Accessibility links

logo-print

ჩეჩენ მებრძოლებს საქართველოში ასამართლებენ, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ტონს ამკაცრებს


რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის უნდობლობა გამძაფრდა და ამაში თავის როლი რუსეთის გენერალური პროკურორის, ვლადიმერ უსტინოვის უშედეგო თბილისურემა ვოიაჟმაც შეასრულა.

მას შემდეგ, რაც უსტინოვს არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა საქართველოში დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრედაციის შესახებ, საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების ტონი უფრო გამკაცრდა. მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვავენ, საქართველოში კი პირიქით, ამ ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მოსკოვსა და თბილისს საერთო ენის გამონახვა უფრო და უფრო უძნელდებათ, იმდენად, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მიმართულებით საჰაერო ხაზების მუშაობაზეც აისახება.

ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნები თბილისში რჩებიან. რუსეთის გენერალურ პროკურორს მათ ექსტრადაციაზე უარი მოტივირებულად ეთქვა. ესქტრადაციისთვის რუსეთის მხარემ საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ეს კი არა, საქართველოს უშიშროების სამსახურს რუსეთიდან არ მიუღია დაკავებულთა ინდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებიც კი.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორ ჯუფად დაკავებულ ჩეჩენ მებრძოლებს, თბილისში გადმოყვანის შემდეგ, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებაში და ამ ყველაფრის საქართველოს საზღვარზე გადმოტანის მცდელობაში ედებათ. დაკავებულებმა თავი დამნაშავედ სცნეს, თუმცა, განმარტეს, რომ საქართველოს საზღვართან ისინი იძულებამ, საბრძოლო ოპერაციის დროს უკანდახევამ მიიყვანა. უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია, დაკავებულების რუსეთის მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში, საქართველოსადმი ჩეჩნების აგრესიას ვარაუდობს. ჩეჩენი მებრძოლები საქართველოში რჩებიან, მათ სამიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა, მოსკოვი ჩეჩნების რუსეთში ექსტრადაციის მოთხოვნაზე საქართველოს უარს აპროტესტებს .

თბილისში რუსეთის გენერალური პროკურორის უშედეგო ვიზიტს, ოთხშაბათს ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი გამოეხმაურა. საქართველოს გენერალური პროკურატურის უარს მან აღმაშფოთებელი უწოდა და საქართველოსა და რუსეთს შორის მზარდ გაუგებრობაზე ისაუბრა. ამავე გაუგებრობაზე რუსულ პრესაშიც ბევრს საუბრობენ, ისე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული პრობლემების სათავედ პანკისის ხეობას ასახელებენ. რუსეთსა და საქართველოს შორის უნდობლობისა და გაუგებრობის უფრო ღმა და სერიოზული მიზეზები ნაკლებად ახსოვთ. რუსეთის ხელისუფლება არ განიცდის უხერხულობას რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის გამო, ის საქართველოს ხელისუფლებისადმი უნდობლობას გამოხატავს და პანკისში რუსეთის საბრძოლო ოპერაციის ჩატარების მოწოდებას საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობად არ აღიქვავს. საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვისა და უცხო ქვეყნის საბრძოლო საშუალებების შემოტევის აღკვეთის მოთხოვნას რუსი პოლიტიკოსები საბრძოლო მოწოდებად განიხილავენ. ამ ყველაფრის პარალელურად მოსკოვი საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების 11-14 წლით შენარჩუნებას ცდილობს. საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა უფრო და უფრო უძნელდებათ და დიდი შანსია, სწორედ ეს დიდი პოლიტიკური უთანხმოება განაპირობებდეს პრობლემას, რომელიც ქართულ ავიაკომპანია “აირზენას” შეექმნა. რუსეთის მხარემ საქართველოს მიმართულებით ქართული თვითმფრინავების ფრენა სწავლებების ჩატარების მომიზეზებით აკრძალა, მაგრამ ეს აკრძალვა იმავე საჰაერო დერეფანში მოძრავ რუსეთის და სომხეთის თვითმფინავებზე არ გაავრცელა. რუსეთ-საქართველოს ავიაკომფლიქტი პირველი შემთხვევა არაა.
XS
SM
MD
LG