Accessibility links

იქცევა თუ არა მწყემსი თელიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სიმბოლოდ?


თამუნა ჩიქოვანი, თბილისი " ჩეჩენი ბოევიკები მეცხვარე თელიძის მოკვლას გეგმავდნენ", – ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს 7 აგვისტოს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა. ჩეჩნეთიდან მოსული ცნობებით,

დაბა ილინსკში რუსმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს ორი ჩეჩენი მებრძოლი, რომლებსაც ქართველი "ორდენოსანი" მწყემსის ლევან თელიძის მოკვლა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერთ-ერთი მოკლული ბოევიკის ნივთებში აღმოჩენილ უბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერი იყო: "მწყემსი თელიძე, ხანკალა".

მწყემსი თელიძე რომ არ არსებობდეს, იგი უნდა გამოეგონათ, – შენიშნავს ინტერნეტული გამოცემა "გრანი.რუ", რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლის "დროულმა" გამოჩენამ რუსეთის ხელისუფლებას კარგი საშუალება მისცა, წამგებიანი კუთხით წარმოეჩინათ პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი გენერლები. თელიძის ისტორია ძალიან წააგავს სტალინის პერიოდის ზღაპრებს, როცა უბრალო გლეხი, სამართლიანობის გრძნობით აღვსილი, საბჭოების ქვეყანაში გარბის მტრის მზაკვრული ჩანაფიქრის შესატყობინებლად.
"არაჩვეულებრივმა ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვით რუსეთის პრეზიდენტზე. მეცხვარის გმირობის ამბის გაგებისთანავე, მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას თელიძის სიმამაცის ორდენით დაჯილდოების შესახებ", – წერს "გრანი.რუ", რომლის დასკვნითაც, მთელი ამ ისტორიის შედეგი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება არაორაზროვნად განეცხადებინა – ქართველ ხალხს სურს რუსეთთან კეთილმეზობლობა, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებითო. თორემ, თელიძის "გმირობის" სამხედრო ასპექტი მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ გამოიყურება: გაფრთხილების მიუხედავად, რუს მესაზღვრეებს რამდენიმე დღე დასჭირდათ ჩეჩენი ბებრძოლების შეტევის მოსაგერიებლად და ამ ბრძოლებს ათამდე რუსი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"თელიძის ისტორია დაუჯერებლად გამოიყურება", – წერს ”გრანი. რუ”, რომლისთვისაც გაუგებარია, თუ მეცხვარე მართლაც საკუთარი ნებით გადავიდა რუსეთის მხარეს ჩეჩენი მებრძოლების შეტევის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რატომ ახდენს ამის აფიშირებას რუსეთის ხელისუფლება – თელიძეს აჩვენებენ ტელევიზიით, ლამის მისამართსაც აცხადებენ და ა.შ. და ა.შ... ყველაფერი თავის ადგილზე დგება, თუ თელიძის გმირობის ერთ დეტალს გავიხსენებთ. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" 30 ივლისის ნომერში წერს, რომ "იტუმ-კალეში ჩეჩენი ბოევიკების შეჭრამდე რუსეთის სამხედრეობმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ვინმე თემიძე. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ რუსლან გელაევის დავალებით ჩეჩნეთში გადასასვლელად უსაფრთხო ბილიკებს ეძებდა"... საინტერესოა ისიც, რომ როგორც ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ცენტრალური აპარატის
ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა "გრანი.რუ"-ს, თელიძე გმირი კი არა, ჩვეულებრივი მზვერავია. თუმცა, ოფიციალურად ამის განცხადებისგან მან თავი შეიკავა.
ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. თუ დავუშვებთ, რომ თელიძე გელაევის კაცია, დაკავების შემდეგ იგი სიამოვნებით დასთანხმდებოდა რუსეთის დიდ მეგობრად ქცევის შეთავაზებას. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩვეულებრივი ბოევიკია. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთმა თელიძე ეფექტურად გამოიყენა თავისი მიზნებისთვის.

ერთადერთი, რაც ამ უცნაურ "ისტორიაში" უადგილოდ გამოიყურება, მამაცობის ორდენია. თუმცა, ხშირად ჯილდო მხოლოდ მათ არ ერგებათ ხოლმე, ვინც იმსახურებს.
XS
SM
MD
LG