Accessibility links

logo-print

ქართული სამომხმარებლო ბაზარი ზაფხულში გაიაფდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე დეფლაციური პროცესები დაიწყო. ამ პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასების კლების ხარჯზე მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსი იკლებს.

ეს პროცესი ტრადიციულად ადრეულ შემომდგომამდე გრძელდება და ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდის კვალობაზე, საპირისპირო ტენდენციით იცვლება. მოგითხრობთ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2002 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 103.% შეადგინა, ანუ 6 თვეში ინფლაცია 3.0% იყო, რაც თვეში საშუალოდ 0.49%-იანი ინფლაციის ტოლფასია. ეს მაჩვენებელი მაღალია 2001 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ექვსი თვის მანძილზე ის 0.15%-ს შეადგენდა.
თუმცა, 2002 წლის ივნისის 2.3%-იანი დეფლაცია 1.0%-ით დაბალია ბოლო რამდენიმე წლის
საშუალო სიდიდეზე. მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში ფასების საერთო დონე 2.3%-ით შემცირდა, საინტერესოა, რომ 2001 წლის ივნისში აღინიშნა
ფასების დონის მხოლოდ 0.4%-ით კლება. სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით ფასების დონე შემდეგნაირად შეიცვალა: სურსათზე შემცირდა 3.6%-ით, არასასურსათო საქონელზე 0.4%-ით, ხოლო მომსახურებაზე ფასების საერთო დონე არ შეცვლილა.

2002 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სასურსათო საქონლის ფასების საშუალო დონის შემცირება მეტწილად სასურსათო საქონლის სეზონურმა გაიაფებამ განაპირობა (3.6%-ით). მიუხედავად 2002 წლის ივნისში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი გაიაფებისა, სასურსათო საქონლის ფასები 2001 წლის დეკემბერთან შედარებით, ანუ ექვსი თვის განმავლობაში, გაიზარდა 4.5%-ით.

მიმდინარე წლის ივნისში 2001 წლის დეკემბერთან შედარებით, არასასურსათო საქონლის ფასები შემცირდა 0.1%-ით. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ექვს თვეში ფასების საერთო დონე არ შეცვლილა. მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში მომსახურების ტარიფები გაიზარდა 1.3%-ით. როგორც მიმდინარე წლის განვლილ თვეებში, ივნისშიც არასასურსათო საქონლის ფასები და მომსახურების ტარიფები ძირითადად სტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეული სახეობების მიხედვით, სხვადასხვა ქალაქებში ისევ აღინიშნებოდა ფასების მერყეობა როგორც ზრდის, ასვე შემცირების მიმართულებით.

სამომხმარებლო ფასების ინდექსთან მიმართებაშიც განსხვავებულია ცვლილება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის. დედაქალაქი, ტრადიციულად, საერთო ეროვნულ ფასებთან შედარებით სიძვირით გამოირჩევა.

წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ექსპერტების ვარაუდით, ივნისში ფასების კლების ტენდენცია აგვისტოს თვემდე გაგრძელდება, სექტემბრის ბოლოდან კი, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ისევ ინფლაციური პროცესები განვითარდება. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი კონტროლირებადი იქნება და დაგეგმილ პარამეტრს არ ასცდება.
XS
SM
MD
LG