Accessibility links

logo-print

ვის ინტერესში შედის ჯონ შალიკაშვილის პრეზიდენტობაზე ხმაურის ატეხვა?


გასულ კვირაში, ორიგინალობით ცნობილმა პარლამენტარმა გერმანე ფაცაციამ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ყველასთვის მოულოდნელად,

ფაცაციამ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ასე ჟღერს: საქართველოში უნდა დაბრუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ყოფილი თავმჯდომარე ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი და მან 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ქართველი პარლამენტარის ამ ინიციატივას, ოთხშაბათს, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკმაოდ ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაშინ, როცა საქართველოში მის შესაძლო გაპრეზიდენეტებაზე საუბრით პოლიტიკოსები ქულების ჩაწერას ცდილობენ, თავად შალიკაშვილმა ამის შესახებ არაფერი უწყის.

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის პიროვნებაზე აქტიური საუბარი საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ყოფილი მეთაური საქართველოს მეორედ ესტუმრა. ეს დაახლოებით 1997 წლის ადრეულ შემოდგომაზე მოხდა. მსოფლიო ავტორიტეტის მქონე გენერალი და მისი ძმა, პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი ისტორიულ სამშობლოში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათი მოგზაურობა კახეთში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მონდომებით სასწრაფოდ იქნა აღდგენილი შალიკაშვილების წინაპრების სახლ-მუზეუმი.

ვინაიდან იმხანად ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილს ამერიკის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა, ქართულ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ვარაუდი, თითქოს პრეზიდენტი შევრადნაძე ოთხვარსკვლავიანი გენერლისთვის საქართველო თავდაცვის მინისტრის პოსტის შეთავაზებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სასაცილოდ ჟღერდა, საქართველოში იგი ბევრმა დაიჯერა, განსაკუთრებით – სამხედრო წრეებში, სადაც გენერალ შალიკაშვილის მხედრული ნიჭისადმი ყოველთვის იგრძნობოდა მოწიწებული დამოკიდებულება.

შალიკაშვილზე, როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე საუბარი კი უფრო გვიან, 2001 წლის ზაფხულზე დაიწყო, როდესაც ქართულ-ამერიკული კოლეჯის გახსნის ცერემონიაზე მან მართლაც საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა. "ჯარისკაცი ჯარისკაცთა შორის" – როგორც გენერალ შალის პრეზიდენტი ბილ კლინტონი უწოდებდა, – საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, ამერიკის როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში და შეახსენებდა საქართველოს ხელისუფლებას იმ გამოწვევათა შესახებ, რომელიც მომდევნო ათასწლეულში კაცობრიობას ელოდება.

[ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ხმა] "ეს არის უპრეცედენტო ინფორმაციის გაცვლა. და ამ უპრეცედენტო ტექნოლოგიებმა, უპირველეს ყოვლისა –ინტერნეტმა, რომლის შესახებ ათი წლის წინ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცოდით, მოშალეს ტრადიციული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. მაგრამ შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ წარმოიშვა ერთი მსოფლიო ბაზარი ახალი იდეებისა, კაპიტალისა და ადამიანური რესურსებისა. და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე დგას ძალზე სერიოზული საკითხი – ამ უდიდესი კონკურენციის პირობებში როგორ შეუძლია საქართველოს გადარჩეს და გახდეს კონკურენტუნარიანი სახელმწიფო."

შესაძლოა, სწორედ ამ გამოსვლამ შთააგონა პარლამენტარი გერმანე ფაცაცია, რომელიც საქართველოში შალიკაშვილის ჩამოსვლისა და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებში მისი მონაწილეობის ინიციატივით გამოვიდა. ეს იდეა 7 აგვიტოს მკაცრად გააკრიტიკა პოლიტიკური ორგანიზაცია "ვაზის პარტია – რუსეთთან ერთად" ლიდერმა, კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც სააგენტო "პრაიმ ნიუსთან" ინტერვიუში ამ ინიციატივას "ქართველების არასრულფასოვნების კომპლექსის გამოხატულება" უწოდა. აი, პოლტიკური პარტია "ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი კი არ გამორიცხავს მომავალ საპრეზიდენტო მარათონში შალიკაშვილის გამოჩენას, მაგრამ მსგავს განცხადებებს, ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არასერიოზულად აღიქვამს.

თუმცა, ყველაზე საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად შალიკაშვილი, რომელმაც მის შესაძლო გაპრეზიდენტების თაობაზე, როგორც პარლამენტარი ფაცაცია აცხადებს, თურმე არაფერი იცის.
XS
SM
MD
LG