Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა მოსალოდნელი შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობები?


ბოლოხანს, საშემოდგომო დესტაბილიზაციის თემას ხშირად ახლავს საუბარი შესაძლო პოლიტიკურ მკვლელობებზე. ამ ვერსიამ უკვე ორჯერ გაიჟღერა პრესაში და ორჯერვე გაზეთ “ქრონიკის” ფურცლებზე.

შეკვეთილი მკვლელობების თემას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა საზოგადოებისთვის გაუგებარმა იმ აჟიოტაჟმაც, რითიც ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები შეხვდნენ თემურ ხაჩიშვილისა და გიგა გელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
რამდენად ამართლებს პოლიტიკური ლოგიკა შეკვეთილი მკვლელობების ვერსიას?

შესაძლო პოლიტიკური მკვლელობების თემაზე გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნებული ორი ვერსიიდან პირველი ფილოსოფოსსა და პოლიტოლოგს – ზურაბ ჭიაბერაშვილს – ეკუთვნის, მეორე კი – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარეს – ირაკლი წერეთელს. იმის მიუხედავად, რომ ორივე რესპოდენტი ერთსა და იმავე საფრთხეზე საუბრობს, საფრთხის მიზეზს ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულად ხედავენ და ახასიათებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა მავანს დასჭრიდეს იმისათვის, რომ ამ გზით ჩაშალოს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესი. ციტატა: “1994 წელს – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი, – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკელები, მწვანეები – ჟვანიას მეთაურობით და ტრადიციონალისტები აპირებდნენ საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ პოლიტიკური სისტემა, სადაც “მხედრიონისა” და გვარდიის თავნებობა გამოირიცხებოდა. ვისაც ეს არ აწყობდა, მათ მოკლეს გია ჭანტურია და ამ მკვლელობით ზოგადი პოლიტიკური პროცესი შეაფერხეს. დღესაც საკმარისია ერთი პოლიტიკოსის მოკვლა, რომ ოპოზიციის გაერთიანების ამჟამინდელი პროცესი დამუხრუჭდეს” (“ქრონიკა”, 29 ივლისი).

ირაკლი წერეთლის არგუმენტი, რომლითაც იგი პოლიტიკური მკვლელობების ვერსიის ახსნას ცდილობს, საკმაოდ ირაციონალური და ბუნდოვანია. სამაგიეროდ, კონკრეტულია რაოდენობა იმ ოპოზიციური ლიდერებისა, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ. “ედუარდ შევარდნაძე მაფიის მთავარი ბოსია, – წერს ირაკლი წერეთლი, – მაფიას კი თავისი დაუწერელი კანონები აქვს. მასში შედიან და გამოდიან. ვინც გამოდის, ის მოღალატე ხდება. მოღალატეებს კი მაფიოზები ყოველთვის სჯიან. იმ პოლიტიკოსების რაოდენობა, რომლებიც შევარდნაძეს ამ მხრივ ნერვებს უშლიან, დაახლოებით, 12 კაცამდეა” (“ქრონიკა”, 5 აგვისტო).

ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ირაკლი წერეთლის ვერსიებს სრულიად განსხვავებული საფუძველი აქვს, მაგრამ მათში საერთოა შემკვეთის ვინაობა – ამჟამად არსებული ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი. ამ ვერსიების სუსტ მხარედ სწორედ ეს ფაქტორი – შემკვეთის ვინაობა – უნდა მივიჩნიოთ.

საქმე ისაა, რომ პოლიტიკური ლოგიკა არ ამართლებს შეკვეთილი მკვლელობების ვერსიას პროცესის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. ამჟამინდელი ხელისუფების ორი შტო – აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება – ხმაშეწყობილად საქმიანობს. პარლამენტი კი საერთოდ პარალიზებულია. ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელისუფლება ისეთი ერთგვაროვანი და უიმედო არასოდეს ყოფილა, როგორიც დღეს არის. ხოლო ამ ხელოვნურად გაერთგვაროვნებულ ხელისუფლებას, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ჰაერივით სჭირდება მშვიდობა და სტაბილური ვითარება. იმის გამო, რომ საზოგადოებაში დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი უაღრესად დაბალია, ყოველგვარ სერიოზულ რყევას და პოლიტიკურ ექსცესს შეუძლია სახალხო აგრესიის გამოწვევა. ამიტომ ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი – სწორედ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად – არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს. ეს კონტექსტი სრულიად გამორიცხავს შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ვერსიას.

ხელისუფლების მიერ პროვოცირებული ნებისმიერი გამწვავება, აფხაზეთთან იქნება იგი დაკავშირებული თუ პატიმრების გათავისუფლებასთან, უნდა განვიხილოთ არა დესტაბილიზაციის გამოწვევის, არამედ, პირიქით, დესტაბილიზაციის აღკვეთის კუთხით. პოლიტიკოსების მძაფრი რეაქცია გვაფიქრებინებს, რომ ხაჩიშვილის შეწყალების მიზანი, შესაძლოა, მართლაც მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური პარტნიორების გაფრთხილება იყო, დაახლოებით ასეთი: თუ ნებით არ დაწყნარდებით, ძალით დაგაწყნარებთო. ძლიერი მფარველის და სერიოზული განზრახვის გარეშე, შეწყალებული პატიმრები ხაშიჩვილის ტონით და ტერმინოლოგიით ნამდვილად არ საუბრობენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენების განვითარების რევოლუციური სცენარი ხელს აძლევს ოპოზიციას, ხელისუფლებას კი სჭირდება პოლიტიკური პროცესის წარმართვა მშვიდობიან კალაპოტში, განსაკუთრებით, უახლოეს თვეებში. მშვიდობიანი სცენარი ედუარდ შევარდნაძეს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააძლიეროს დღევანდელი ტენდენციები, პოლიტიკური მკვლელობა კი გზას გაუხსნის ხალხის აგრესიას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას. ასე რომ, შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობების თემა საზოგადოებაში შემოტანილი და დანერგილია მხოლოდ ოპოზიციური ლიდერების დასაშინებლად და, შესაბამისად, სახალხო გამოსვლების აღსაკვეთად. იმის მიუხედავად, რამდენად მწვავედ განვითარდება მოვლენები შემოდგომაზე, შეკვეთილი მკვლელობები მოსალოდნელი არ არის. სწორედ ამგვარ დასკვნას გვკარნახობს პოლიტიკური პროცესის განვითარების ლოგიკა.
XS
SM
MD
LG