Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაცია – გაეროს ბავშვთა ფონდის ქველმოქმედება საქართველოში – კრიტიკის თანხლებით


რა დონეზეა მართავადი ინფექციების კონტროლი საქართველოში და რამდენად საფუძვლიანია აჟიოტაჟი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა?

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე განმარტავს, ვაქცინაციის ახალი ანტიპროპაგანდისტული ტალღა, ძველებს რუსული მასმედიის გავლენით წააგავს, სხვა მხრივ კი, ნებისმიერი კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორს უდავო დამსახურებად უნდა ჩაეთვალოს ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის იმუნიზაციის გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა და დიდი ეპიდ-აფეთქებების თავიდან აცილება შეძლო.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქართველი ექიმების რუსულ გავლენაში გულისხმობს რუსეთში კარგად ცნობილი ვირუსოლოგის, გალინა ჩერვონსკაიას პუბლიკაციებს ვაქცინაციის მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც პრინციპში რეალური პრობლემის მხოლოდ ერთი და არცთუ მნიშვნელოვანი მხარეა, რადგან პოლემიკა საქართველოში ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხზე კი არა, ქვეყანაში გაეროს ბავშთა ფონდის მიერ შემოტანილი ვაქცინების ხარისხიანობის საკითხზე მიმდინარეობს. საკითხს ოპონენტები ზედმეტად მარტივადაც კი სვამენ, – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორ წლამდე ასაკის ბავშვების ასაცრელად მასობრივი მოხმარების მიზნით შემოტანილი უფასო ვაქცინა არ შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს ქვეყანაში არასახელმწიფო არხებით, არამასობრივი მოხმარებისთვის შემოტანილ ძვირადღირებულ ვაქცინასთან.
[ქეთევან ნემსაძის ხმა] “ აბსოლუტური პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს ყველა ექიმმა, ვაქცინები, რომლებიც შემოტანილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, არის დამზადებული ეგრეთ წოდებული კარგი მანუფაქტურული პორდუქტის ნიშნით და ის აბსოლუტურად იდენტურია ნებისმიერ სხვა ვაქცინასთან, აქვს ყველას დამმზადებლის ნიშანი... არ არის დაფიქსირებული არც ერთი სერიოზული გართულება, ერთადერთ ბავშვზე იყო ეჭვი და არ დადასტურდა, რომ იყო ეს ვაქცინაციის გართულება”.
პედიატრ ქეთევან ნემსაძის ნათქვამს დავსძენთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი ვაქცინები სერტიფიცირებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და მთელს მსოფლიოში ვრცელდება. უშუალოდ საქართველოსთვის გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 117 237 დოლარის ღირებულების სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგო 131 870 ამპულა ინექციას ყიდულობს. აქ თითქოს მთავრდება კიდეც გაეროს ბავშვთა ფონდის პასუხისმგებლობა ქვეყნის მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ადმინისტრირების მთელი სირთულე ქართულ მხარეზე გადადის. როგორც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე, გაეროს მიერ ვაქცინაციაზე მონიტორინგის პროცესში საქართველოში პრაქტიკულად სერიოზული სახის არც ერთი დარღვევა არ გამოვლენილა. ამის მიუხედავად, ანტივაქცინაციური განწყობა გაეროს ბავშვთა ფონდის ქველმოქმედების მიმართ საგრძნობია და როგორც ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანები ვარაუდობენ, აქ საქმე უფრო კომერციულ დაკვეთასთან უნდა გვქონდეს, ვიდრე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი წამლების რეალურ უხარისხობასთან.
XS
SM
MD
LG