Accessibility links

logo-print

პანკისის პრობლემატიკასთან დაკავშირებული მოსაზრებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი პანკისის პრობლემატიკა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პოლიტიკურ წრეებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. როგორც წესი, რუსეთში აცხადებენ,

რომ საქათველოს არ სურს საერთაშორისო ტერორიზმთან რეალური ბრძოლა, ქართულ პრესაში კი გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პანკისის პრობლემის დასაძლევი გეგემა არ აქვს და ცალკეული ნაბიჯები კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე კეთდება.

უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩენი მებრძოლის საკითხზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რუსეთის მხარისათვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. გენერალური პროკურორის მოადგილემ ვენედი ბენიძემ გაზეთ “რეზონანსს” განუცხადა, რომ თუ რუსეთიდან არგუმენტირებულ დოკუმენტაციას მიიღებენ, შესაძლოა ეს საკითხი განიხილონ და ჩეჩნები რუსულ მხარეს გადასცენ.

ასეთი პოზიციის გამო მეტისმეტად აღშფოთებულია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ მარგელოვი. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება საქმით არ დაამტკიცებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის, მაშინ ქვეყანა შეიძლება “გარიყულ სახელმწიფოთა “ რიცხვში აღმოჩნდეს.

მარგელოვის აზრით, კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნების შესახებ რაღაც დამატებითი ფაქტების მოთხოვნასთან დაკაშირებული გადაწყვეტილება მიიღო არა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, არამედ უმაღლესმა ხელისუფლებამ.

ეს მოსაზრებები გამოითქვა ინტერვიუში, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურორის, ვლადიმერ უსტინოვის ვიზიტს მიეძღვნა. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი” გვამცნობს, მარგელოვის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზემოქმედება განხორციელდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელია არ გაიზიარო გაზეთ “ხვალინდელი დღის” თვალსაზრისი, რომ მოსკოვი საკუთარ მიზნებს აღწევს და საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ შემოტრიალებას ახერხებს. ამ თვალსაზრისს, გარკვეულწილად, გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუც ადასტურებს. რესპონდენტის, ჩეჩენი მებრძოლის, ისა შამხალბეკოვის აზრით, ჩეჩენი მეომრების დაპატიმრება მეტყველებს იმას, რომ რუსეთმა ომში საქართველოც ჩაითრია და თავის სასარგებლოდ ამუშავებს.
“თუ საქართველომ ომი გამოგვიცხადა, ჩვენ მივიღებთ ამ წინადადებას. იძულებით, მაგრამ სხვა გზა აღარ გვექნება გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ,” – ამბობს ჩეჩენი მეომარი.

რა თქმა უნდა, ასეთ დაძაბულ ვითარებაში ნებისმიერი გაწონასწორებული პოზიცია სერიოზულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს. მაგალითად, სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტის დირექტორის სერგეი ოზნობიშჩევის აზრით, პანკისის პრობლემა ცივილიზებული გზით უნდა გადაჭრას, რაც, მისი თქმით, გარკვეულ დათმობებს უნდა გულისხმობდეს კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულ სახელმწიფოთა მხრიდან.

ექსპერტმა ინტერნეტგაზეთ “სტრანას” განუცხადა, რომ საქართველომაც უნდა დათმოს თავისი პრინციპები, რუსეთი კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში და არც მის ტერიტორიაზე შევიდეს, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა.

სერგეი ოზნობიშჩევის თქმით, წარსულისაგან განსხვავებით, დამაიმედებლად მოჩანს ის გარემოება, რომ პანკისში არსებული ვითარების მოგვარება მიმდინარეობს არა ორმხრივ – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საფუძველზე, არამედ შეერთებულ შტატებთან ერთად.

“პანკისის თემაზე უკვე მიდის დიალოგი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. საქართველოც მონაწილეობს მასში, ანუ, ეს უფრო მეტია, ვიდრე დიალოგი”, - ამბობს რუსი ექსპერტი.
XS
SM
MD
LG