვდეთ. თურქეთის პარლამენტის მიერ 3 აგვისტოს მიღებულ კანონზე დასავლეთის რეაქცია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შეერთებულ შტატებს, მთლიანობაში, ერთობ თავშეკავებული იყო. ამ ფონზე გამოირჩევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ფილიპ რიკერის განცხადება, რომლის თანახმად თურქეთის პარლამენტმა 3 აგვისტოს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო:

[ფილიპ რიკერის ხმა] ”ჩვენ მივესალმებით თურქეთის პარლამენტის მიერ 2 და 3 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებებს, გააუქმოს სიკვდილით დასჯა და დაიწყოს რადიო და ტელეგადაცემები, შემოიღოს სწავლება ქურთულსა და სხვა ადგილობრივ ენებზე. ამ რეფორმების მიზანია, გაზარდოს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შანსი, რასაც ერთსულოვნად უჭერს მხარს შეერთებული შტატები.”

ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟან-კრისტოფ ფილორიმ განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა ჯერ უნდა დაინახოს, როგორ განხორციელდება თურქეთში 3 აგვისტოს დამტკიცებული რეფორმები, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება იმის შეფასება, თუ ”რამდენად მიუახლოვდა თურქეთი, ადამიანის უფლებათა სფეროში, ევროპულ სტანდარტებსო”.

მართალია, თურქეთმა 1984 წელს გამოაცხადა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, მაგრამ 90-იანი წლების დამლევს ამ ქვეყანაში არაერთი პატიმარი დაისაჯა სიკვდილით, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. გასულ კვირამდე, სასამართლოებს კვლავაც გამოჰქონდათ სასიკვდილო განაჩენები, და ქვეყნის საგანგებოდ დაცულ ციხეებში ათობით სიკვდილმისჯილია მოთავსებული. ერთი მათგანი, აწ უკვე დაშლილი ქურთისტანის მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერი აბდულა ოჯალანია; პარტიისა, რომელსაც თურქები 1984-99 წლებში ქურთ სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი ბრძოლების დროს 35 000-მდე ადამიანის დახოცვაში ადანაშაულებენ.

3 აგვისტოს მიღებული კანონით თურქეთის პარლამენტმა, ფაქტობრივად, სიცოცხლე შეუნარჩუნა აბდულა ოჯალანს, რომელიც მარმარილოს ზღვაში, კუნძულ იმრალიზე მდებარე ციხეში, ერთკაციან საკანში იხდის სასჯელს. თუმცა, თურქ ნაციონალისტთა ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ოჯალანის ჩამოხრჩობას. ბაჰჩელიმ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოადგილეა ბულენთ ეჯევითის კოალიციურ მთავრობაში, კვირას განაცხადა, რომ მისი ”ეროვნული ქმედების პარტია” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს პარლამენტის მიერ 3 აგვისტოს მიღებულ კანონს.
XS
SM
MD
LG