Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში კონგრესთან და მოკავშირეებთან შეათანხმებს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ აქციას


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კონგრესთან და ვაშინგტონის მოკავშირეებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ აპირებს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას.

პრეზიდენტ ბუშის მისამართით კრიტიკა გამოითქმის იმის გამო, რომ იგი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ან ანტიტერორისტული ომი. ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ჯორჯ ბუშს ისე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დამხობა, რომ იგი უგულებელყოფს ვაშინგტონის მოკავშირეთა რჩევებს. მათგან ბევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

ოთხშაბათს ჯორჯ ბუშმა, თავის ვიცე-პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, არაორაზროვნად განაცხადა, რომ თუ ერაყთან ომის დაწყება გადაწყვიტა, ამის თაობაზე წინასწარ გამართავს სათანადო კონსულტაციებს კონგრესთან, აგრეთვე, ვაშინგტონის მეგობრებთან და მოკავშირეებთან. მისისიპის შტატში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა უნდა მოიმოქმედოს სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს კონგრესთან და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთანაც. რეალურად შევაფასებთ მუქარას და მე განვიხილავ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობასა და არჩევანს – დიპლომატიას, საერთაშორისო ზეწოლას, ალბათ, სამხედრო ძალის გამოყენებასაც.”

ასეთივე განცხადებით გამოვიდა პენტაგონში შეკრებილი კორესპონდენტების წინაშე თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც. მან აღიარა, რომ ერაყთან ომის დაწყება პოლიტიკურ რისკთანაა დაკავშირებული, ვინაიდან მრავალი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის შეერთებული შტატების ერთგულმა მოკავშირეებმა და მეგობარმა არაბულმა ქვეყნებმა, ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. რამსფელდმა დასძინა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ერაყთან ომის დაწყებაზე ლაპარაკი, ვინაიდან თეთრი სახლის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასობაში, გაეროში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ განიარაღების საერთაშორისო კომისიამ განაახლოს თავისი საქმიანობა ერაყში, რამაც, შესაძლოა, განმუხტოს დაძაბულობა ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის. თუმცა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა ოთხშაბათს სან-ფრანცისკოში, განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებით ერაყის პრობლემა ვერ მოგვარდება: [დიკ ჩეინის ხმა] ”საქმე ექსპერტებში როდია. ეს, თუ გნებავთ, მეორეხარისხოვანი საკითხია. საქმე ის არის, რომ სადამ ჰუსეინი ვალდებულია, მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია მოახდინოს, ხოლო განიარაღების ექსპერტები, უბრალოდ, ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ერაყის პრეზიდენტმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.”

ჩეინიმ განაცხადა, რომ დასავლეთში გახიზნულმა ერაყელმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ სადამ ჰუსეინი მართლაც განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას. დიკ ჩეინიმ ისიც თქვა, რომ თუ მსოფლიო თანამეგობრობა არ მიიღებს ქმედით ზომებს, სადამ ჰუსეინი, სულ მალე, ბირთვულ იარაღს შექმნის, რომლითაც არა მარტო თავის მეზობლებს, არამედ შეერთებულ შტატებსაც დაემუქრება.

პარასკევს, ვაშინგტონში, ”ერაყის ეროვნული კონგრესისა” და კიდევ ოთხი ოპოზიციური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა, ხსენებულმა ჯგუფებმა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ კოორდინირებული სამოქმედო პროგრამა უნდა შეიმუშავონ.

სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ისლამური სამყაროს ნებისმიერ სახელმწიფოში შეჭრა მარცხისთვისაა განწირული. ერისა და ახლო აღმოსავლეთის მთელი რეგიონისადმი სატელევიზიო მიმართვაში, ირან-ერაყის ომის დამთავრების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, სადამ ჰუსეინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ აშინებს არავითარი მუქარა, და რომ მისი ქვეყანა მზად არის, ნებისმიერი თავდასხმა მოიგერიოს.
XS
SM
MD
LG